ავტორი:

“იატაკზე დაჭრილი ვიწექი, როდესაც საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ბოლო ძალა უნდა მომეკრიბა“ - Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი თავდასხმის დეტალებს იხსენებს

“იატაკზე დაჭრილი ვიწექი, როდესაც საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ბოლო ძალა უნდა მომეკრიბა“  - Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი თავდასხმის დეტალებს იხსენებს

დუბაიდან თელ ავივისკენ მიმავალ Flydubai-ს რეისზე მომხდარი საზარელი ინციდენტის შემდეგ, ხომალდის ინდოელმა პილოტმა, კაპიტანმა სმიტ მაჩჰარმა, რომელსაც მეორე პილოტმა დანით ჭრილობები მიაყენა, თავდასხმის დრამატული წუთები გაიხსენა. მძიმედ დაჭრილმა პილოტმა შეძლო კაბინის კარის გაღება, რამაც მგზავრებსა და ეკიპაჟს საშუალება მისცა კაბინაში შესულიყვნენ და კატასტროფა აეცილებინათ.

  • Flydubai-ს რეისი FZ1073, რომელიც დუბაიდან თელ ავივის მიმართულებით ოთხშაბათს დილით მიფრინავდა, ფრენიდან ორ-ნახევარი საათის შემდეგ მოულოდნელად 17 000 ფუტზე (დაახლოებით 5 200 მეტრზე) მეტი სიმაღლით დაეშვა.

ხომალდმა ჯერ საგანგებო სიგნალი გააგზავნა, ხოლო შემდეგ 7500 კოდზე (გატაცების სიგნალი) გადაერთო. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ერთ-ერთმა პილოტმა მეორეს დანა ჩაარტყა და თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა. იმ მომენტში ბორტზე 170-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.

  • პილოტის გმირობა და ნარენდრა მოდისთან საუბარი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან ვიდეოზარისას კაპიტანმა სმიტ მაჩჰარმა განაცხადა, რომ იატაკზე დაჭრილი იწვა, როდესაც გაეცნობიერა, რომ თვითმფრინავი სწრაფად ეშვებოდა და სასწრაფოდ რამე უნდა ეღონა.

  • “იატაკზე დაჭრილი ვიწექი, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ბოლო ძალა უნდა მომეკრიბა კარის შიგნიდან გასაღებად. ვითარების კონტროლში მგზავრებიც ჩაერთნენ. რა თქმა უნდა, საკუთარი სიცოცხლისთვის ვიბრძოდი, თუმცა იმავდროულად ვიცოდი, რომ არ მივცემდი უფლებას სხვები დაეღუპა“, - აღნიშნა პილოტმა.

მაჩჰარი 17 წელია თვითმფრინავებს მართავს. მან პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ დახუჭული თვალებითაც კი შეუძლია იგრძნოს, რა ემართება ხომალდს. თავის მხრივ, ნარენდრა მოდიმ პილოტი სიმამაცის, მოთმინებისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისთვის შეაქო და აღნიშნა, რომ მთელი ქვეყანა ამაყობს მისით.

  • თავდამსხმელის ვინაობა და ევაკუაცია საუდის არაბეთში

მას შემდეგ, რაც მგზავრებმა თავდამსხმელი დაამორჩილეს, ბორტზე მყოფმა ორმა რეზერვისტმა პილოტმა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტაბუკის აეროპორტში, ადგილობრივი დროით 06:58 საათზე.

ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავდამსხმელი ომანის მოქალაქე იყო, რომელმაც ისლამისტური რადიკალური ინდოქტრინაცია გაიარა. გაკოჭვის შემდეგ თავდამსხმელი ეკიპაჟს ყვირილით სთხოვდა: “მომკალით!“, რაც მის სუიციდურ განზრახვაზე მიუთითებდა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, უკავშირდება თუ არა ინციდენტი ტერორისტულ საქმიანობას.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მაჩჰარს “ნამდვილი გმირი“ უწოდა. პილოტი თავდაპირველად ტაბუკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით ავიაციით აბუ-დაბიში გადააფრინეს, სადაც მისი მდგომარეობა სტაბილურია.

“ამ ჭრილობას უბრალო იარად არ აღვიქვამ, რადგან ეს აღდგენას გაართულებდა. მას ვუყურებ როგორც გზას, რომელიც უნდა გავიარო და დარწმუნებული ვარ, რომ სრულად გამოვჯანმრთელდები“, - განაცხადა მაჩჰარმა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ინდოეთის ელჩმა დიპაკ მიტალმა დაადასტურა, რომ კაპიტანი მაჩჰარი თავს კარგად გრძნობს და წარმატებით გადის რეაბილიტაციას.

წყარო

იხილეთ ასევე: