ავტორი:

"სავარაუდოდ, ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა" - რას ამბობენ შსს-ში და რას ამბობს წყარო ინფორმაციაზე, რომ კავკასიის უნივერსიტეტის წვეულებაზე სტუდენტების ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

"სავარაუდოდ, ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა" - რას ამბობენ შსს-ში და რას ამბობს წყარო ინფორმაციაზე, რომ კავკასიის უნივერსიტეტის წვეულებაზე სტუდენტების ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავკასიის უნივერსიტეტში გამართულ Welcome Party-ზე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების მიღების შედეგად, 10-მდე სტუდენტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

“უნივერსიტეტის ველქამზე რამდენიმე გოგო ცუდად გახდა, ყველას ერთი და იგივე სიმპტომი აქვს. პირველკურსელები ჩატებში ერთმანეთს აფრთხილებენ არავის მოწოდებული სასმელი არ დალიონ. პოლიციამ ვიღაცები განყოფილებაში გადაიყვანა.კი, ძალიან მშვიდობა გვაქვს კალაძის ქალაქში,” - წერს ნათია გაბრავა სოციალურ ქსელში.

  • ერთ-ერთი ვერსიით, წვეულებაზე შეპარულმა პირმა სტუდენტების ალკოჰოლურ სასმელში გაურკვეველი ნივთიერება ჩაამატა, რომელიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება იყო.

Ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

  • Ambebi.ge-ს წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას, რის შედეგადაც 5 სტუდენტი მოიწამლა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა.

წყარო გვეუბნება, რომ უმრავლესობა გოგონები არიან, რომელთა შორის ერთი გუშინვე გაწერეს კლინიკიდან, დანარჩენებს კი დღეს გაწერენ.

Ambebi.ge აღნიშნული თემის შესახებ კავკასიის უნივერსიტეტსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მალე გვიპასუხებენ. პასუხების მიღებისთანავე მასალა გაახლდება.