ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში "შავი ჭირის" გავრცელების თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.
"რამდენიმე დღის წინ ირკუტსკში შავი ჭირის ფილტვის ფორმით გარდაიცვალა შავი ჭირის ლაბორატორიის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას დაუზიანდა ბაქტერიის შემცველი სინჯარა, რის შედეგადაც დაინფიცირდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამასთან დაკავშირებით იზოლაციაშია 200-მდე ადამიანი. დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. საქმე იმაშია, რომ ბევრ დეტალს ალბათ უახლოეს მომავალში ვერც გავიგებთ, რადგან რუსეთში ეპიდაფეთქებების დროს კომუნიკაციის საერთაშორისო ნორმებს არ იცავენ და მსგავსი ინფორმაცია საგულდაგულოდ იმალება ხოლმე. ამასთან დაკავშირებით გამახსენდა სვერდლოვსკის ჯილეხის ისტორია (1979 წლის). მე, რომელიც საბჭოთა კავშირში გავიზარდე, ეს ამბავი გაგონილიც არ მქონდა და პირველად ამერიკაში სწავლის დროს ეპიდემიოლოგიის კურსზე, სადაც როგორც სასწავლო შემთხვევა, ისე გამოიტანეს.
ევროპის ქვეყნებში რომ არ შეენიშნათ რადიაციული დაბინძურება, რამდენ ხანს დამალავდა ამ ფაქტს საბჭოთა კავშირი, ვინ იცის. ეს ტენდენცია ახლაც "წარმატებით“ გრძელდება რუსეთში (სამწუხაროდ, არც ჩვენი ქვეყანა "ბრწყინავს“ ეპიდკვლევის წესების და შედეგების კომუნიკაციის კუთხით, რისი მაგალითიც ახლახან ვიხილეთ)." - წერს ინფექციონისტი.
"რაც შეეხება შავ ჭირს, არსებობს მისი ბუნებრივად გავრცელებული ფორმა, რომელიც მღრღნელებს და რწყილებს გადააქვთ, და ბიოტერორიზმის მიზნით შემუშავებული ფორმა, რომელიც გადაეცემა ჰაერით გავრცელებული ბაქტერიის შესუნთქვით. საბჭოთა კავშირი აქტიურად აწარმოებდა ბიოლოგიურ იარაღს და ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში. ეს მემკვიდრეობა, ცხადია, რუსეთს გადაეცა.ბუნებრივი გზით გავრცელებული შავი ჭირი ძირითადად იწყება კანის დაზიანებით, ე.წ. შავი ჭირის ბუბონით (მტკივნეული, გადიდებული ლიმფური კვანძი) და შემდეგ ხდება ინფექციის გავრცელება სხვადასხვა ორგანოებზე.
რაც შეეხება შავი ჭირის, როგორც ბიოტერორიზმის აგენტის კლინიკურ მიმდინარეობას, რადგან ის შესუნთქვით ვრცელდება, პირდაპირ პნევმონიას იწვევს, კანის ფორმის გარეშე. პნევმონიური შავი ჭირი საკმაოდ ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე.როგორც დასაწყისში ვახსენე, ამჟამად რუსეთში შავ ჭირთან დაკავშირებული პრობლემის მასშტაბი არ ვიცით. იმედია, ეპიდემიის სახეს არ მიიღებს. თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა." - წერს მაია ბუწაშვილი.
ასევე იხილეთ: