"დღეს ბრძოლის ხაზი გადის თბილისზე და არა პარიზზე"

 "დღეს ბრძოლის ხაზი გადის თბილისზე და არა პარიზზე"

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში პოლიტიკურმა ტემპერატურამაც იმატა. მიმდინარე რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე  პოლიტიკური პარტია "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი გვესაუბრება.

- ახლახან ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ხისტი და ხმაურიანი განცხადებით გამოვიდა თქვენი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ...

- ირაკლი ოქრუაშვილის საფრანგეთიდან შემოძახილ, შემოთვლილ საბრძოლო ყიჟინას სერიოზულად არ აღვიქვამთ თუნდაც იმიტომ, რომ მან ორი დღეც ვერ გაძლო ციხეში და ახლაც, შეშინებული საფრანგეთშია გადახვეწილი და პარიზულ რესტორან "დედაში" იმალება. რაც შეეხება ჩვენი პარტიის, მისი ლიდერის საქმიანობის ოქრუაშვილისეულ შეფასებას, ჩვენ, მისგან განსხვავებით, ბრძოლის ველზე ვართ და კონსტიტუციური გზით ვიბრძვით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში არც ციხისა გვეშინია, არც არაფრის. ოქრუაშვილს კი შევახსენებ, რომ დღეს ბრძოლის ხაზი თბილისზე, საქართველოზე გადის და არა პარიზზე.

- რატომ უთხრა ჰააგის სასამართლომ საქართველოს საქმის არსებით განხილვაზე უარი?

- ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება სარჩელზე საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიუთითებდა რუსეთის მიერ კონფლიქტურ რეგიონებში რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დარღვევაზე. ჰააგის სასამართლომ საქართველოს საქმის არსებით განხილვაზე უარი უთხრა, რადგან იგი პროცედურულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. რუსეთი ამ საქმეს 4 პროცედურულ პრეტენზიას უყენებდა, რომელთაგან ერთ-ერთი დაკმაყოფილდა.

საქმე ის არის, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სარჩელის შეტანამდე არ ამოწურა აუცილებელი პროცედურული მოთხოვნები, კერძოდ, დავის გადაწყვეტა ან მოპასუხე სახელმწიფოსთან მოლაპარაკების გზით უნდა სცადო, ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო კომიტეტს უნდა მიმართო.. მათ არც ერთი გააკეთეს და არც მეორე.

რის გამოც ჰააგის სასამართლომ საქმის არსებით განხილვაზე უარი განაცხადა, რაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლების არაკომპეტენტურობის შედეგად გამოწვეული მარცხია. ხოლო მათი ფანტაზია, ვინც ამტკიცებს, რომ ჰააგაში თურმე, საქმე მოვიგეთ, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. აქაც ჩვეული სულსწრაფობა გამოიჩინეს და ჰააგის სასამართლოს ომის დასრულების მეორე დღესვე, 12 აგვისტოს მიმართეს. ხომ შეიძლებოდა, თუნდაც ფორმალურად, რუსეთისთვის მოლაპარაკება შეგვეთავაზებინა?

- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ "რვიანის" მოლაპარაკება ხელისუფლებასთან ჩიხში შევიდა, თქვენს ახალ შეთავაზებებს კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა "აბსურდი" უწოდა.

- ეს მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. ფაქტია, რომ ხელისუფლება ცდილობს, პროცესი შეაფერხოს. ახლახან მმართველ გუნდს კონკრეტული შეთავაზებებით მივმართეთ. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელი ყველაზე სამართლიანია, რადგან ესა თუ ის პარტია, პროპორციულ არჩევნებში ხმების რა პროცენტსაც აიღებს, იმდენ ადგილს მოიპოვებს პარლამენტში. ჩვენ პასუხს ველოდებით. თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, შემდეგ განვითარებულ პროცესებზე პასუხს ხელისუფლება აგებს.

- მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია, ძირითადად მაჟორიტარულ არჩევნებს ებრძვის, არ უნდათ რაიონებს წარმომადგენლები ჰყავდეთ პარლამენტში...

- სააკაშვილი ცრუობს და შავ პიარს გვიგორებს. მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას არასდროს ვითხოვდით. ის ხედავს, რომ მოლაპარაკების პროცესის უშედეგოდ დასრულებას არც "რვიანში" შემავალი პარტიები დაუშვებენ, და არც ხალხი. პირიქით, ჩვენ ვითხოვთ, ყველა მაჟორიტარი თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველს წარმოადგენდეს, ხოლო დიდ რაიონებს რამდენიმე მაჟორიტარი უნდა ჰყავდეს. ამასთანავე, სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოებრიობისგანაც გრძნობს დიდ ზეწოლას, ნატოს წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს უახლოეს შეხვედრაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება იქნება.

- 2 მაისს, სახალხო კრება საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებს...

- სახალხო კრება, ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალა რეჟიმის რევოლუციური გზით ცვლილებასა და შემდგომ არჩევნების ჩატარებაზე საუბრობს, თუმცა, პასუხგაუცემელი რჩება შეკითხვა: დემოკრატიული იქნება მორიგი რევოლუციური გზით მოსული ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები?

ხომ არ მოვა ხელისუფლებაში ძალა, რომელიც არაფრით იქნება სააკაშვილის რეჟიმზე უკეთესი? Bბურჯანაძის მიერ ორგანიზებულ აქციებში მონაწილეობას არ ვაპირებთ.

- ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებმა დიდი ხმაური გამოიწვია, რის შემდეგაც მათ განაცხადეს, რომ რეიტინგების გამოქვეყნების წესს გადახედავენ..

- ამ ინიციატივას მხოლოდ მივესალმები, რადგან მიმაჩნია, რომ ამგვარი კვლევების მონაცემები საჯარო და საიდუმლო ნაწილებად არ უნდა იყოფოდეს, იგი სრულად უნდა გამოქვეყნდეს. ჩვენთვის ეს მონაცემები კარგა ხანს არავის გადმოუცია, "ნაციონალებისგან" განსხვავებით, რომლებსაც იმავე დღესვე ჰქონდათ ყველა დოკუმენტი.

- კრიტიკის სამიზნედ იქცა თქვენი განცხადება, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ერთგულების ვოტუმი 35 პროცენტია", რაზედაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: თუ 35 პროცენტი აქვთ, მე-3 ადგილზე როგორ არიან, არითმეტიკაც არ იციანო..

- როცა ადამიანს არ სურს სიმართლის გაგება, ვერც გაიგებს. მე სულ სხვა რამ ვთქვი. სოციოლოგიური კვლევა კომპლექსურია და სხვადასხვა პარამეტრს მოიცავს, ხოლო კითხვაზე: "არის თუ არა თავისუფალი დემოკრატები" თქვენი ერთადერთი არჩევანი?"- ჩვენი მხარდამჭერების 35-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა. და კიდევ, - დღეს ქვეყანაში შექმნილი საყოველთაო შიშის ატმოსფეროს გამო, ადამიანები კითხვას ან არაგულწრფელად პასუხობენ, ან საერთოდ არ სცემენ პასუხს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე