ავტორი:

აშშ-ში სიკვდილმისჯილ ქალს ორი სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს, თუმცა ის არ გარდაიცვალა - კრისტა პაიკი ახლა რეინიმაციულ განყოფილებაშია: დეტალები

აშშ-ში სიკვდილმისჯილ ქალს ორი სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს, თუმცა ის არ გარდაიცვალა - კრისტა პაიკი ახლა რეინიმაციულ განყოფილებაშია: დეტალები

აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი 50 წლის კრისტი პაიკი ორი სასიკვდილო ინიექციის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ინიექციების მიუხედავად, ქალს გული კვლავ უცემდა და მისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა გახდა საჭირო.

  • პაიკის ადვოკატებმა სიკვდილით დასჯის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მაშინ მიმართეს, როდესაც პროცედურა უკვე მიმდინარეობდა. მათი განცხადებით, ქალმა გონება დაკარგა, თუმცა გულისცემა შენარჩუნებული ჰქონდა და ხვრინავდა.

ადვოკატის ინფორმაციით, პაიკს პენტობარბიტალის ორი დოზა გაუკეთეს, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში გახდა, თუმცა არ გარდაცვლილა და მოსამართლე კლიფტონ კორკერმა სამედიცინო დახმარების გაწევის მოთხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.

  • ტენესის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი აცხადებს, რომ სიკვდილით დასჯის პროცედურა დადგენილი პროტოკოლის სრული დაცვით ჩატარდა. უწყების წარმომადგენლის განმარტებით, გამოყენებული პრეპარატი აქამდე ეფექტიანი იყო, ხოლო არსებული წესები დამატებითი პროცედურების ჩატარებას არ ითვალისწინებს. პაიკი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმმა ჯოელ ზივოტმა, რომელიც პაიკის ადვოკატების მიერ მოწვეული სამედიცინო ექსპერტია, BBC-ს განუცხადა, რომ შესაძლოა, პრეპარატის საკმარისი კონცენტრაცია ქალის სისხლში ვერ მოხვდა. მისი შეფასებით, რეანიმაციული ღონისძიებების დაგვიანებამ შესაძლოა, ტვინის დაზიანებაც გამოიწვიოს.

კრისტა პაიკს სიკვდილი 1996 წელს მიუსაჯეს. მას ბრალად ედებოდა 19 წლის კოლინ სლემერის წამება და მკვლელობა, რომელიც 1995 წელს, მოზარდებისთვის განკუთვნილ პროფესიულ სასწავლო ბანაკში გაიცნო. დანაშაულის ჩადენისას პაიკი 18 წლის იყო. მკვლელობაში მონაწილეობდა მისი მაშინდელი შეყვარებული ტადარილ შიპიც.

პაიკის ადვოკატები სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ სასამართლოში ამტკიცებდნენ, რომ ნაფიც მსაჯულებს არ მიეცათ შესაძლებლობა, გაეთვალისწინებინათ მისი ბავშვობის პერიოდში გადატანილი სექსუალური ძალადობის ფაქტები. ტენესის გუბერნატორმა ქალის შეწყალების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სიკვდილით დასჯის შეჩერების გადაწყვეტილება თავდაპირველად სააპელაციო სასამართლომ მიიღო, თუმცა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ის გააუქმა და პროცედურის გაგრძელების შესაძლებლობა დაუშვა.

პაიკი ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი ერთადერთი ქალი იყო. კოლინ სლემერის დედა, მეი მარტინესი, ათწლეულების განმავლობაში ელოდა განაჩენის აღსრულებას და მისი თქმით, ქალიშვილის მკვლელობაზე ფიქრი ყოველდღიურად უწევდა.

1976 წლიდან, მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა კვლავ დაუშვა, ქვეყანაში 18 ქალი და 1 663 მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს.

იხილეთ ასევე: