ავტორი:

მეცნიერებმა დაასახელეს 5 ინფექცია, რომელსაც კიბოს მილიონობით შემთხვევა უკავშირდება

მეცნიერებმა დაასახელეს 5 ინფექცია, რომელსაც კიბოს მილიონობით შემთხვევა უკავშირდება

ჟურნალ The Lancet Oncology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, 2024 წელს მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების 2.3 მილიონი შემთხვევის დაახლოებით 12% - ინფექციურ დაავადებებს უკავშირდება. მეცნიერები განმარტავენ, რომ ამ ინფექციების უმეტესობა საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა მათი პრევენცია სრულიად შესაძლებელია.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ინფექციების კონტროლს, ვაქცინაციას, სკრინინგსა და უსაფრთხოების წესების დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ონკოლოგიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

მკვლევრებმა გამოყვეს 5 ძირითადი ინფექციური დაავადება, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ კიბოს განვითარებას:

  • 1. კუჭის ბაქტერია H. pylori (Helicobacter pylori)

2024 წელს კუჭის ბაქტერია H. pylori-სთან 760 000-მდე შემთხვევა, ანუ კიბოს ყველა ახალი დიაგნოზის დაახლოებით 4% იყო დაკავშირებული. მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი შესაძლოა ცხოვრების მანძილზე ამ ბაქტერიით დაინფიცირდეს. იგი გადაეცემა ინფიცირებული ადამიანის ნერწყვით, ღებინების მასით ან განავლით, ასევე დაბინძურებული წყლითა და საკვებით.

მართალია, ბევრ ადამიანში ბაქტერია სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა მან შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება და წყლული. ხანგრძლივმა ანთებითმა პროცესმა და ბაქტერიულმა ტოქსინებმა შესაძლოა უჯრედები დააზიანოს და კუჭის კიბოს განვითარებას შეუწყოს ხელი.

პრევენციისთვის აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, საკვების ჰიგიენურად მომზადება და ინფიცირების შემთხვევაში ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკების კურსის ბოლომდე დასრულება.

  • 2. პაპილომავირუსი (HPV)

ადამიანის პაპილომავირუსი მსოფლიოში 750 000 ახალ ონკოლოგიურ შემთხვევაზეა პასუხისმგებელი. იგი იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევას, ასევე ყელის, ანუსის, ვულვის, პენისისა და საშოს კიბოს.

ვირუსი ძირითადად სქესობრივი გზით ან კანით კანთან კონტაქტით გადადის.

მედიცინაში არსებობს ეფექტური ვაქცინა, რომელიც HPV-ით გამოწვეული კიბოს შემთხვევების 90%-ს აცილებს თავიდან. ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ვაქცინაცია ჩატარდეს 9-იდან 12 წლამდე ასაკში, თუმცა აუცრელ ახალგაზრდებს 26 წლამდეც შეუძლიათ აცრის გაკეთება. გარდა ამისა, რისკების შემცირებას ხელს უწყობს უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრება და საშვილოსნოს ყელის რეგულარული სკრინინგი.

  • 3. ჰეპატიტი B

ჰეპატიტ B-ს ვირუსს მიეწერება კიბოს დაახლოებით 360 000 ახალი შემთხვევა (საერთო რაოდენობის 2%).

თუ ინფექცია 6 თვეზე მეტხანს გრძელდება, იგი ქრონიკულ ფორმაში გადადის და მკვეთრად ზრდის ღვიძლის კიბოს, ღვიძლის უკმარისობისა და ციროზის განვითარების რისკს. მწვავე ინფექციის სიმპტომებია მუცლის ტკივილი, მუქი შარდი, ცხელება, სახსრების ტკივილი და სიყვითლე.

HPV-ის მსგავსად, ჰეპატიტ B-ს წინააღმდეგაც არსებობს მაღალეფექტური ვაქცინა. იგი რეკომენდებულია ჩვილებისთვის, აუცრელი ბავშვებისთვისა და 19-იდან 59 წლამდე ზრდასრულებისთვის.

  • 4. ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV)

მკვლევრების მონაცემებით, ეპშტეინ-ბარის ვირუსს კიბოს დაახლოებით 260 000 შემთხვევა (1%) უკავშირდება.

EBV მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია - დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს იგი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაუტანია. იგი წარმოადგენს მონონუკლეოზის ძირითად გამომწვევს.

ვირუსით დაინფიცირებამ შესაძლოა გაზარდოს ცხვირ-ხახის (ნაზოფარინგეალური) კიბოს, ლიმფომისა და კუჭის კიბოს რისკი. ვირუსი გადადის ბიოლოგიური სითხეებით, განსაკუთრებით ნერწყვით. პრევენციისთვის რეკომენდებულია ინფიცირებულ პირებთან კოცნისგან, ჭურჭლისა და პირადი ჰიგიენის ნივთების გაზიარებისგან თავის შეკავება.

  • 5. ჰეპატიტი C

ჰეპატიტ C-ს ვირუსზე მოდის კიბოს შემთხვევების დაახლოებით 160 000 შემთხვევა (1%-ზე ნაკლები).

ვირუსი გადადის ინფიცირებული სისხლით და იწვევს ღვიძლის მძიმე დაზიანებას, რაც საბოლოოდ ონკოლოგიურ დაავადებამდე მიდის.

ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა იგი მედიკამენტოზური მკურნალობით სრულად იკურნება. ინფიცირების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრება, ტატუსა და პირსინგის სალონების უსაფრთხოების სტანდარტების შემოწმება და არალეგალური ინექციური ნარკოტიკების მოხმარებისგან თავის შეკავება.

წყარო

იხილეთ ასევე: