რუსეთში დათვების დასახლებულ პუნქტებში გამოჩენისა და ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები გახშირდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
29 წლის სნეჟანა კოროლევას ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომელიც დათვის თავდასხმას ემსხვერპლა. ის ალთაიში ისვენებდა - შეყვარებულთან, ივანთან ერთად, ტყეში იმყოფებოდა, როდესაც დათვი დაესხა თავს. მტაცებელმა ქალი მდინარისკენ წაათრია. მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე მისულმა მონადირეებმა გოგონას გადარჩენა სცადეს, თუმცა მისი დახმარება ვეღარ შეძლეს.
ტრაგედია აგვისტოში მოხდა. მომხდარის დეტალებზე მონადირეებმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრეს..
მათი თქმით, შემთხვევის ადგილზე მისულებს ახალგაზრდა კაცი დახვდათ, რომელსაც ხელში ნაჯახი ეჭირა. ის ყვიროდა, რომ დათვმა შეყვარებული წაიყვანა და დახმარებას ითხოვდა.
მონადირეების განმარტებით, დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენება აკრძალული იყო, ამიტომ ისინი დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით უნდა გადასულიყვნენ. ამ დროისთვის სხვა დამსვენებლებს უკვე დარეკილი ჰქონდათ 112-ზე და ქალის გადარჩენას თავადაც ცდილობდნენ.

ერთ-ერთი მონადირის თქმით, მათ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელმა ღამის პირველი საათის შემდეგ დაურეკა და შეატყობინა, რომ დათვმა ადამიანი გაიტაცა. სიბნელის გამო მონადირეები ვერაფერს ხედავდნენ, თუმცა მტაცებლის მოძრაობის ხმა ესმოდათ. მოგვიანებით დათვი მათაც დაესხა თავს.
მამაკაცების თქმით, მათ ახლომახლო კარავი შენიშნეს, შემდეგ კი სისხლიან კვალს გაჰყვნენ. მდინარესთან მიმოფანტული ნივთები და სისხლიანი ქვები დახვდათ. მონადირეებმა მტაცებლის მოკვლა შეძლეს.
ყველაზე მძიმე დეტალი ისაა, რომ სნეჟანა თავდასხმის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ცოცხალი იყო. მონადირეების მონათხრობის თანახმად, მდინარის მხრიდან მისი ყვირილი ისმოდა. გოგონა დახმარებას ითხოვდა და, როგორც ჩანს, წინააღმდეგობის გაწევასაც ცდილობდა.
მომხდარის შემდეგ სნეჟანას ოჯახის წევრებმა მისი შეყვარებული უმოქმედობაში დაადანაშაულეს. თუმცა მონადირეების თქმით, მან ყველაფერი გააკეთა ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად.
"როცა მას ადანაშაულებენ, თითქოს არასწორად მოიქცა, ეს ასე არ არის. ის ღირსეულად იქცეოდა. მისი დადანაშაულება მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც დათვთან შეხვედრის გამოცდილება არასდროს ჰქონია“, - განაცხადა მონადირემ.

მონადირე, რომელსაც 47-წლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ დათვთან შეხვედრისას ქცევის უნივერსალური წესი არ არსებობს. მისი თქმით, ზოგიერთმა ცხოველმა შესაძლოა, სასტვენის ხმაზე უკან დაიხიოს, სხვას კი ლითონის ხმაურმაც ვერაფერი დააკლოს.
სნეჟანა კოროლევას ტრაგედია რუსეთში დათვების თავდასხმების გახშირების ფონზე მოხდა. მხოლოდ სექტემბერში მტაცებლების თავდასხმებს კიდევ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 18 სექტემბერს ტომსკის ოლქში დათვი ტყეში ორ მამაკაცს დაესხა თავს. 44 წლის ფერმის მუშა დაკარგულ ძროხას ეძებდა, მეორე დღეს კი მის დასახმარებლად 46 წლის თანასოფლელი წავიდა. ორივე მათგანის ცხედარი მოგვიანებით იპოვეს.
რუსეთის რეგიონებში დათვების დასახლებულ პუნქტებში გამოჩენისა და თავდასხმების შემთხვევები გახშირდა. რუსეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის 1 აგვისტოდან 24 სექტემბრამდე დათვების თავდასხმები ქვეყნის 11 რეგიონში დაფიქსირდა. სპეციალისტები ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად საკვების ნაკლებობას ასახელებენ, რაც, მათი განმარტებით, ცხოველებს დასახლებულ პუნქტებთან მისვლისკენ უბიძგებს.
წაიკითხეთ ასევე: