ფლორიდაში, 17-წლიან ქორწინებაში მყოფი წყვილი სასეირნოდ, ხელჩაკიდებული მიდიოდა, როდესაც მათ ელვამ დაარტყა. 43 წლის ქალისა და 48 წლის მამაკაცი გამვლელებმა გადაარჩინეს, რომლებმაც დაშავებულს პირველი დახმარება მომენტალურად აღმოუჩინეს.

48 წლის აარონ ვალენგა და მისი 43 წლის მეუღლე, კლერ ვალენგა, ცენტრალურ ფლორიდაში, West Orange Trail-ის ბილიკზე სეირნობდნენ. მანამდე წყვილმა სამი შვილი ადგილობრივ ეკლესიაში დატოვა. სწორედ სეირნობისას დაარტყა მათ ელვამ.
აარონ ვალენგას თქმით, დარტყმის შემდეგ იგი უძლიერეს ტკივილს გრძნობდა და ფეხზე წამოდგომას ვერ ახერხებდა.
“მინდოდა კლერთან მივსულიყავი, მაგრამ უბრალოდ ვერ ვდგებოდი, სხეულს ვერ ვამოძრავებდი და გაუსაძლისი ტკივილი მქონდა“, - იხსენებს მამაკაცი.

საბედნიეროდ, იმავე ბილიკზე ადგილობრივი სარბენი კლუბის ოთხი წევრი იმყოფებოდა. შარლოტ სეჩეტი ვეიანდმა და ამბერ მაკმანუსმა სასწრაფოდ დარეკეს 911-ში, ხოლო მაიკლ ვეიანდმა შეამჩნია, რომ კლერ ვალენგას კანი ლურჯი ფერის გახდა და იგი არ სუნთქავდა.
“ჩემს ცხოვრებაში ასეთი ფერის ადამიანი არასდროს მინახავს. შევამოწმე, სუნთქავდა თუ არა. იგი არ სუნთქავდა. ინსტინქტურად დავიწყე გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) ჩატარება, თუმცა ეს ისეთი რამ არ არის, რასაც ყოველდღე ვაკეთებ. ჩემს ცხოვრებაში CPR პირველად ჩავატარე, თუმცა იმ მომენტში ვიცოდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა“, - განაცხადა მაიკლმა.
რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად კლერმა ღრმად ჩაისუნთქა. ორივე დაშავებული სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლერს ტვინის შერყევა აღენიშნებოდა, ხოლო აარონს სახეზე დაჟეჟილობები ჰქონდა.

წყვილმა სიცოცხლის გადარჩენისთვის მაშველებს უდიდესი მადლობა გადაუხადა.
“იმდენი სასწაულის მოწმე გავხდით... კლერის სიცოცხლეში დაბრუნებიდან დაწყებული, იმით დამთავრებული, რომ ოთხივე სწორედ იმ დროს იმყოფებოდით იმ ბილიკზე“, - აღნიშნა აარონმა.
დაშავებული ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანია შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც 65 000 დოლარზე მეტი შეგროვდა. ახლობლების თქმით, წყვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, წლის განმავლობაში ადამიანისთვის მეხის დაცემის შანსი მილიონში ერთზე ნაკლებია, ხოლო ელვის დაცემის შედეგად დაშავებულთა 90% ცოცხალი რჩება. მიუხედავად ამისა, ბოლო თვეებში ფლორიდაში მეხის დაცემის შედეგად რამდენიმე ფატალური შემთხვევაც დაფიქსირდა.
იხილეთ ასევე: