ავტორი:

NASA-ს ხომალდმა მთვარეზე ახალი, გიგანტური კრატერი აღმოაჩინა, რომელიც შეჯახების შედეგად წარმოიქმნა - რა დახვდათ მეცნიერებს ადგილზე?

NASA-ს ხომალდმა მთვარეზე ახალი, გიგანტური კრატერი აღმოაჩინა, რომელიც შეჯახების შედეგად წარმოიქმნა - რა დახვდათ მეცნიერებს ადგილზე?

მეცნიერებმა მთვარეზე გიგანტური კრატერი აღმოაჩინეს, რომელიც რომის კოლიზეუმზე დიდია. იგი ორი წლის წინ, ასტეროიდის ან კომეტის ფრაგმენტის დაჯახების შედეგად წარმოიქმნა, თუმცა მისი დაფიქსირება მხოლოდ ახლახან გახდა შესაძლებელი.

  • მთვარის ხილვად მხარეს წარმოქმნილი ჩაღრმავება დაახლოებით 222 მეტრის სიგანისაა და 43 მეტრამდე სიღრმეს აღწევს. მკვლევართა განცხადებით, ეს არის მზის სისტემაში ბოლო პერიოდში წარმოქმნილი ყველაზე დიდი ცნობილი დარტყმითი კრატერი.

მეცნიერთა შეფასებით, ასეთი მასშტაბის შეჯახება საშუალოდ 132 წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება.

“ეს მოვლენა სტატისტიკურად იშვიათი, ფაქტობრივად, სიცოცხლეში ერთხელ დაკვირვებადი შემთხვევაა“, - აღნიშნავენ მკვლევრები ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. აღნიშნული აღმოჩენა უდიდეს სამეცნიერო ღირებულებას ატარებს იმ ფონზე, როდესაც NASA მთვარეზე ასტრონავტებისთვის ბაზის აშენებას გეგმავს.

  • როგორ გამორჩათ ასტრონომებს გიგანტური შეჯახება?

NASA-ს ორბიტალურმა აპარატმა (Lunar Reconnaissance Orbiter — LRO) კრატერი 2024 წლის მაისში დააფიქსირა, შეჯახებიდან მალევე. თუმცა, დედამიწასა და კოსმოსში არსებულმა ტელესკოპებმა რეალურ დროში ამ შეჯახების დაფიქსირება ვერ შეძლეს.

მონაცემთა სიმრავლის გამო, LRO-ს ფართოკუთხიანი კამერის მიერ გადაღებული კადრები მხოლოდ 2025 წლის აგვისტოში გამოავლინეს. გასულ შემოდგომაზე კოსმოსურმა აპარატმა უფრო დეტალური ფოტოები გადაიღო, ხოლო აღმოჩენა ოფიციალურად მიმდინარე წლის დასაწყისში დადასტურდა.

ახალ კრატერს “მაკგეჩინის კრატერი“ (McGetchin crater) უწოდეს, ჰიუსტონის მთვარისა და პლანეტარული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, თომას მაკგეჩინის პატივსაცემად. იგი სამჯერ აღემატება წინა რეკორდსმენ კრატერს, რომელიც LRO-მ ათი წლის წინ აღმოაჩინა.

ძლიერი შეჯახების შედეგად მთვარის ზედაპირი დაახლოებით 106 კილომეტრზე შეირყა. მტვერი და ქანები მოსალოდნელზე უფრო მაღალი კუთხით გაიფანტა. გარდა ამისა, კრატერის ირგვლივ დაახლოებით 6.4 კმ-ის რადიუსში ცივი ზონა დაფიქსირდა, რაც მთვარის ზედა ფენის გაფხვიერებაზე მიუთითებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) მკვლევარმა დევიდ პეიჯმა ეს პროცესი ბაღის დამუშავებას შეადარა: “ჩვენ შეჯახებებს განვიხილავთ, როგორც რეგოლითის (მთვარის ნიადაგის) დამუშავების საშუალებას - ის ურევს დანალექებს და ზედაპირზე ამოაქვს ის, რაც ჩვეულებრივ სიღრმეშია მოქცეული“.

LRO-ს მიერ 2009 წლიდან განხორციელებული დაკვირვებები მოწმობს, რომ ამოტყორცნილი მასალის გამო მთვარის ნიადაგის ზედა ფენა ყოველ 80 000 წელიწადში ერთხელ სრულიად ახლდება, რაც იმაზე სწრაფი ტემპია, ვიდრე მანამდე მიიჩნეოდა.

წყარო

იხილეთ ასევე: