ავტორი:

რას აცხადებენ იაშვილის სახელობის საავადმყოფოში, სადაც ინტოქსიკაციის ნიშნებით სხვადასხვა ბაგა-ბაღიდან გადაყვანილი ბავშვების ნაწილი მკურნალობს?

რას აცხადებენ იაშვილის სახელობის საავადმყოფოში, სადაც ინტოქსიკაციის ნიშნებით სხვადასხვა ბაგა-ბაღიდან გადაყვანილი  ბავშვების ნაწილი მკურნალობს?

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, სხვადასხვა ბაგა-ბაღიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით 11 ბავშვი შეიყვანეს, საიდანაც 4 დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, 7 პაციენტი კი სტაციონარში რჩება.

სოფიო ცერცვაძის თქმით, ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

"გუშინ საღამოდან ჰოსპიტალს 11-მა პაციენტმა მომართა. პაციენტებს აღენიშნებოდათ გულისრევა და მუცლის ტკივილი.

ყველა პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. 4 პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, 7 პაციენტი კი ამ ეტაპზე სტაციონარში რჩება.

ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მიმდინარეობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკაში დაკვირვება“,- აღნიშნა სოფიო ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

"ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.

იხილეთ, ასევე: