ბოლივიის ტყეებში აღმოჩენილი ლაქებიანი გარეული კატა, რომელიც წლების განმავლობაში შინაურ კატაში ან სხვა ცნობილ სახეობებში ერეოდათ, მეცნიერებმა სრულიად ახალ სახეობად ცნეს. ამ დროისთვის ამ სახეობის ერთადერთი ცნობილი ცოცხალი წარმომადგენელი ბოლივიის ველური ბუნების თავშესაფარში ბინადრობს.

პატარა ზომის კატა, რომელიც ზომით შინაური კატის ტოლია, დიდხანს რჩებოდა ყურადღების მიღმა იმის გამო, რომ მსგავსი ლაქებითა და ზოლებით სხვა გარეულ კატებს ძალიან ჰგავდა. თუმცა დნმ-ის ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი სრულიად ცალკეულ სახეობას მიეკუთვნება.
მეცნიერები 10 წლის კატის, მეტსახელად “ტიგრინოს“ წყალობით გავიდნენ აღმოჩენის კვალზე. ბოლივიელმა მკვლევარმა, დოქტორმა პაოლა ნოგალეს-ასკარუნსმა თავშესაფარში მოხალისედ მუშაობისას შეამჩნია, რომ კატას უჩვეულო გარეგნობა ჰქონდა. იგი ადგილობრივმა მცხოვრებმა ტყეში იპოვა და თავდაპირველად შინაური კნუტი ეგონა, თუმცა ზრდასთან ერთად ნათელი გახდა, რომ მისი ქცევა შინაური ცხოველისას სრულიად არ ჰგავდა. დოქტორ ნოგალეს-ასკარუნსს მანამდეც სმენოდა ქვეყნის იუნგასის რეგიონის უღრან ტყეებში პატარა გარეული კატების დაფიქსირების შესახებ.

საიდუმლოს ამოხსნისთვის ბოლივიელი მკვლევარი მთელი მსოფლიოს მეცნიერებთან გაერთიანდა და ცოცხალი ცხოველებისა თუ მუზეუმის ექსპონატების დნმ-ის შესწავლა დაიწყო. ბრაზილიის რიუ-გრანდი-დუ-სულის პონტიფიკური კათოლიკური უნივერსიტეტის გენეტიკოსმა ედუარდო ეიზირაკმა აღნიშნა, რომ ამ ცხოველზე იმდენად ცოტა ჩანაწერი და ფოტო არსებობდა, რომ იგი უბრალოდ იმალებოდა და მას არავინ ეძებდა.
ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ “ვეფხვისებრი კატების“ ჯგუფში სამის ნაცვლად ხუთი სახეობა არსებობს, მათ შორის ბოლივიაში ახლად აღწერილი ტიკაიას კატა (Leopardus tilcayo). დოქტორ კეროლაინ სარტორის თქმით, ეს აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან შეუძლებელია დაიცვა სახეობა, თუ არ იცი, რა არის იგი ან სად ბინადრობს.
ახალი აღმოჩენის შედეგად კატისებრთა ბიოლოგიურ ოჯახში ცნობილი სახეობების რაოდენობა 41-დან 44-მდე ან 45-მდე გაიზარდა.
იხილეთ ასევე: