ავტორი:

"რა სიმბოლურია, რამდენიმე წუთში გაჩერებაზე მისი ორი გმირი, "მერი და ზურიკელა" დაგხვდეს" - ამბავი, რომელიც ნოდარ დუმბაძის მეუღლის პანაშვიდიდან გამოსულ მოქალაქეს შეემთხვა

"რა სიმბოლურია, რამდენიმე წუთში გაჩერებაზე მისი ორი გმირი, "მერი და ზურიკელა" დაგხვდეს" -  ამბავი, რომელიც ნოდარ დუმბაძის მეუღლის პანაშვიდიდან გამოსულ მოქალაქეს შეემთხვა

ზოგჯერ ცხოვრება ისეთ შეხვედრას მოგვიწყობს, რომ ყველაზე ლამაზ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდით. არის წუთები, როცა წარსული, ბავშვობის მოგონებები და დღევანდელობა ერთმანეთში მოულოდნელად ირევა და ვხედავთ, რომ ნამდვილი ლიტერატურა არასოდეს მთავრდება. სწორედ ასეთი ამბავი შეემთხვა სოფო გოგოლაძეს, რომელმაც ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმიდან გამოსვლის შემდეგ, რამიშვილის ქუჩაზე, ავტობუსის გაჩერებაზე, ზურიკელა და მერი ნახა.

  • სოფო სოციალურ ქსელში წერს, რომ ნანული გუგუნავას, ნოდარ დუმბაძის მეუღლის, სამძიმრიდან გამოსვლის შემდეგ მთელი გზა მწერალზე, მის შემოქმედებასა და საყვარელ პერსონაჟებზე ფიქრობდა. ახსენდებოდა ილიკო, ილარიონი, ზურიკელა და მერი - ადამიანები, რომლებიც მისთვის მხოლოდ წიგნის გმირები არასოდეს ყოფილან.

განსაკუთრებით მერი ახსოვდა, რომელსაც ბავშვობიდან ყველაზე ლამაზი თვალები ჰქონდა მის წარმოდგენაში, და ზურიკელა, ყველაზე თბილი შვილიშვილი. სწორედ ამ ფიქრებში გართული მიდიოდა, როცა გაჩერებაზე მოულოდნელად სწორედ "მერი და ზურიკელა" დაინახა.. თავდაპირველად ეგონა, რომ ეს მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო, მაგრამ მეორედ რომ გაიხედა, დარწმუნდა: მის წინ ზურიკელა და მერი იდგნენ-მსახიობები, რომლებმაც დუმბაძის საყვარელი პერსონაჟები ეკრანზე გააცოცხლეს

სოფო წერს, რომ წყვილის სიმშვიდემ, შინაგანმა ღირსებამ და უბრალოებამ მაშინვე მიიქცია მისი ყურადღება. მათთან ფოტოს გადაღება მორიდებით ითხოვა. წყვილიც დათანხმდა..

"გუშინ, უმშვენიერესი ქალბატონის, ნანული გუგუნავას, ნოდარ დუმბაძის მეუღლის, სამძიმრიდან რომ გამოვედი, მთელი გზა ვფიქრობდი. ვფიქრობდი, ნოდარ დუმბაძეზე, მის ადამიანებზე, მის წიგნებზე… იმ თეთრ ფურცლებზე ამოწერილ სიტყვებზე, რომლებიც ოდესღაც ჩემს ოთახში, კედელზე მქონდა გაკრული.

ვფიქრობდი ილიკოზე, ილარიონზე, ზურიკელაზე, მერიზე… ვფიქრობდი, რა დიდი სიყვარული უნდა გქონდეს ადამიანების, რომ ასე წერო მათზე. რამხელა სითბო უნდა გედოს გულში, რომ უბრალო ადამიანების ცხოვრება ისეთ რამედ აქციო, რასაც ათწლეულების შემდეგაც კითხულობენ და საკუთარ თავში პოულობენ...

დუმბაძესთან თითქოს ყველა ადამიანი შინაურია. მისი ილიკო, ილარიონი, ბებია, ზურიკელა, მერი, თითქოს წიგნიდან კი არ მოდიან, ჩვენი ეზოებიდან, ჩვენი ბავშვობიდან, ჩვენი ოჯახური ისტორიებიდან გამოდიან და ვფიქრობდი იმ მისეულ სინათლეზეც, რომელიც ყველაზე მძიმე ამბავშიც კი არ ქრება.

"მოდი, გაუმარჯოს ღამეს, რომელიც გათენდება.“ რამდენჯერ შეიძლება მოვიდეს ასეთი ღამე, რომელიც აუცილებლად გათენდება-მეთქი, ვფიქრობდი. ვფიქრობდი ჩემთვის ყველაზე ლამაზ წყვილზე, ზურიკელასა და მერიზე. მერიზე, რომელსაც ბავშვობიდან ყველაზე ლამაზი თვალები ჰქონდა. ასე გამოვიარე რამიშვილის ქუჩა და გაჩერებას მივადექი.

აქ ,ჩემმა ფიქრებმა უცებ შეწყვიტეს ჩემს თავში ტრიალი და ყურადღება ავტობუსის აბრაზე გადავიტანე. ვიხედები და ვხედავ ზურიკელას და მერის. პირველად მეგონა, რომ ჩემი ფიქრები თავადვე ვაქციე რეალობად და ყურადღება აღარ მივაქციე. მეორედ გავიხედე. ისევ ისინი იყვნენ. გაჩერებაზე იდგა ულამაზესი წყვილი.

არ შეიძლება, ვერ შეგემჩნია მათი სიმშვიდე, რაღაც შინაგანი ღირსება, ინტელექტი, ის უცნაური უბრალოება, რომელიც ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებულს ხდის. გამეღიმა, ვიფიქრე - რანაირი ფიქრი მცოდნია.

რა სიმბოლურია: გამოხვიდე ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმიდან, მისი სამყაროდან, სადაც ადამიანები სიყვარულით არიან დაწერილი, და რამდენიმე წუთში გაჩერებაზე მისი ორი გმირი დაგხვდეს - ცოცხლად. მთელი ბავშვობა ხომ მათ ვუყურებდი.

მაშინ ვიცოდი, რომ მერის ყველაზე ლამაზი თვალები ჰქონდა. ზურიკელა კი ყველაზე თბილი შვილიშვილი იყო დედამიწაზე. თუ ვინმეს ბებია უკვდებოდა, მაშინვე ზურიკელა მახსენდებოდა. თუ ვინმეს ლამაზ თვალებზე ლაპარაკობდნენ,მერი წარმომიდგებოდა. სულ მინდოდა, გოგო მყოლოდა და მერი დამერქმია, ჰქონოდა ლამაზი თვალები... ყოფილიყო ყველაზე ლამაზი მერი.

ალბათ ასეა ცხოვრება, ზოგჯერ ჩვენი ბავშვობის ფიქრებს წლების შემდეგ ქუჩის კუთხეში გვახვედრებს. ზოგჯერ წიგნი უბრალოდ წიგნი აღარ არის. გადაშლილი წიგნი ხდება გაჩერებაზე.

"სელფი"-ს გადაღება მოწიწებით ვითხოვე. ცოტა გაუკვირდათ. მე კი ძალიან მიყვარს ასეთი ადამიანები, როცა მათი უბრალოება ყოველგვარ საზღვარს სცდება. გამიღიმეს. დამთანხმდნენ. მერე ისინიც თავიანთ გზას გაუყვნენ. მე კი მერის ლამაზი თვალები დამრჩა კადრში. მეც ავედი ავტობუსში, სახლში მივედი და თითქოს მთელი გზა თან მომქონდა ის პატარა სასწაული, რომელიც იმ საღამოს რამიშვილის ქუჩაზე მოხდა.

დილით კი, ისევ გამახსენდა დუმბაძის სიტყვები: "მოდი, გაუმარჯოს ღამეს, რომელიც გათენდება” და გავიფიქრე ალბათ, სწორედ ეს არის დუმბაძის ძალა: მისი ადამიანები მიდიან, მაგრამ არ მიდიან. მისი წიგნები იხურება, მაგრამ არ მთავრდება და ზოგჯერ, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები, გაჩერებაზე გხვდება შენი ბავშვობა, მერის თვალებით..."

  • ცნობისთვის, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით, თენგიზ აბულაძემ 1962 წელს გადაიღო ფილმი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. ზურიკელას როლს სერგო ორჯონიკიძე ასრულებდა, მერის კი - მანანა აბაზაძე. ფილმში ასევე მონაწილეობდნენ სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი და გრიგოლ ტყაბლაძე, რომლებმაც ოლღა ბებიის, ილიკოსა და ილარიონის დაუვიწყარი სახეები შექმნეს.

ნახეთ ასევე:

"განვიცდი, რომ ერთად ვერ ვიქნებით, მე ვინ დამასაფლავებს მის გვერდით?!" -ნოდარ დუმბაძისა და ნანული გუგუნავას ცხოვრება, შვილის სიკვდილი და უსასრულო სიყვარულის ამბავი