ავტორი:

3 წლის ბიჭი აგრესიული კიბოსგან სრულად განიკურნა ახალი, ექსპერიმენტული მკურნალობის შემდეგ - სასწაული თუ სამედიცინო გარღვევა: რას მოიცავს ინოვაციური თერაპია

3 წლის ბიჭი აგრესიული კიბოსგან სრულად განიკურნა ახალი, ექსპერიმენტული მკურნალობის შემდეგ - სასწაული თუ სამედიცინო გარღვევა: რას მოიცავს ინოვაციური თერაპია

ამერიკელმა ექიმებმა ონკოლოგიურ მკურნალობაში უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. 3 წლის ბიჭუნა, რომელსაც ქიმიოთერაპიისადმი რეზისტენტული ღვიძლის კიბო ჰქონდა და მეტასტაზები ფილტვებსა და ძვლებშიც გადავიდა, ექსპერიმენტული უჯრედული თერაპიის სულ რაღაც ორი დოზის მიღების შემდეგ დაავადებისგან სრულად გათავისუფლდა.

პატარა პაციენტს ჰეპატობლასტომის - ბავშვთა ასაკში გავრცელებული ღვიძლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მას ღვიძლში დაახლოებით 11 × 9.6 × 7.1 სმ ზომის მასიური სიმსივნური წარმონაქმნი ჰქონდა.

ქიმიოთერაპიის მრავალჯერადი კურსისა და სიმსივნის ამოსაკვეთად ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის მიუხედავად, დაავადება მაინც დაბრუნდა. კიბომ მეტასტაზირება განიცადა ფილტვებში, ასევე არსებობდა ძვლებში გავრცელების ნიშნებიც.

  • ინოვაციური CAR T-უჯრედული თერაპია მყარი სიმსივნეების წინააღმდეგ

ექიმებმა გამოიყენეს ექსპერიმენტული CAR T-უჯრედული თერაპია. ამ მეთოდით პაციენტის თეთრი სისხლის უჯრედები (T-უჯრედები) აჰყავთ და გენეტიკურად გარდაქმნიან, რათა კიბოს უჯრედების მებრძოლებად იქცნენ.

აქამდე CAR T-თერაპია ეფექტურ შედეგებს ძირითადად სისხლის კიბოს (მაგალითად, ლეიკემიის ან ლიმფომის) მკურნალობისას აჩვენებდა. მისი გამოყენება მყარი სიმსივნეების წინააღმდეგ შეზღუდული იყო, რადგან ასეთი სიმსივნეები ქმნიან ქიმიურ ბარიერს, რომელიც იმუნურ უჯრედებს ანადგურებს და ბლოკავს.

Texas Children’s-ის, ბეილორის სამედიცინო კოლეჯისა და Seattle Children’s-ის მკვლევართა ჯგუფმა პაციენტზე ექსპერიმენტული GPC3-CAR მკურნალობა გამოიყენა. 8 კვირის განმავლობაში პატარა პაციენტმა მკურნალობის 2 დოზა მიიღო.

  • შედეგი შთამბეჭდავი აღმოჩნდა, მკურნალობის შემდეგ ბავშვის ორგანიზმში დაავადების არანაირი ნიშანი აღარ დარჩენილა. ერთი წლის შემდეგაც კი პაციენტს სრული რეგრესია აღენიშნება. ამ მიღწევის შესახებ კვლევის შედეგები ჟურნალ The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

ამჟამად GPC3-CAR მკურნალობის გამოცდა გრძელდება CARE კვლევის ფარგლებში, ბეილორის სამედიცინო კოლეჯში, რათა შეფასდეს ამ თერაპიის ეფექტურობა და უსაფრთხოება პედიატრიულ პაციენტებში, რომელთაც რეციდივული მყარი სიმსივნეები აღენიშნებათ.

წყარო

იხილეთ ასევე: