ავტორი:

"ვხედავდი საყვარელი ადამიანების ავადმყოფობას და თავს უმწეოდ ვგრძნობდი“ - ინტერვიუ კობა დავითაშვილის ვაჟთან, რომელიც გერმანიაში ნეიროქირურგი გახდა

"ვხედავდი საყვარელი ადამიანების ავადმყოფობას და თავს უმწეოდ ვგრძნობდი“ - ინტერვიუ კობა დავითაშვილის ვაჟთან, რომელიც გერმანიაში ნეიროქირურგი გახდა

2021 წელს, როდესაც Ambebi.ge თორნიკე დავითაშვილს ესაუბრა, ის გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში მედიცინას სწავლობდა და ჯერ კიდევ არჩევდა მომავალ სპეციალობას. მაშინ არ იცოდა, რა მიმართულებით გააგრძელებდა პროფესიულ გზას, თუმცა უკვე ნათლად ჰქონდა გააზრებული, რომ განათლების მიღება და ექიმად ჩამოყალიბება სურდა.

ხუთი წლის შემდეგ კობა დავითაშვილის ვაჟი გერმანიაში ნეიროქირურგიის მიმართულებით მუშაობს და სპეციალიზაციას გადის. მისთვის ეს მხოლოდ პროფესიული არჩევანი არ ყოფილა - როგორც თავად ამბობს, ბავშვობაში საყვარელი ადამიანების ავადმყოფობის ყურება და მათთვის დახმარების სურვილი ერთ-ერთი მიზეზი გახდა, რის გამოც ექიმობა გადაწყვიტა.

თორნიკე გვიყვება, რა სირთულეები ახლავს გერმანიაში ექიმად ჩამოყალიბებას, როგორია ნეიროქირურგის ყოველდღიურობა და რა განცდაა, როდესაც პაციენტს დაკარგულ შესაძლებლობებს უბრუნებ. ინტერვიუში საუბრობს მშობლებზე, ძმებზე, ოჯახის რთულ წლებზე და იმაზეც, რატომ უკავშირდება მისი სამომავლო გეგმები კვლავ საქართველოს

- თორნიკე, 2021 წელს, როცა თქვენთან ინტერვიუ ჩავწერე, ჯერ კიდევ გერმანიაში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდით. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა

- ბოლო ინტერვიუს შემდეგ წარმატებით დავამთავრე ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და უმცროს ექიმად/ რეზიდენტ ექიმად მუშაობა დავიწყე. ნეირომეცნიერებები ყოველთვის მიზიდავდა და მაინტერესებდა, კლინიკური პრაქტიკის პერიოდში კი მივხვდი, რომ ჩემი პროფესიული გზის გაგრძელება სწორედ ნეიროქირურგიაში მინდოდა. უკვე მეორე წელია, ამ მიმართულებით ექიმად ვმუშაობ და სპეციალიზაციას გავდივარ - ყოველდღიურად ვიღრმავებ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას ვიძენ.

ნეიროქირურგია პირველად სავალდებულო კლინიკური პრაქტიკის დროს აღმოვაჩინე და შემიყვარდა. ეს ერთადერთი სფეროა, რომლის გამოც დილის ხუთ საათზე სამსახურში წასასვლელად სიამოვნებით ვდგები. ამ დარგის სირთულე ჩემთვის საინტერესო გამოწვევად იქცა, მისი სიღრმისეულად შესწავლა კი ცხოვრების ერთ-ერთ მიზნად დავისახე. ამიტომ სპეციალობის არჩევისას ნეიროქირურგიას გვერდს უბრალოდ ვერ ავუვლიდი.

- სად მუშაობთ დღეს გერმანიაში და როგორი პაციენტები და შემთხვევები გხვდებათ ყველაზე ხშირად?

- დღეს ლუდვიგსბურგის კლინიკის ნეიროქირურგიის დეპარტამენტში ექიმ-რეზიდენტად ვმუშაობ და ექვსწლიანი სპეციალიზაციის პროგრამის მეორე წელს გავდივარ. ყოველდღიურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად მალთაშუა დისკის თიაქრისა და სუბდურალური ჰემატომის შემთხვევები მხვდება. ეს უკანასკნელი თავის ტვინის დამცავი მაგარი გარსის ქვეშ სისხლის დაგროვებას ნიშნავს.

- გახსოვთ პირველი შემთხვევა, როცა საკუთარ თავზე იგრძენით, რომ უკვე ნამდვილად ექიმი ხართ და ადამიანის სიცოცხლეზე დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ?

- ნეიროქირურგია მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული და, სამწუხაროდ, ზოგჯერ მთელი გუნდის თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება. განსაკუთრებით მძიმეა ის შემთხვევებიც, როდესაც ადამიანს თავის ტვინის განუკურნებელი სიმსივნე უდგინდება - დიაგნოზი, რომელიც მისთვის და მისი ახლობლებისთვის ხშირად სრულიად მოულოდნელია. პაციენტსა და მის ოჯახს ასეთი ამბავი გასაგებად, გულწრფელად და თანაგრძნობით მიაწოდო, უდიდესი პასუხისმგებლობაა. სწორედ რამდენიმე ასეთმა შემთხვევამ განსაკუთრებით ღრმად გამააზრებინა, რას ნიშნავს იყო ექიმი და რამდენად დიდია პასუხისმგებლობა იმ ადამიანის წინაშე, რომელიც გენდობა.

- რა აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე რთული გერმანიაში ექიმად ჩამოყალიბების გზაზე - ენა, სისტემა, დატვირთვა თუ საკუთარი თავის დამკვიდრება?

- ყველაზე რთული ჩემთვის დიდი დატვირთვის პირობებში მუშაობის, მუდმივი სწავლისა და პირადი ცხოვრების შეთავსება აღმოჩნდა. საკუთარი თავისგან ბევრს მოვითხოვ, მინდა სწრაფად განვვითარდე და ყოველდღიურად უკეთესი ექიმი გავხდე. ამ გზაზე ვსწავლობ, რომ პროფესიულ ჩამოყალიბებას დრო და საკუთარ თავთან მოთმინებაც სჭირდება. მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების რეალისტურად შეფასება, კითხვების დასმა და გამოცდილი კოლეგებისგან დახმარების მიღება. ენისა და სისტემის შესწავლასთან ერთად, საკუთარი თავის მიმართ ამ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაც დიდი გამოწვევა იყო.

- ქართველ პაციენტებს თუ შეხვედრიხართ გერმანიაში? ყოფილა შემთხვევა, როცა ქართველი პაციენტის დახმარებამ თქვენთვის განსაკუთრებული ემოციური მნიშვნელობა შეიძინა?

- ქართველ პაციენტებს ძირითადად სხვა როლში შევხვედრივარ: ჰაიდელბერგში ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქართველი ბავშვებისთვის არაერთხელ გამიწევია სათარჯიმნო დახმარება. ნეიროქირურგიის განყოფილებაში მუშაობისას კი უკვე თავად მყავდა თურქეთში მცხოვრები ლაზი პაციენტი, რომელიც ქართულად საუბრობდა. უცხო ქვეყანაში შენარჩუნებული ქართული ენის მოსმენა ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო, მისმა შვილოთი მიმართვამ კი ამ შეხვედრას განსაკუთრებული სითბო და სიახლოვე შესძინა.

- 2021 წელს მითხარით: "დარწმუნებული ვარ, მამა იამაყებდა ჩემით“. დღეს, როცა უკვე ექიმი ხართ, რას ეტყოდით მამას და რას ფიქრობთ, რას გეტყოდათ?

- დარწმუნებული ვარ, მამა დღესაც იამაყებდა ჩემით.

- იმ ინტერვიუში დედაზეც საუბრობდით, ამბობდით, "დედაჩემი ჩემთვის გმირია“. როგორია ახლა თქვენი ურთიერთობა დედასთან და რამდენად ხშირად ახერხებთ მასთან ყოფნას?

- შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს დედასთან, რამდენადაც შესაძლებელია, ვცდილობ საქართველოში ხშირად ჩავიდე ხოლმე, რომ ჩემებთან ახლოს ვიყო.

- თქვენს დედმამიშვილებზე მაშინაც ბევრი ისაუბრეთ. რას აკეთებენ დღეს თქვენი ძმები და რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გერმანიაში ცხოვრობთ?

- ჩემს ძმებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მათი ისტორიების მოყოლას კი თავად მათ ვანდობ.

- თქვენი ოჯახის რთული წლები ხშირად გახსენდებათ? ფიქრობთ, რომ იმ გამოცდილებამ თქვენზე და თქვენს ხასიათზე გავლენა მოახდინა და დღეს, როგორც ექიმს, რაღაცაში გეხმარებათ?

- ყოველდღიური საექიმო საქმიანობა წარსულზე ფიქრისთვის დიდ დროს არ მიტოვებს - ჩემი ყურადღება ძირითადად აწმყოსა და მომავალზეა მიმართული. თუმცა ცხოვრების ყველა ეტაპი თავის კვალს ტოვებს და ოჯახის რთულმა გამოცდილებამ ჩემზეც, რა თქმა უნდა, იმოქმედა. ექიმობის არჩევას დიდწილად ბავშვობიდან მოყოლებულ დაგროვილ გამოცდილებას ვუკავშირებ: ვხედავდი ჩემთვის საყვარელი ადამიანების ავადმყოფობას და თავს უმწეოდ ვგრძნობდი, რადგან ვერ ვეხმარებოდი ისე, როგორც მინდოდა. სწორედ მათი დახმარების სურვილმა მიბიძგა ამ პროფესიისკენ. დღეს კი შემიძლია, ჩემი ცოდნით მათ გვერდით ვიდგე და ვიზრუნო, რომ საჭირო და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება მიიღონ.

თორნიკე ოჯახთან ერთად

- საქართველოში დაბრუნებაზე მაშინაც ფიქრობდით გარკვეული პერსპექტივით. დღეს როგორია თქვენი გეგმები - დარჩენა გერმანიაში, საქართველოში დაბრუნება თუ ორივე ქვეყანასთან პროფესიული კავშირის შენარჩუნება?

- ჩემი სამომავლო გეგმები კვლავ საქართველოს უკავშირდება, თუმცა ამ ეტაპზე დროის სიმწირის გამო კონკრეტული გეგმების ჩამოყალიბებას ჯერ ვერ ვახერხებ. ახლა ჩემთვის მთავარია, პროფესიონალ ნეიროქირურგად ჩამოვყალიბდე. დანარჩენს კი დრო და ღმერთი მიჩვენებენ - რომელი ნაბიჯი როდის უკეთესი იქნება.

- ბოლოს, რომ შევადაროთ 2021 წლის თორნიკე და დღევანდელი თორნიკე - რა არის ყველაზე დიდი რამ, რაც ამ ხუთმა წელმა გასწავლათ?

- ამ ხუთმა წელმა უფრო მკაფიოდ დამანახა საკუთარი შესაძლებლობები და მათი საზღვრები - როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. დღეს უკეთ ვიცი, რისი კეთება მინდა და უფრო ღრმად ვიაზრებ პასუხისმგებლობას ოჯახის წევრების, პაციენტებისა და იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მენდობიან და ჩემს გზას გულშემატკივრობენ. ექიმად მუშაობამ მასწავლა, რამდენის გაკეთება შეგვიძლია ადამიანისთვის და ისიც, რომ ყველაფერი ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. ჩემთვის მთავარი ცვლილებაც სწორედ ესაა - უკეთ ვხვდები, რისი შეცვლა შემიძლია და რა სცდება ჩემს შესაძლებლობებს. ეს მეხმარება, უფრო გააზრებულად მივიღო გადაწყვეტილებები და ჩემი ცოდნა და ძალისხმევა იქ მივმართო, სადაც რეალური პოზიტიური ცვლილებები და ზეგავლენა შემიძლია.

Caption

იცით, რა მახარებს ყველაზე მეტად საკუთარ პროფესიაში? - როცა მკურნალობის შედეგი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩანს, განსაკუთრებით პირდაპირ ჩატარებული თერაპიის შედეგად - უმსუბუქდება ტკივილი, უკეთ მოძრაობს, ისევ ლაპარაკის უნარი უბრუნდება ან მისთვის მნიშვნელოვან საქმიანობას უბრუნდება. ასეთ მომენტებში ყველაზე მკაფიოდ ვგრძნობ ჩემი საქმის მნიშვნელობას. ამ შედეგის მიღწევაში მთელი გული, სული, ენერგია და შრომაა ჩადებული. მასში საკუთარი წვლილის შეტანა დიდ მოტივაციას მაძლევს.

წაიკითხეთ ასევე: