სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავკასიის უნივერსიტეტში გამართულ Welcome Party-ზე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების მიღების შედეგად, 10-მდე სტუდენტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
"სასმელში ნარკოტიკული ნივთიერების ჩაყრა "ხუმრობა“ არ არის - ეს შეიძლება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში იყოს. წვეულებებზე სასმელში ფარულად GHB/GBL-ის დამატების შემთხვევები მსოფლიოში აღწერილია. ამ ნივთიერებამ, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების სწრაფი დათრგუნვა, სუნთქვის გაჩერება და კომა.
კავკასიის უნივერსიტეტის წვეულებაზე მომხდარ შემთხვევაშიც ჯერ უნდა დადგინდეს, რა ნივთიერება აღმოჩნდა სასმელში. GHB-ზე საუბარი ამ ეტაპზე მხოლოდ ვერსიაა. GHB (გამა-ჰიდროქსიბუტირატი) და მისი წინამორბედი GBL მართლაც ფიქსირდება სასმელში ფარულად დამატების, ე.წ. Drink Spiking-ის შემთხვევებში, მათ შორის ღამის კლუბებსა და წვეულებებზე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთი შემთხვევა GHB-ს არ უკავშირდება - შეიძლება გამოყენებული იყოს ბენზოდიაზეპინები, საძილე საშუალებები ან სხვა:
თუ წვეულებაზე ადამიანს უეცრად ეწყება ძლიერი ძილიანობა, დაბნეულობა, წონასწორობის დაკარგვა ან კარგავს ცნობიერებას - ნუ ჩათვლით ამას უბრალოდ ალკოჰოლის შედეგად. 112. დაუყოვნებლივ." - წერს ნარკოლოგი.
"გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.ღონისძიების მიმდინარეობისას რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა, რის გამოც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩნდათ. სტუდენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება" - აცხადებენ უნივერსიტეტში.
Ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.Ambebi.ge-ს წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას, რის შედეგადაც 5 სტუდენტი მოიწამლა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა.
ასევე იხილეთ: