ავტორი:

შოკისმომგვრელი აღმოჩენა აშშ-მექსიკის კედელთან - სასაზღვრო პატრულმა სატვირთოში ჩატენილი 31 მიგრანტი იპოვა, ისინი ამერიკაში არალეგალურად შეღწევას ცდილობდნენ

შოკისმომგვრელი აღმოჩენა აშშ-მექსიკის კედელთან - სასაზღვრო პატრულმა სატვირთოში ჩატენილი 31 მიგრანტი იპოვა, ისინი ამერიკაში არალეგალურად შეღწევას ცდილობდნენ

აშშ-ის სასაზღვრო პატრულის თანამშრომლებმა კალიფორნიის უდაბნოში, აშშ-მექსიკის საზღვართან ახლოს, მოდიფიცირებულ სატვირთო ავტომობილში ჩატენილი 31 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს.

კალიფორნიის შტატის იმპერიალის ოლქის მცირე დასახლება ოკოტილიოსთან, აშშ-მექსიკის საზღვართან ახლოს, სასაზღვრო პატრულის აგენტებმა არალეგალური ფაქტი გამოავლინეს. აშშ-ის სასაზღვრო პატრულის ელ სენტროს სექტორის ცნობით, კონტრაბანდისტებმა 31 არალეგალი მიგრანტი მოდიფიცირებულ სატვირთო ავტომობილში ტვირთივით ჩატენეს და უდაბნოს გაუსაძლის სიცხეში გადაჰყავდათ.

სავარაუდო მძღოლმა ადგილზე დარჩენა და განმარტებების მიცემა არ ისურვა. როდესაც აგენტებმა ჯგუფი დააკავეს, მძღოლმა ავტომობილი მიატოვა და საზღვრის გადაკვეთით მექსიკის ტერიტორიაზე გაიქცა. თუმცა მექსიკელმა სამართალდამცველებმა იგი მალევე დააკავეს.

“როგორც ჩანს, ეგონა, რომ საზღვარი ფინიშის ხაზი იყო, თუმცა საჭის ციხის საკანზე გაცვლა მოუწევს“, - აღნიშნეს სასაზღვრო პატრულში.

არალეგალური გადაყვანის ეს მცდელობა სამხრეთ კალიფორნიის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და საშიშ რეგიონში განხორციელდა. ელ სენტროს სექტორი აკონტროლებს საერთაშორისო საზღვრის დაახლოებით 70-მილის მონაკვეთს იმპერიალის ხეობაში, სადაც პატრულირება უდაბნოში, მთიან და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე მიმდინარეობს. უდაბნოს ზოგიერთ ნაწილში ზაფხულის ტემპერატურა ხშირად 120 გრადუს ფარენჰეიტს (დაახლოებით 49°C) აჭარბებს, რაც სასიკვდილო საფრთხეს უქმნის როგორც მიგრანტებს, ასევე მათ საძებნად გამოსულ აგენტებს.

სატვირთოს აღმოჩენა იმ ფონზე მოხდა, როდესაც სამხრეთ საზღვარზე დაკავებულთა საერთო რაოდენობა წინა წლებთან შედარებით მკვეთრად შემცირდა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მონაცემებით, დღეში საშუალოდ 258-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, კონტრაბანდისტები და მიგრანტები მაინც ცდილობენ კალიფორნიაში სახიფათო მარშრუტებით შეღწევას.

ეს არ არის პირველი შემთხვევა: 29 ივლისს სან-კლემენტეს კუნძულის დასავლეთით მცირე გემზე 21 მიგრანტი დააკავეს. ხოლო აგვისტოში აგენტებს 25 წლის მექსიკელი მამაკაცის გადარჩენა დასჭირდათ, რომელიც ხაკუმბას მთებში ორი დღის განმავლობაში იყო დაკარგული და წყლის ამოწურვის შემდეგ SOS სიგნალი გააგზავნა.

წყარო

იხილეთ ასევე: