მოსკოვში 53 წლის ბიზნესმენის, ელენა წერეთლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის მკვლელობის საქმეზე სულ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი.
ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული 47 წლის თეიმურაზ გოგიაშვილი დაკავებულია და სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსული მედიის ცნობით, მამაკაცმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა, ის ამტკიცებს, რომ მომხდარი საყოფაცხოვრებო კონფლიქტის შედეგად მოხდა და მკვლელობას ანგარება არ ედო საფუძვლად.
საქმის მასალების შესახებ ახალ დეტალებს რუსული მედია, მათ შორის Mash, ავრცელებს.
გამოძიების მიერ გავრცელებული ვერსიით, ყველაფერი 1 ოქტომბერს დაიწყო. ამ დღეს გოგიაშვილმა ელენა წერეთლის 19 წლის ქალიშვილი ჩოგბურთის ვარჯიშიდან წაიყვანა. ახალგაზრდა ქალს ძვირადღირებული უცხოური ავტომობილის, კერძოდ, "მერსედესის“ შეძენა სურდა, თუმცა დედის პარტნიორი ამის წინააღმდეგი იყო.გზაში მათ მანქანის გამო იკამათეს.
გოგიაშვილმა გოგონა საკუთარ ავტოფარეხში წაიყვანა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, კლიენტებისთვის ავტომობილებს არემონტებდა. კამათი კიდევ უფრო გამწვავდა. გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა იარაღი აიღო და გოგონას თავში ესროლა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გოგიაშვილმა ცხედარი ავტოფარეხში დამალა.
შემდეგ გოგონას ტელეფონი წაიღო და სახლში წავიდა. დამნაშავეს ტელეფონის პაროლი ჰქონდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახალგაზრდა ქალის სახელით მის შეყვარებულს თავად სწერდა, რათა მომხდარი დაემალა და ოჯახის წევრებს ეჭვი არ გასჩენოდათ.
გვიან საღამოს გოგიაშვილი სახლში დაბრუნდა და ელენა წერეთელს მომხდარის შესახებ თავად უამბო. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ვერსიით, ქალს ძლიერი ისტერიკა დაემართა. ამის შემდეგ მამაკაცმა მასაც ესროლა.
ელენა წერეთელი ადგილზე გარდაიცვალა. მისი ცხედარი გოგიაშვილმა სააბაზანოში გადაიტანა. შემდეგ ის კვლავ ავტოფარეხში დაბრუნდა, სადაც ახალგაზრდა ქალის ცხედარი დაანაწევრა და სხეულის ნაწილები პარკებში მოათავსა.
მედიის ცნობით, მეორე დილით მან იგივე გაუკეთა ელენა წერეთლის ცხედარს. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ცხედრის ნაწილი მან ხორცსაკეპ მანქანაშიც გაატარა.

3 ოქტომბერს ოჯახის წევრებს ეჭვი გაუჩნდათ, რადგან ელენა წერეთელს ვერ უკავშირდებოდნენ. ერთ-ერთმა ახლობელმა, ქალთან ორი დღის განმავლობაში დარეკვა ვერ შეძლო და ოჯახის წევრებმა განგაში ატეხეს. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი სასტიკი მკვლელობის შესახებ.
ელენა წერეთლის ცხედარი მის საცხოვრებელ ბინაში, ჟულებინის ბულვარზე აღმოაჩინეს. მისი 19 წლის ქალიშვილის ცხედარი მოგვიანებით გოგიაშვილის ავტოფარეხში იპოვეს.
იქვე, სამართალდამცველებმა, გავრცელებული ინფორმაციით, იარაღისა და საბრძოლო მასალის სამალავიც აღმოაჩინეს.
გამოძიების ინფორმაციით, გოგიაშვილმა მოსკოვიდან გაქცევა სცადა. მას თან ჰქონდა მოკლული ელენა წერეთლის ძვირფასი ნივთები - საათი და საყურეები, ასევე იარაღი. მამაკაცი ქალაქიდან ძველი ნაცნობის დახმარებით წავიდა. ქალმა, რომლის ვინაობაც მედიაში ამ ეტაპზე არ სახელდება, მომხდარის შესახებ, გავრცელებული ცნობებით, არაფერი იცოდა.
მათ ვორონეჟის ოლქისკენ აიღეს გეზი. გზაში ავტომობილი სამართალდამცველებმა გააჩერეს და გოგიაშვილი დააკავეს.
საქმეში კიდევ ერთი უცნაური დეტალი გამოჩნდა. რუსული მედიის ცნობით, გოგიაშვილი წლების განმავლობაში პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი 40 წლის ქალია, რომელთანაც, მამაკაცს დაახლოებით ოთხწლიანი ურთიერთობა ჰქონდა.
მედიის ცნობით, ელენა წერეთელი გოგიაშვილის ფინანსურ პრობლემებშიც ეხმარებოდა და მას პირადი ხარჯებისთვის საკუთარი საბანკო ბარათიც კი ჰქონდა მიცემული.
გაზაფხულზე მან 40 წლის საყვარელს BMW X5 გამოართვა და უთხრა, რომ ავტომობილს საბურავები უნდა შეეცვალა. მანქანა ქალს აღარ დაუბრუნა. მოგვიანებით გოგიაშვილმა მისგან კიდევ 500 ათასი რუბლი ისესხა და თანხის აღების მიზეზად ძრავის შეკეთება დაასახელა.
ქალმა მას თანხა მისცა, თუმცა ავტომობილი და ფული აღარ დაუბრუნებია.
საქმის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დეტალი სწორედ ამ ქალს უკავშირდება. გავრცელებული ცნობებით, ის სექტემბერში გოგიაშვილის მიწვევით მოსკოვში ჩავიდა და სასტუმროში დაბინავდა. მკვლელობის დღეს ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. მოგვიანებით, ღამით, გოგიაშვილი მასთან სასტუმროში მივიდა და მშვიდად დაიძინა.
ქალს, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ გოგიაშვილს ორმაგი მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი. მოგვიანებით მან მამაკაცის თხოვნით ავტომობილი იქირავა და თავად დაჯდა საჭესთან, რათა კაცი როსტოვში, შვილებთან წაეყვანა.
მათი გზა ვორონეჟის ოლქში შეწყდა - ავტომობილი სამართალდამცველებმა გააჩერეს და მამაკაცი დააკავეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, გოგიაშვილმა რუსეთის მოქალაქეობა 2022 წელს მიიღო და მანამდე საქართველოს მოქალაქე იყო. Mash-ის ცნობით, ის ელენა წერეთელს 2020 წელს, მოსკოვის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა.
ელენა წერეთელი მანამდე რესტორატორ მამუკა წერეთელზე იყო დაქორწინებული. განქორწინების შემდეგ, 2023 წელს, ელენა და გოგიაშვილი ერთად გადავიდნენ ნაქირავებ ბინაში.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგიაშვილი ფიტნეს-ტრენერად და საკვების მიმტანად მუშაობდა, ელენა წერეთელს კი საკუთარი სილამაზის სალონი ჰქონდა.
მოგვიანებით ქალმა ბინა ჟულებინის ბულვარზე შეიძინა - სწორედ იმ სახლში, სადაც მისი ცხედარი მოგვიანებით აღმოაჩინეს.