“თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს, მშენებლებმა დაახლოებით 1000 წლის წინანდელ კერამიკულ ჭურჭელსა და მათ ფრაგმენტებს მიაგნეს. არტეფაქტები ქუჩის ზედაპირიდან დაახლოებით 6 მეტრის სიღრმეზე, მიწის ქვეშ აღმოჩნდა,“ - ამის შესახებ Fox News წერს.

ამერიკული გამოცემის ცნობით, მიგნებული კერამიკა სავარაუდოდ X-XI საუკუნეებით თარიღდება, იმ პერიოდით, როდესაც ქალაქი აბასიანთა სახალიფოს (არაბთა) გავლენის ქვეშ მოექცა და აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან სატრანზიტო პუნქტს წარმოადგენდა.
ნივთების ზუსტი ასაკის დასადგენად დამატებითი კვლევები, მათ შორის 3D სკანირება ჩატარდება.

გავრცელებულ ფოტოებზე ასახულია არქეოლოგები, რომლებიც გულდასმით სწავლობენ ორნამენტებით შემკულ კერამიკის ნატეხებსა და საუკუნოვან დოქებს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, გზის სარეაბილიტაციო პროექტი ქვეითთა ახალი გადასასვლელების მოწყობას, საგზაო ნიშნების განახლებასა და სხვა ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებებს მოიცავს.

გამოცემა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებასაც ავრცელებს:
“თბილისი ძალიან მდიდარია არქეოლოგიური მასალით... შესაბამისად, სხვადასხვა ეპოქის სახელოსნოების პოვნა სრულიად ლოგიკურია. თბილისი ყოველთვის იყო მულტიკულტურული ქალაქი, რეგიონის ნამდვილი ცენტრი და, განსაკუთრებით, ეკონომიკური ჰაბი,“ - ამბობს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი.
იხილეთ ასევე: