ავტორი:

"რას მალავს სოსო პავლიაშვილი? მკვლელობის ბრალდება, მილიონობით ვალი და "ათასობით" საყვარელი" - რუსული მედიის სკანდალური სტატია მომღერალზე

"რას მალავს სოსო პავლიაშვილი? მკვლელობის ბრალდება, მილიონობით ვალი და "ათასობით" საყვარელი" - რუსული მედიის სკანდალური სტატია მომღერალზე

რუსული მედია სოსო პავლიაშვილის შესახებ ხშირად წერს და მისი ცხოვრების ყველაზე ხმაურიან ეპიზოდებზე საუბრისას განსაკუთრებით სკანდალურ სათაურებსაც არ ერიდება. ამჯერად ერთ-ერთმა გამოცემამ მომღერლის შესახებ მასალა სათაურით გამოაქვეყნა: „დაქირავებული მკვლელი სიძე, ათასობით საყვარელი და მილიონობით ვალი: რას მალავს რომანტიკული მომღერალი სოსო პავლიაშვილი“.

სტატიაში პავლიაშვილის სცენური იმიჯის მიღმა დარჩენილ ისტორიებზეა საუბარი - ჯანმრთელობის მძიმე პერიოდზე, პირად ცხოვრებაზე, ოჯახურ ურთიერთობებზე, თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებულ ხმაურიან საქმეზე, პოლიტიკურ შეხედულებებსა და ფინანსურ პრობლემებზე.

სტატია მისი ბიოგრაფიული ცნობებით იწყება, მაგრამ მისი ბავშვობითა და გზა რუსეთამდე დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ, რადგან ამაზე უამრავჯერ დაწერილა, ამჯერად მის პირად ცხოვრებას და სკანდალებზე მოგიყვებით.

"ათასი ქალი" და დანგრეული ოჯახი

ახალგაზრდობაში პავლიაშვილის გარშემო სასიყვარულო ისტორიები არ წყდებოდა. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თავად მომღერალმა ხუმრობით თქვა, რომ მის ცხოვრებაში არანაკლებ ათასი რომანი ყოფილა. თუმცა, როგორც თავადვე აღნიშნავდა, ნამდვილად ღრმა გრძნობები მხოლოდ რამდენიმე ქალთან აკავშირებდა.

მისი პირველი ოფიციალური მეუღლე ნინო უჩანეიშვილი გახდა, რომელსაც ჯერ კიდევ კონსერვატორიის წლებში შეხვდა. ნინო პავლიაშვილს ჯარში ყოფნის დროს ელოდებოდა, წერილებს უგზავნიდა და დემობილიზაციის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. 1987 წელს წყვილს ვაჟი, ლევანი, შეეძინა.

თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლამ და საქართველოში განვითარებულმა მძიმე მოვლენებმა სოსოს მოსკოვში სამუშაოს ძებნა აიძულა, ნინო კი თბილისში დარჩა, მძიმედ დაავადებულ დედასთან.

ორ ქალაქში ცხოვრება ოჯახისთვის მძიმე აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდში პავლიაშვილის ცხოვრებაში ახალი გატაცებები და აქტიური გასტროლები დაიწყო. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მის შემოქმედებით თანამშრომლობას ირინა პონაროვსკაიასთან, რომელთანაც, როგორც გამოცემა წერს, მომღერალს თბილი და ღრმა ურთიერთობა აკავშირებდა.

როდესაც ლევანი 15 წლის გახდა, პავლიაშვილისა და ნინოს ქორწინება საბოლოოდ დასრულდა.

მომღერალმა, რომელსაც ეშინოდა, რომ მისი შვილი ცუდ გარემოცვაში აღმოჩნდებოდა, ლევანი მოსკოვში წაიყვანა და სუვოროვის სამხედრო სასწავლებელში მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ლევანს სცენაზე გამოსვლა სურდა, მამამ პრაქტიკული პროფესიის არჩევა დაჟინებით მოსთხოვა.

დღეს ლევანი, გამოცემის ცნობით, ოჯახურ სარესტორნო ბიზნესში წარმატებული მმართველი და მამის მთავარი დასაყრდენია.

წინასწარმეტყველება, მძიმე დაავადება და 16 წლის გოგონა

არტისტის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი 1996 წელს დაიწყო. თბილისში საშინელი ავტოავარია მოხდა - მანქანა, რომელშიც პავლიაშვილი იმყოფებოდა, დიდი სიჩქარით დაბრკოლებას შეეჯახა. საჭესთან მისი მეგობარი იჯდა, რომელიც ნასვამი იყო. სოსომ თავის ძლიერი ტრავმა მიიღო, გონება დაკარგა და გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში გაატარა. მოგვიანებით მომღერალს პოსტტრავმული ეპილეფსიის ღამის შეტევები დაეწყო.

ეს მძიმე პერიოდი წლების განმავლობაში გაგრძელდა. შეტევები ღამით ემართებოდა, დილით კი დაბნეული იღვიძებდა და ზოგჯერ ვეღარ ხვდებოდა, ვინ იყო და სად იმყოფებოდა. კონცერტები იშლებოდა, მეგობრები შორდებოდნენ, მომღერალმა ნაქირავებ ბინაში გადასვლა გადაწყვიტა და თანდათან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ექიმები თავის ქალის ტრეპანაციას სთავაზობდნენ, თუმცა პავლიაშვილი ოპერაციაზე უარს ამბობდა.

სწორედ ამ მძიმე პერიოდში მის ცხოვრებაში 16 წლის ირინა პატლახი გამოჩნდა. გოგონა იმ სტუდიაში მივიდა, სადაც სოსო ხშირად იმყოფებოდა. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა მომღერალს თავიდან აფრთხობდა და, სტატიის მიხედვით, მათი ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ თბილი და პლატონური იყო.

როდესაც ირინა სრულწლოვანი გახდა, ერთად ცხოვრება დაიწყეს. პავლიაშვილი მიიჩნევს, რომ ირინამ თავისი ზრუნვითა და მხარდაჭერით ფაქტობრივად გადაარჩინა.

2004 წელს, მათი პირველი ქალიშვილის, ლიზას დაბადების შემდეგ, მომღერლის ეპილეფსიური შეტევები შეწყდა. თავად პავლიაშვილი ამას უმაღლესი ძალის წყალობად მიიჩნევს. 2008 წელს ირინამ მას მეორე ქალიშვილი, სანდრა, გაუჩინა. 2020 წლის ბოლოს წყვილმა ეკლესიაში ჯვარი დაიწერა.

მკვლელობის სკანდალი და რეპუტაციაზე დარჩენილი ლაქა

პავლიაშვილისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდა სცენაზე კი არა, სასამართლოსთან დაკავშირებულ ისტორიაში აღმოჩნდა. 2012 წლის ნოემბერში თბილისში ცნობილი ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილი მოკლეს. ის მომღერლის ძველი მეგობარი და თანაქალაქელი იყო. თავდაპირველად მომხდარი ჩვეულებრივ კრიმინალურ შემთხვევას ჰგავდა, თუმცა გამოძიებამ ვახტანგ ჩხაპელიას მიაგნო, რომელიც პავლიაშვილის სიძე იყო. მედიაში სკანდალი მალევე აგორდა.

ჩხაპელიამ გამოძიებას განუცხადა, რომ ადუაშვილს, სავარაუდოდ, სოსოსთვის დიდი თანხა ჰქონდა ვალი და ერთობლივ საქმიანობაში მას სისტემატურად ატყუებდა. მისი თქმით, მათ ბიზნესმენის მხოლოდ შეშინება სურდათ.

ვახტანგ ჩხაპელია

მოკლული ბიზნესმენის ოჯახმა კი მომღერალი მკვლელობის შეკვეთის ორგანიზებაში დაადანაშაულა.

პავლიაშვილი ბრალდებებს საჯაროდ უარყოფდა. მისი თქმით, ის მეგობრის გარდაცვალებას ძალიან განიცდიდა და მისი სახელის ამ საქმეში ხსენება პოლიტიკური თამაშებისა და მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილი იყო.

გამოძიებამ საქმის მასალები შეისწავლა, თუმცა პავლიაშვილის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები არ აღმოჩნდა. საბოლოოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჩხაპელიამ აიღო, თუმცა ამ საქმესთან დაკავშირებული ხმაური და ეჭვები პავლიაშვილის სახელის გარშემო კიდევ დიდხანს გაგრძელდა.

ერთადერთი კომენტარი ამ თემაზე მომღერალმა 2013 წელს რუსულ მედიასთან გააკეთა:

ის საკუთარი მეგობრის, ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ტელეკომპანია НТВ-ს გადაცემა Ты не поверишь!-ში პირველად ალაპარაკდა. ბიზნესმენის ნათესავებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ადუაშვილის მკვლელობა პავლიაშვილმა დაუკვეთა.

"ის წყნარი ადამიანი იყო, 15-20 წლის განმავლობაში წამალზე იჯდა. იგი (ვახტანგ ჩხაპელია) ამბობს, რომ მისი ცემა სურდა და არა მოკვლა. ვიღაცამ ამით ისარგებლა და მახე დაუგო", - ამბობს პავლიაშვილი გადაცემა Ты не поверишь!-ში.

მომღერლის თქმით, გარდაცვლილის ნათესავები "დაამუშავეს".

"ისინი ამბობდნენ, რომ სოსოს ავთოსთან ერთად ნავთობისა და გაზის ბიზნესი ჰქონდა და არა მხოლოდ ნავთობისა და გაზის, ასევე ხორცისა და ცემენტის. ჩვენ საერთო ბიზნესი გვქონდა. მე დამოუკიდებლად ბიზნესი არ მქონია. მე რომ საკუთარი ბიზნესი მქონდეს, ნუთუ თვეში 25-30 საკონცერტო გამოსვლა დამჭირდებოდა? 15 თვითმფრინავის გამოცვლა თვეში - ეს რაში მჭირდება?

მოკლულის ახლობლებმა ყველაფერი ისე მოატრიალეს, თითქოს მე მათი ვალიც მაქვს. ძალიან ბევრი მომენტი იყო, როდესაც მათ ჩემგან კონკრეტულად ფული სურდათ", - განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.

სამშობლოსგან დაშორება და ფინანსური პრობლემები

რთული აღმოჩნდა პავლიაშვილის ურთიერთობაც საქართველოსთან. სტატიის მიხედვით, მისი პოლიტიკური შეხედულებები და კრემლის პოლიტიკის მიმართ საჯარო მხარდაჭერა საქართველოში მკვეთრად უარყოფითად აღიქმებოდა.

2008 წლის ომისა და შემდგომი გეოპოლიტიკური მოვლენების შესახებ მისი პოზიციების გამო მას პრესა „ფესვების დაკარგვაში“ ადანაშაულებდა. ყირიმსა და დონბასში კონცერტების შემდეგ პავლიაშვილი სანქცირებულთა სიებშიც აღმოჩნდა.

თავად მომღერალი კი ამბობდა, რომ თავისი სამშობლოსთვის ყოველთვის სიკეთე სურდა და იმ მაყურებლების ღალატს არ აპირებდა, რომლებმაც, მისი თქმით, მას ყველაფერი მისცეს.

პავლიაშვილის ფინანსური პრობლემებიც შეეხო.

2023 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიას, რომელიც მისი მასშტაბური კონცერტების ორგანიზებით იყო დაკავებული, სასამართლო დავები და 15 მილიონ რუბლზე მეტი ოდენობის ვალი დაუგროვდა. თავად სოსო კომპანიის მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაემიჯნა და განაცხადა, რომ ის მხოლოდ ინვესტორია და კომპანიის დირექტორი არ არის.