"მინდა, მივმართო მაყურებელს" - რამაზ სვანაძის პირველი პრესკონფერენცია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში

"მინდა, მივმართო მაყურებელს" -  რამაზ სვანაძის პირველი პრესკონფერენცია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში

საქართველოს ეროვნული ნაკრები 28 სექტემბერს უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მედიის კითხვებს ოთარ კიტეიშვილთან ერთად უპასუხა.

  • მედიის წარმომადგენლებს ახალი მთავარი მწვრთნელი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა წარუდგინა და წარმატებები უსურვა. ეროვნული გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს კი მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.

"პირველ ყოვლისა, მსურს, ვილი სანიოლს გადავუხადო მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც მან ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა. ასევე იმისთვის, რომ პირადად მე ძალიან ხშირად მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ეროვნულ ნაკრებში, როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი. მერწმუნეთ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ასევე მინდა ფეხბურთის ფედერაციას გადავუხადო მადლობა იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ ყოველთვის იყო და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება. ეს ნდობა შემთხვევით არ მოსულა, რადგან ძალიან დიდი გზის გავლა დამჭირდა იმისთვის, რომ აქ ვყოფილიყავი. საფეხბურთო სამყაროში არსებობენ დიდი ფეხბურთელები, რომლებისთვისაც შედარებით მარტივია ამა თუ იმ პოზიციაზე მოხვედრა. ეს ყველამ ვიცით და ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება - ეს ნებისმიერ ქვეყანაში ასეა. პირადად მე, ძალიან რთული გზა გავიარე, დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან, შემდეგ ასაკობრივი ნაკრებები და დამთავრებული ორი ევროპის ჩემპიონატით.

უახლოეს მატჩებში ველოდები, რომ გვექნება სწორი რეაქცია და სწორი ემოცია იმ ყველაფერზე, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მოხდა. ვგულისხმობ იმას, რომ, სამწუხაროდ, პირველი თამაში მარცხით დავიწყეთ და ახლა ყველაფერი მიმართული იქნება ამის გამოსწორებისკენ.

რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ორი მწვრთნელი დღეს ჩემთან ერთად არის - გიორგი დეკანოსიძე, ჩემი ასისტენტი, და გონდო გოცირიძე. თუმცა, სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება ჯერ დასრულებული არ არის, რადგან ამ ეტაპზე თავიდან ბოლომდე მოახლოებულ თამაშებზე ვართ კონცენტრირებული. ჩემი სამწვრთნელო შტაბის მთავარი გეგმა იქნება სტაბილურობის მიღწევა - სტაბილურობის, რომელიც აისახება როგორც საფეხბურთო ხარისხში, ისე შედეგებში. ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი ამ წუთას სწორედ ეს არის - მივაღწიოთ სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული და ნაბიჯ-ნაბიჯ გასავლელი გზაა, თუმცა მჯერა, რომ სწორი მიდგომებისა და სწორად მუშაობის შემთხვევაში ეს ყველაფერი მიღწევადია.

  • ასევე, მინდა, მივმართო მაყურებელს - არაერთხელ, პირადად მიგრძნია მათი მხარდაჭერა. ვიცი, რამდენად რთულია ქართველისთვის იყოს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ეს არ არის იგივე მდგომარეობა, რაც აქვს, მაგალითად, უცხოელს, რომელიც სხვა ქვეყანაში მუშაობს. მაგრამ ასევე ვიცი, თუ რა შეუძლია ქართველ ქომაგს, როდესაც ის ერთიანია. ამიტომ, ხვალ იმ ერთიანობასა და მხარდაჭერას ველი. 11 წელია, ქართველი არ ყოფილა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მე ამით ამაყი ვარ, თუმცა, ამავე დროს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მინდა, რომ ამ საქმეში ყველანი ერთიანები ვიყოთ, ერთად ვიყოთ.

ყოველთვის იქნება ისეთი მომენტი, როდესაც სადღაც რაღაც გაგვიჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ყოფნისა და ერთიანობის პირობებში ეს ყველაფერი მიღწევადია და ჩვენ ისევ გავახარებთ ქომაგებს, როგორც მაშინ გავახარეთ, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით", - განაცხადა რამაზ სვანაძემ.

ასევე იხილეთ: