დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი "ფლაიდუბაის“ თვითმფრინავი კატასტროფას გადაურჩა. ბორტზე განვითარებული მოვლენები კი ჰოლივუდური ფილმის სცენარს მოგაგონებთ, ავიარეისის 174 მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე მას შემდეგ დაემუქრა, რაც ერთ-ერთმა პილოტმა მეორე პილოტს დანით მიაყენა ჭრილობები და თვითმფრინავის ჩამოგდებას შეეცადა.
მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, დაჭრილმა პილოტმა, სმიტ მაჩჰარმა, კაბინის კარის გაღება მოახერხა. ამის შემდეგ მგზავრები და ეკიპაჟის წევრები კაბინაში შევიდნენ და თავდამსხმელის შეჩერება სცადეს.
შოთა მუსაევმა “ტელეკომპანია პირველთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბორტზე განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენა.
"50 წუთის განმავლობაში ვიყავი მასთან კონტაქტზე, გვეხვეწებოდა რომ გადაგვერჩინა და რომ არ სურდა სიკვდილი" ,- ამბობს ექიმი. მუსაევის თქმით, ხალხი სიკვდილს სასწაულებრივად იმის გამო გადაურჩა, რომ ბორტზე მგზავრებს შორის ორი პილოტი იმყოფებოდა და სწორედ მათ დასვეს თვითმფრინავი საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში.
ექიმი ვარაუდობს, რომ სავარაუდო ტერორისტს 11 სექტემბრის სცენარის განმეორება სურდა, რისი საშუალებაც არ მიეცა.
“ჩვენ ჩინეთიდან დავბრუნდით დუბაიში, დუბაიდან ვბრუნდებოდით ისრაელში, გვქონდა ფრენა FlyDubai-ით. დილის 08:20 წუთი იყო, როდესაც ვიგრძენით ძალიან დიდი დაცემა თვითმფრინავისა და ვიგრძენით რომ რაღაცა ხდება. ამოვიღე კამერა და დავიწყე ამის გადაღება. მივხდი, რომ ეს სტანდარტული სიტუაცია არ იყო და იყო ტერაქტი.
დაიწყეს ყვირილი ბავშვებმა და იმ წუთებში ავდექი და გავედი პირდაპირ. არ ვიცოდი, რომ ექიმი სჭირდებოდათ, მაგრამ, ვიცოდი, რომ დახმარება სჭირდებოდათ. ამ შემთხვევაში ვიცით, რომ თუ არ დაეხმარებით მათ (პილოტებს), შეიძლება მთლიანი თვითმფრინავი დაიღუპოს. ეს გამოცდილება უკვე მთელ მსოფლიოს აქვს. გავედი წინ და დავინახე, რომ ტერორისტი უკვე ძირს იყო დაგდებული. პილოტი ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი და ძირს ეგდო. პირველ რიგში ჩვენ დავაკავეთ ეს ტერორისტი, შევუკარით ხელები, ერთ-ერთი ჩვენგანი შევიდა კაბინაში, რადგან ძალიან სწრაფად, 16 ათასი ფიტით დაეცა თვითმფრინავი, რის გამოც მოხდა დაზიანება, ეს მხოლოდ შემდეგ გავარკვიეთ, უკანა ფრთა იყო მთლიანად დაზიანებული.
შემდეგ ვნახეთ, რომ ეს პილოტი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო დაჭრის გამო და დავიწყე მისი რეანიმირება, სისხლის გაჩერება და სტაბილიზაცია. იმის გამო, რომ ის ძირს იყო დაგდებული და მთლიანი თავით იყო კარადებზე, ჩვენ ვერ გავხსენით კარადები, რომ იქიდან პირველადი დახმარების საშუალებები აგვეღო, ამიტომ, რაც გვქონდა ხელში, იმითი გავაჩერეთ სისხლი. ხელი ჰქონდა ორად გაყოფილი, თავიც ასევე ჰქონდა გახსნილი და ადამიანმა დაკარგა სისხლი. 50 წუთის განმავლობაში ვიყავი მასთან კონტაქტზე, გვეხვეწებოდა, რომ გადაგვერჩინა და რომ არ სურდა სიკვდილი.
ტერორისტი კი ხმას არ იღებდა, საუბარი მაქვს მეორე პილოტზე. მე ვინც გადავარჩინე ეს არის ინდოელი პილოტი. ასევე ჩვენ გვეხმარებოდა სტიუარდესები. მაგრამ ჩვენ გვეპარებოდა ეჭვი, რომ შეიძლებოდა ტერორისტი მარტო არ ყოფილიყო. ეჭვი გვეპარებოდა, ამიტომ თვითმფრინავში ხალხი გავფანტეთ, რომ თუ რაიმე იქნებოდა, აგვეყვანა სიტუაცია ხელში. ასევე გაგვიმართლა რომ იყო კიდევ ორი დამატებითი პილოტი. პრინციპში ეგენი ბორტზე არ უნდა ყოფილიყვნენ. როგორც რიგითი მგზავრები ისე იყვნენ. რამდენიმე წუთში შევიდნენ კაბინაში და აიყვანეს სიტუაცია ხელში. თვითმფრინავმა იმდენად სწრაფად დაკარგა სიმაღლე,, უკანა ფრთა ფაქტობრივად ნახევარზე იყო გატეხილი.
მე გადავიღე ვიდეო, სადაც ვამბობ და ჩემს მეუღლესაც ვუთხარი, თუ არ დავეშვებით, ხალხს ეცოდინება რა მოხდა-თქო.
მიზანი იყო აყვანა ალბათ თვითმფრინავის აყვანა და როგორც 11 სექტემბერს მოხდა, მსგავსი რაღაცის გაკეთება. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ერთი ტერორისტის გამო, რამდენი ადამიანი შეიძლება დაღუპულიყო.. იქ იყვნენ ბავშვები, რომლებიც დღეს შეიძლება ცოცხლები არ ყოფილიყვნენ.

ექიმის მონაყოლის თანახმად, Flydubai-იმ ახალი თვითმფრინავი საუდის არაბეთში 6 საათის შემდეგ მიავლინა, მგზავრები კი ბორტზე იქამდე არ ავიდნენ, სადაც პილოტების და სტიუარდესების ვინაობა არ დადგინდა.
“ერთ რაღაცას ვიტყვი, მამაჩემი საქართველოში იყო ძალიან ცნობილი კარდიოლოგი, რომელმაც გადაარჩინა ბევრი ხალხი თავის დროზე. ძალიან ცნობილი პიროვნება იყო. მე თვითონ სტომატოლოგი ვარ. მე ვარ გაზრდილი საქართველოში. ქართული ენა ჩემი არის ჩემთვის, როგორც მშობლიური ენა, ძალიან მიყვარხართ. ყოველთვის იყო ჩვენს შორის დიდი ძმობა და იმედი მაქვს, ეს გაგრძელდება", - თქვა ექიმმა.
იხილეთ ასევე: