კენიის ელგონის მთის რეგიონში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ველური აფრიკული სპილოები თავიანთი და თავიანთი ოჯახის წევრების დასახმარებლად ათობით სხვადასხვა სამკურნალო მცენარეს იყენებენ. ადგილობრივ მოსახლეობასა და ექსპერტებთან ინტერვიუების საფუძველზე დადგინდა, რომ ცხოველები 35-ზე მეტ მცენარეს მოიხმარენ, რომელთაგან 25-ს ადგილობრივებიც სამკურნალო თვისებებით იცნობენ.
ელგონის მთის სპილოები მეცნიერების ყურადღებას დიდი ხანია იპყრობენ თავიანთი უნიკალური ქცევით - ისინი ცნობილნი არიან როგორც “მარილის მომპოვებელი სპილოები“, რადგან გამოქვაბულებში შედიან და ეშვებით კლდეებს ფხაჭნიან, რათა ორგანიზმისთვის საჭირო მინერალები მოიპოვონ. თუმცა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა მოწმობს, რომ ეს იგივე სპილოები ტყეში არსებულ სხვადასხვა მცენარეს სამკურნალო მიზნითაც იყენებენ.

აშშ-ის ბრაუნის უნივერსიტეტის წამყვანმა მკვლევარმა, დოქტორმა ელოდი ფრეიმანმა აღნიშნა, რომ ეს აღმოჩენა აჩენს კითხვას - ართმევს თუ არა ტყეების განადგურება ცხოველებსა და ადამიანებს იმ მედიკამენტებს, რომლებიც მათ არსებობისთვის სჭირდებათ.
“ეს აჩვენებს, თუ რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენი მედიცინა არაადამიანურ სამყაროსთან“, - განუცხადა დოქტორმა ფრეიმანმა BBC-ს.
კვლევა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან, Mount Elgon Foundation-თან თანამშრომლობით ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ მცველებსა და თემის უხუცესებს გამოჰკითხეს.
ადგილობრივების გადმოცემით, ავადმყოფობისას სპილოები კონკრეტულ მცენარეებს არჩევენ, ხოლო დედები სამკურნალო მცენარეულ მასალას თავიანთ პატარებს აძლევენ.

ერთ-ერთ ჩვენებაში ველური ბუნების მცველმა აღწერა, თუ როგორ იყენებდნენ სპილოები მცენარე Angurweet-ს, როგორც “წამალს პატარებისთვის“. Angurweet-ი ადგილობრივად მუცლის ტკივილისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. მცველის თქმით, სპილოს დედები ამ მცენარეს პირში იმუშავებენ, “ფოთლებს აცლიან და სხვა ხეების ფესვებთან ერთად ღეჭავენ, სანამ მასა არ დარბილდება“.
იაპონიის ნაგასაკის უნივერსიტეტის პრიმატოლოგმა, პროფესორმა მაიკლ ჰაფმანმა აღნიშნა, რომ ეს კონკრეტული ისტორია ძალიან საინტერესოა, თუმცა იმის დასამტკიცებლად, რომ სპილოები თავიანთ შვილებს მიზანმიმართულად მკურნალობენ, მეტი მტკიცებულებაა საჭირო. მეცნიერებმა უკვე დაიწყეს ამ მტკიცებულებების შეგროვება და ადგილობრივ ექსპერტებს კამერები გადასცეს, რათა ეს ქცევა ფირზე დააფიქსირონ.
სპილოების მიერ “თვითმკურნალობის“ პირველი სამეცნიერო ცნობები მე-3 საუკუნით თარიღდება. რომაელმა ავტორმა კლაუდიუს ელიანუსმა თავის ტექსტში De Natura Animalium აღწერა შუბებითა და ისრებით დაჭრილი სპილო, რომელმაც ზეთისხილის ხის ყვავილები და ზეთი შეჭამა, რის შემდეგაც სრულად გამოჯანმრთელდა.
იხილეთ ასევე: