ავტორი:

“თეთრი სახლი ვითარებას აკონტროლებს“ - რუსეთში 28 წლის მეცნიერის გარდაცვალებისა და “შავი ჭირის“ სავარაუდო აფეთქების შემდეგ აშშ რეაგირებისთვის ემზადება: ახალი დეტალები

“თეთრი სახლი ვითარებას აკონტროლებს“ - რუსეთში 28 წლის მეცნიერის გარდაცვალებისა და “შავი ჭირის“ სავარაუდო აფეთქების შემდეგ აშშ რეაგირებისთვის ემზადება: ახალი დეტალები

“თეთრი სახლი ყურადღებით აკვირდება რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას მას შემდეგ, რაც ციმბირში 28 წლის ლაბორანტი გარდაიცვალა, ხოლო 200-მდე ადამიანი კარანტინში მოათავსეს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ინფორმირებულია შექმნილი ვითარების შესახებ და შესაძლო მოქმედების ვარიანტებს აფასებს,“ - ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წერს და როგორც გამოცემასთან საუბარში წყარო აღნიშნავს, რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებმა “შავი ჭირის“ წინააღმდეგ სპეციალური ზომები უკვე მიიღეს.

ირკუტსკის ოლქში მდებარე ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 28 წლის მკვლევარი, დარია შიპილოვა მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც, გავრცელებული ცნობებით, პათოგენის შემცველი სინჯარა გაუტყდა. იგი რუსეთ-მონღოლეთის საზღვართან სამეცნიერო ექსპედიციაში იმყოფებოდა, სადაც ნიმუშების შეგროვებისას დაინფიცირდა.

შიპილოვა სამშაბათს ქალაქ შელეხოვის საავადმყოფოში მძიმე ფილტვების ანთების სიმპტომებით გადაიყვანეს და ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მიაერთეს, თუმცა იგი ხუთშაბათს გარდაიცვალა.

ფაქტის შემდეგ ხელისუფლებამ შელეხოვის საავადმყოფო სრულად ჩაკეტა, ხოლო 200-მდე პირი, რომელთაც გარდაცვლილთან კონტაქტი ჰქონდათ, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსა. ამ ეტაპზე იზოლირებულ პირებს დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებათ და ტესტების შედეგები უარყოფითია.

ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა დაავადებას “საშიში ინფექციური დაავადება“ უწოდა და რეგიონში ყველა მასობრივი ღონისძიება გააუქმა. თავის მხრივ, რუსეთის ჯანდაცვის სააგენტო აცხადებს, რომ შიპილოვას “დაუზუსტებელი ეტიოლოგიის პნევმონია“ ჰქონდა და დამატებითმა ტესტებმა მისი სამუშაო საქმიანობის შემცველი მიკროორგანიზმები ვერ გამოავლინა, ხოლო რეგიონში ვითარება სტაბილურია.

დაინფიცირების შესახებ ცნობების მიღების შემდეგ, რუსეთის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი ანა პოპოვა მოსკოვიდან ირკუტსკში სასწრაფოდ ჩაფრინდა. საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ შესაძლოა ვითარება ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის სცენარს დაემსგავსოს.

პოპოვას მომხდარზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა რუსი ეპიდემიოლოგი მიხაილ ფავოროვი სინჯარის გატეხვის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, შავი ჭირის ინსტიტუტის თანამშრომლებს სპეციალური დამცავი კოსტიუმები აცვიათ და სინჯარის გატეხვის შემთხვევაშიც კი დაინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია, რის გამოც იგი ფაქტების შესაძლო მიჩქმალვაზე მიუთითებს.

წყარო

იხილეთ ასევე: