ნადეჟდა მიხალკოვას ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები მოხდა, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა. ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილი მეორედ გათხოვდა, მეუღლე კი ამჯერად მაღალი რანგის პოლიტიკოსი აღმოჩნდა - ხანტი-მანსიისკის ავტონომიური ოლქის გუბერნატორი რუსლან კუხარუკი.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ეკატერინა დაარქვეს. პატარა ხანტი-მანსიისკში, აღდგომის საკათედრო ტაძარში მონათლეს. ნათლობის ფაქტი რეგიონულმა ხელისუფლებამაც დაადასტურა.

ნადეჟდას რჩეული 47 წლის რუსლან კუხარუკია - ხანტი-მანსიისკის ავტონომიური ოლქის, იუგრის მოქმედი გუბერნატორი.
კუხარუკი ტიუმენშია დაბადებული, იურიდიული განათლება აქვს და წლების განმავლობაში რეგიონულ ადმინისტრაციაში მუშაობდა. მანამდე ის ტიუმენის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, 2024 წელს კი იუგრის გუბერნატორი გახდა.
ნადეჟდა და რუსლანი ერთმანეთს დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, ხანტი-მანსიისკში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე შეხვდნენ. მიხალკოვა ფესტივალზე ჟიურის წევრად იყო მიწვეული. სწორედ იქ დაიწყო მათი ურთიერთობა.
როგორც ჩანს, რომანი საკმაოდ სწრაფად გადაიზარდა სერიოზულ ურთიერთობაში, თუმცა წყვილმა დეტალები მაქსიმალურად დამალა.
მათი ურთიერთობის პირველი ნიშნები სოჭში გამოჩნდა - 2026 წლის დასაწყისში ნადეჟდა და რუსლანი უკვე ერთად დააფიქსირეს სოჭის ძვირადღირებულ სასტუმროში. თუმცა მაშინ მათი ურთიერთობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ნადეჟდა ღონისძიებაზე მეუღლესთან ერთად მივიდა. ეს მისი პირველი საჯარო გამოჩენა იყო პოლიტიკოსის მეუღლის სტატუსით.
და სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი ისიც, რასაც წყვილი აქამდე საგულდაგულოდ მალავდა - ისინი დაქორწინებულები არიან და საერთო შვილი ჰყავთ.
პირველი ქორწინებიდან მას 15 წლის ქალიშვილი ნინა და 13 წლის ვაჟი - ივანე ჰყავს. მათი მამა ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილია.
ნადეჟდასა და რეზოს ქორწინება 2017 წელს დასრულდა. მიუხედავად განქორწინებისა, ყოფილმა მეუღლეებმა შვილების გამო ურთიერთობის შენარჩუნება შეძლეს. თავად მიხალკოვა წარსულში ამბობდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო შვილებს მამასთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ და განქორწინებას მათი ცხოვრებისთვის დამატებითი ტრავმა არ მიეყენებინა.

საინტერესო დეტალია ისიც, რომ რუსლან კუხარუკისთვისაც ეს პირველი ქორწინება არ არის. გუბერნატორს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს - ქალიშვილი ტატიანა და ვაჟი მაქსიმი. ნადეჟდას მსგავსად, მასაც უკვე ჰყავდა ოჯახი და შვილები.
მიხალკოვა ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი რუსი მსახიობია, როცა საქმე პირად ცხოვრებას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი კინო დინასტიის წარმომადგენელია, ის იშვიათად საუბრობს ოჯახურ ურთიერთობებზე და შვილების ცხოვრებასაც საჯარო სივრცისგან მაქსიმალურად იცავს.
წაიკითხეთ ასევე: