ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ახლად რეაბილიტირებული ისტორიული მემკვიდრეობის დასათვალიერებლად, სპეციალურ ღონისძიებას ქვეყნის პირველი პირები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მისი განცხადებით 2016 წელს, ლევილის მამულის საქართველოს საკუთრებაში დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომელიც თანმიმდევრულად და პირნათლად შეასრულა.
“1922 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ სწორედ აქ შეიძინა მამული და ეროვნული კერა დააფუძნა. ლევილი გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის, თავისუფლებისა და ეროვნული იდეის უმთავრესი დასაყრდენი ევროპაში. აქ ცოცხლობდა პირველი რესპუბლიკის ხსოვნა, აქ ინახებოდა ჩვენი უახლესი ისტორია და ურყევი რწმენა იმისა, რომ საქართველო აუცილებლად დაიბრუნებდა ერთხელაც თავისუფლებას. განხორციელებული სამუშაოების შედეგად ისტორიულმა მამულმა სრულფასოვანი სიცოცხლე დაიბრუნა. შატოში მოეწყო პირველი რესპუბლიკისა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის მუზეუმი, ასევე - ნოე ჟორდანიას სამუშაო კაბინეტი. რაც მთავარია, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი - ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში. აქ უკვე ფუნქციონირებს ლევილის ქართული აკადემია, რომელიც უმასპინძლებს მკვლევრებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, სტუდენტებს როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. კომპლექსი მოიცავს ასევე საარქივო სივრცეს, ბიბლიოთეკას, მედიათეკასა და საკონფერენციო დარბაზს. განახლებულ პარკში გაშენებული ქართული ვენახი, ქვევრი და ტრადიციული ოდა აქ მოსულ სტუმრებს გააცნობს ჩვენს უნიკალურ ტრადიციებს და მრავალსაუკუნოვან ისტორიას.
ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა - მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა,“ - განაცხადა პრემიერმა.
მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფრანგ ხალხს და პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა.
“დღეიდან ლევილის ქართული მამული სრულად ფუნქციონირებს, როგორც ღია საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ცენტრი ჩვენი თანამემამულეებისთვის, დიასპორისთვისა და ყველასთვის, ვისაც სურს საქართველოს ისტორიისა და კულტურის ახლოს გაცნობა,“ - აღნიშნა კობახიძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და ლევილის მერი ერიკ ბრევი. პარლამენტის თავმჯდომარესთან, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, მამულის ტერიტორია, განახლებული შატო, ვენახები და ოდა დავათვალიერე.
იხილეთ ასევე: