ავტორი:

"რამდენიმე წამიც რომ დაგვეგვიანებინა, პილოტს დავკარგავდით" - ქართველი ებრაელი, ექიმი შოთა მუსაევი flydubai-ს ავიარეისზე მომხდარს დეტალურად იხსენებს

"რამდენიმე წამიც რომ დაგვეგვიანებინა, პილოტს დავკარგავდით" - ქართველი ებრაელი, ექიმი შოთა მუსაევი flydubai-ს ავიარეისზე მომხდარს დეტალურად იხსენებს

დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი "ფლაიდუბაის“ თვითმფრინავი კატასტროფას გადაურჩა. ბორტზე განვითარებული მოვლენები კი ჰოლივუდური ფილმის სცენარს მოგაგონებთ, ავიარეისის 174 მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე მას შემდეგ დაემუქრა, რაც ერთ-ერთმა პილოტმა მეორე პილოტს დანით მიაყენა ჭრილობები და თვითმფრინავის ჩამოგდებას შეეცადა.

  • მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, დაჭრილმა პილოტმა, სმიტ მაჩჰარმა, კაბინის კარის გაღება მოახერხა. ამის შემდეგ მგზავრები და ეკიპაჟის წევრები კაბინაში შევიდნენ და თავდამსხმელის შეჩერება სცადეს.

შემთხვევის დროს თვითმფრინავი 30 წამზე ნაკლებ დროში დაახლოებით 4267 მეტრით დაეშვა. ამ კრიტიკულ მომენტში ბორტზე მყოფთა მიერ ეკიპაჟისთვის გაწეული დახმარება გადამწყვეტი აღმოჩნდა. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია სამი ადამიანის როლი, რომელთა შორის ერთ-ერთი ქართველი-ებრაელი სტომატოლოგია ამ ადამიანების შესახებ დღეს მსოფლიო მედია წერს.

ეკიპაჟის კაპიტანი, სმიტ მაჰჩარი

"გარდიანის" ინფორმაციით, კრიტიკულ მომენტში, თვითმფრინავის მართვაში სანტექნიკოსი იანივ ჰაიუნიც ჩაერთო. მან მართვის ბერკეტები გამოიყენა და თვითმფრინავის კონტროლის შენარჩუნებაში დაეხმარა ეკიპაჟს. მოგვიანებით მართვა პილოტებმა გადაიბარეს.

ქართველმა ებრაელმა სტომატოლოგმა, შოთა მუსაევმა, რომელიც ასევე ბორტზე იმყოფებოდა, CNN-ს მომხდარის შესახებ დეტალურად უამბო. მისი თქმით, კაბინაში შესულებს თავდამსხმელი იატაკზე დახვდათ - ის დაჭრილ პილოტს ზემოდან ეწვა და დანას ურტყამდა. მუსაევმა თავდამსხმელისგან პილოტის გათავისუფლება და მისთვის დახმარების აღმოჩენა სცადა.

"თავი და ხელები მთლიანად დასერილი ჰქონდა. ჭრილობები იმდენად მძიმე იყო, რომ ხელები თითქმის შუაზე ჰქონდა გაჭრილი, მას დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო“, - იხსენებს მუსაევი.

  • მისი თქმით, პილოტის გადარჩენა წუთებზე იყო დამოკიდებული. მაჩჰარს არტერიული წნევა მკვეთრად დაუვარდა, რის შემდეგაც გონება დაკარგა. კაბინაში ყველგან სისხლი იყო.

"ვფიქრობ, კიდევ რამდენიმე წამიც რომ დაგვეგვიანებინა, მას დავკარგავდით“, - ამბობს სტომატოლოგი.

მუსაევი თავდამსხმელის განეიტრალებაშიც მონაწილეობდა. მისი თქმით, თავდამსხმელს ხელები ყურსასმენის სადენებითა და პლასტმასის სამაგრებით შეუკრა, რათა მას სხვებისთვის ზიანის მიყენება ვეღარ შეძლებოდა.

  • თვითმფრინავის მართვაში მონაწილეობა რამდენიმე გამოცდილმა პილოტმაც მიიღო, რომლებიც რეისზე მგზავრების სტატუსით იმყოფებოდნენ. მათი დახმარებით ეკიპაჟმა თვითმფრინავზე კონტროლის აღდგენა და საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკში უსაფრთხოდ დაშვება შეძლო.

თვითმფრინავის საჭის ნაწილი ძლიერ დაზიანდა. ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად სწრაფი დაშვებისა, პილოტებს თვითმფრინავის მართვის აღსადგენად საკმარისი სიმაღლე ჰქონდათ.

დაჭრილ პილოტს საუდის არაბეთში ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

სმიტ მაჩჰარი მუმბაიში დაიბადა. 2008-2009 წლებში მან ახალ ზელანდიაში 18-თვიანი სასწავლო პროგრამა გაიარა. მისი ყოფილი დამსაქმებლის თქმით, მაჩჰარი ადრეც გამოირჩეოდა ლიდერული თვისებებით.

ინციდენტის შემდეგ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ პილოტს გმირი უწოდა.

იხილეთ ასევე