ავტორი:

ქართველი გმირი FlyDubai-ს რეისზე - ვინ არის ექიმი შოთა მუსაევი, რომელმაც დაჭრილი პილოტი გადაარჩინა

ქართველი გმირი FlyDubai-ს რეისზე - ვინ არის ექიმი შოთა მუსაევი, რომელმაც დაჭრილი პილოტი გადაარჩინა

2026 წლის 30 სექტემბერს, დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მფრინავ FlyDubai-ს FZ1073 რეისზე მასშტაბური ტრაგედია აიცილეს თავიდან. Boeing 737 MAX 8-ის ბორტზე, სადაც 174 მგზავრი (მათ შორის 27 ბავშვი) იმყოფებოდა, ფრენისას მძიმე ტერორისტული ინციდენტი მოხდა - კაბინაში მეორე პილოტი კაპიტანს დანით დაესხა თავს.

რეისი დუბაიდან თელ-ავივისკენ, ადგილობრივი დროით, დილის 7 საათზე გაფრინდა. ფრენის დაწყებიდან დაახლოებით ორსაათ-ნახევარში, როდესაც ლაინერი 34 000 ფუტის სიმაღლეზე იმყოფებოდა, პილოტების კაბინაში ძალადობა დაიწყო. თვითმფრინავმა მკვეთრი დაშვება დაიწყო და FlightAware-ის მონაცემებით, 12 წუთში სიმაღლე 33 000 ფუტიდან 15 400 ფუტამდე შემცირდა.

ეკიპაჟმა ჯერ ზოგადი საგანგებო მდგომარეობის კოდი 7700 გადასცა, ხოლო მალევე ჩართო 7500 - საერთაშორისო სიგნალი, რომელიც ხომალდის გატაცებას ან მასზე უკანონო თავდასხმას ნიშნავს. უსაფრთხოების ზომების მისაღებად ისრაელის საჰაერო ძალებმა გამანადგურებლები ჰაერში აწია.

მოწმეების ცნობით, კაბინის კარის გაღების შემდეგ მგზავრები და ბორტზე მყოფი სხვა პირები ვითარებაში ჩაერივნენ და თავდამსხმელი პილოტი განაიარაღეს.

  • ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, მიხეილ ხეცოიძე ბორტზე მყოფი ქართველი გმირის შესახებ წერს. შოთა მუსაევმა დაჭრილი პილოტის გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა. აი რას ჰყვება მიხეილ ხეცოიძე:

“ქართველი ექიმი შოთა მუსაევი - ადმიანი, რომელმაც FlyDubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტის გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა

დუბაი - თელ ავივის რეისზე განვითარებული დრამატული მოვლენების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი FlyDubai-ს რეის FZ1073-ზე იმყოფებოდა - თვითმფრინავში, სადაც პილოტზე თავდასხმა მოხდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში მგზავრების სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

შოთა მუსაევი ჰყვება, რომ როდესაც თვითმფრინავის წინა ნაწილში ხმაური და ყვირილი გაიგონა, თავად გაიქცა დასახმარებლად. თავდაპირველად მან არც კი იცოდა, რომ რამდენიმე წუთში ექიმის დახმარება გახდებოდა საჭირო.

“მე ტერორისტთან საბრძოლველად მივდიოდი და არა სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად“, - იხსენებს მუსაევი.

მისი მონაყოლით, თავდამსხმელის შეჩერებაში რამდენიმე მგზავრი მონაწილეობდა. მამაკაცი ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა და მის გასაკავებლად ხელ-ფეხის შეკვრა გახდა საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგ დაინახა შოთამ დაჭრილი კაპიტანი.

პილოტი იატაკზე იწვა და თავისა და ხელების ჭრილობებიდან ძლიერ სისხლდენა აღენიშნებოდა. ის გონზე იყო და მგზავრებთან საუბარი შეეძლო.

“თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი ვიყავი. სისხლდენის შეჩერება შევძელი“, - ამბობს შოთა მუსაევი.

მისი თქმით, დაშვებამდე დაჭრილი კაპიტნის მდგომარეობა შედარებით სტაბილური იყო. ტაბუკში დაშვების შემდეგ პილოტი საუდის არაბეთის მედიკოსებს გადასცეს. მოგვიანებით მუსაევს უთხრეს, რომ კაპიტანი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.

შოთა მუსაევი ყველაზე მძიმე მომენტად თვითმფრინავის მკვეთრ ვარდნას იხსენებს. მისი თქმით, ბორტზე მყოფ ადამიანებს რამდენიმე წამით ეგონათ, რომ იღუპებოდნენ. მგზავრები ყვიროდნენ, რომ ბორტზე მყოფი სხვა პილოტები კაბინაში შესულიყვნენ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა თვითმფრინავის მართვა გადაიბარა, მუსაევის თქმით, მგზავრები მიხვდნენ, რომ გადარჩენის შანსი ჰქონდათ.

FlyDubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის სრული გარემოებების გამოძიება გრძელდება. თუმცა ერთი რამ უკვე თავად შოთა მუსაევის მონაყოლითაც დასტურდება - ქართველი ექიმი სხვა მგზავრებთან ერთად თავდამსხმელის შეჩერებაში მონაწილეობდა, შემდეგ კი პროფესიული დახმარება გაუწია მძიმედ დაჭრილ კაპიტანს,“ - წერს მიხეილ ხეცოიძე.

შოთა მუსაევი არის წარმოშობით ქართველი ებრაელი ექიმი (სტომატოლოგი). მას განათლება მიღებული აქვს საქართველოში (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი).

იხილეთ ასევე: