ავტორი:

"ეს პირები შემთხვევისთანავე ჩამოშორდნენ ნაკრებს" - რას აცხადებენ საქართველოს კერლინგის ეროვნულ ფედერაციაში შოტლანდიაში გაუპატიურებაში ბრალდებულ ყოფილ წევრებზე

"ეს პირები შემთხვევისთანავე ჩამოშორდნენ  ნაკრებს"  - რას აცხადებენ საქართველოს კერლინგის ეროვნულ ფედერაციაში შოტლანდიაში გაუპატიურებაში ბრალდებულ ყოფილ წევრებზე

შოტლანდიის პოლიციამ ძებნა გამოაცხადა საქართველოს კერლინგის ნაკრების ორ ყოფილ წევრზე და როგორც ბრიტანული მედია წერს, მათ ბრალად ედებათ გაუპატიურება. სავარაუდო დანაშაულები, რომლებსაც სამართალდამცველები ქართველ სპორტსმენებს ედავებიან, 2024 წელს მოხდა.

  • აღნიშნულ ინფორმაციას ეხმიანებიან საქართველოს კერლინგის ეროვნულ ფედერაციაში. როგორც კერლინგის ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაციის მენეჯერი, ირაკლი ხეჩუაშვილი აცხადებს, ინციდენტები "კერლინგის ჩემპიონატის ფარგლებს გარეთ მოხდა, ხოლო ინციდენტში მონაწილე პირები შემთხვევისთანავე ჩამოშორდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს".

"იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ინციდენტი კერლინგის ჩემპიონატის ფარგლებს გარეთ მოხდა 2024 წელს, მას საქართველოს კერლინგის ეროვნული ფედერაციის რეპუტაციაზე მსოფლიო კერლინგის ფედერაციაში უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.

ინციდენტში მონაწილე პირები შემთხვევისთანავე ჩამოშორდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მას შემდეგ მათ არც საქართველოს კერლინგის ეროვნულ ნაკრებთან და არც საქართველოს კერლინგის ეროვნულ ფედერაციასთან რაიმე სახის კავშირი აღარ აქვთ.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ეროვნული გუნდი სრულიად ახალი მოთამაშეებით დაკომპლექტდა. განახლებულმა შემადგენლობამ მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებას მიაღწია და საქართველოს კერლინგის ისტორიაში პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში.

გარდა ამისა, საქართველოს კერლინგის ეროვნული ფედერაციისადმი საერთაშორისო ნდობასა და თანამშრომლობაზე მიუთითებს ისიც, რომ მსოფლიო კერლინგის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინასაკვალიფიკაციო ტურნირი, რომელიც ოლიმპიური პროგრამის ნაწილია, საქართველოში, კერძოდ ქალაქ ბათუმში გაიმართება. წინასწარი მონაცემებით, ტურნირში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 25 ქვეყნის 400–500 სპორტსმენი და ოფიციალური პირი", - აცხადებს ირაკლი ხეჩუაშვილი.