ავტორი:

ნიდერლანდებში ევთანაზია 1 წლის ბავშვს ჩაუტარდა - რას წერს მედია უმძიმეს ისტორიაზე

ნიდერლანდებში ევთანაზია 1 წლის ბავშვს ჩაუტარდა - რას წერს მედია უმძიმეს ისტორიაზე

ნიდერლანდებში ევთანაზიის პროგრამის კანონმდებლობის გაფართოების შემდეგ, 1 წლის ბავშვს ევთანაზია ჩაუტარდა. როგორც მედია წერს, მას განუკურნებელი სენი ჰქონდა.

ნიდერლანდების მთავრობამ ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა, რომ გასულ წელს 12 წლამდე ასაკის ბავშვის ევთანაზიის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა პაციენტის სქესისა და დაავადების შესახებ დეტალები არ გაუსაჯაროებია.

  • ახლახან გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშის თანახმად, ბავშვი უცხოეთში, ორსულობის 26-ე კვირაზე, ნაადრევად დაიბადა, ებრძოდა სეფსისს, ხოლო ოთხნახევარი თვის ასაკში ტვინის უმძიმესი დაზიანების დიაგნოზი დაესვა. 8 თვის ასაკში ჩვილს ცერებრულ დამბლასთან ერთად ინფანტილური ეპილეფსიური სპაზმების сინდრომი - ეპილეფსიის უმძიმესი ფორმა დაუდგინდა.

დაავადებამ გამოიწვია ძილის სერიოზული დარღვევა, ხველის შეტევები და ყლაპვის პრობლემები. სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში, კვების დროს, გულყრის შეტევები კიდევ უფრო გახშირდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტვინის დაზიანებამ ბავშვის ფუნქციონირება მკვეთრად შეზღუდა. თითქმის 2 წლის ასაკში მისი განვითარების დონე 6 კვირის ჩვილის მაჩვენებელს შეესაბამებოდა.

ჩვილს ჰქონდა მრავალმხრივი, უმძიმესი გონებრივი და ფიზიკური შეზღუდვები, ხოლო პროგნოზი მიუთითებდა, რომ იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე სრულად დამოკიდებული იქნებოდა სხვის დახმარებაზე. ექიმების დასკვნით, არსებობდა სასუნთქი გზების ინფექციების განვითარებისა და გართულებებით ნაადრევი სიკვდილის ძალიან მაღალი რისკი, ხოლო მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი არ არსებობდა.

  • კანონმდებლობა და ექიმების პასუხისმგებლობა

ნიდერლანდებმა 1-იდან 12 წლამდე ასაკის მძიმედ დაავადებული ბავშვებისთვის ევთანაზიის ლეგალიზაცია 2024 წელს მოახდინა. კანონის თანახმად, პროცედურა დასაშვებია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომელთა გაუსაძლის ტანჯვას სამედიცინო საფუძველი აქვს და გაუმჯობესების პერსპექტივა არ გააჩნია.

სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ მკურნალმა ექიმმა სრულად დაიცვა კანონის მოთხოვნები. ექიმები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბავშვის ტანჯვის შემსუბუქების ერთადერთი გზა სიცოცხლის შეწყვეტა იყო. ექიმმა სრული ინფორმაცია მიაწოდა მშობლებს, მიიღო მათგან თანხმობა და გააიარა კონსულტაცია დამოუკიდებელ ექიმთან. ნიდერლანდებში ევთანაზიის უკანონოდ ჩატარება 12 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

ნიდერლანდები 2002 წელს გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც მკაცრი პირობებით ევთანაზიის ლეგალიზება მოახდინა. გასულ წელს ქვეყანაში ევთანაზიისა და ასისტირებული თვითმკვლელობის 10 341 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 3.8%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.

ნიდერლანდები არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ბავშვებისთვის ევთანაზია ნებადართულია - ბელგიაში ეს პრაქტიკა 2014 წლიდან მოქმედებს. ხოლო კანადაში, სადაც ასისტირებული თვითმკვლელობა 2016 წლიდან არის ლეგალიზებული, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში სიკვდილიანობის 10%-ზე მეტი სწორედ ამ პროცედურაზე მოდის.

წყარო

იხილეთ ასევე: