ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი, თელავის საპატიო მოქალაქე, შირვან ალიევი ეხმაურება. 89 წლის ალიევი, რომელსაც ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სპეციალისტის განათლება აქვს და ამჟამად ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეა, მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აზერბაიჯანული რელიგიური სიწმინდეების დაცვის მსგავსად, სათანადოდ უნდა იზრუნოს აზერბაიჯანში მდებარე ქართულ სიწმინდეებზეც.
ალიევი აღნიშნავს, რომ ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ მას და საქართველოში მცხოვრებ მრავალ აზერბაიჯანელს ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ხაზს უსვამს ორი ქვეყნისა და ხალხის მეგობრობის შენარჩუნების მნიშვნელობას. მისი თქმით, არც ერთმა მხარემ არ უნდა დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის უნდობლობასა და გაუგებრობას გამოიწვევს
"მე,შირვან ალიევი,ეთნიკური აზერბაიჯანელი,თელავის საპატიო მოქალაქე,სპეციალობით ქართული ენის,ლიტერატურის და ისტორიის სპეციალისტი, 89წლის, მცხოვრები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ამჟამად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, სასწავლო ნაწილის გამგე, გულგრილი ვერ და არ დავრჩები იმ მოვლენების მიმართ, რაც როგორც აზერბაიჯანელ, ისე ქართულ პრესაში და სოციალურ სივრცეში მიმდინარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საინგილოში არსებულ ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით.

მე და საქართველოში მცხოვრებმა მრავალმა ათასმა აზერბაიჯანელმა დანამდვილებით არ ვიცით თუ რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მე მკაცრად ვაფიქსირებ, რომ როგორც საქართველოშია დაცული აზერბაიჯანული ეთნოსის რელიგიური სიწმინდეები, ისე აზერბაიჯანის ოფიციალური ხელისუფლებაც ვალდებულია იგივე გააკეთოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ქართული სიწმინდეების მიმართ და მავანს არ მისცეს საბაბი ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის დათესოს თუნდაც პატარა უნდობლობა და გაუგებრობა.
ჩემი ღრმა რწმენით ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს და მათ მთავრობებს შესწევთ ძალა და სურვილი, რომ ობიექტურად, საქმის ცოდნით და მომავალზე ორიენტირით მოაგვარონ ყოველგვარი, თუნდაც პატარა გაუგებრობა. როგორც შინაურებმა, ისე გარეულებმა უნდა გაიგონ, რომ სამხრეთ კავკასიის ამ ორი ერის სტრატეგიული მოკავშირის კავშირი და მეგობრობა მარადიულია და მას ვერავინ ვერ დააზიანებს. ჩემო დედასამშობლო, საქართველო, მიყვარხარ!", - წერს შირვან ალიევი.