ავტორი:

7 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც თქვენს ტვინს ჩუმად ანადგურებს - ნეიროქირურგის გაფრთხილება და რჩევები

7 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც თქვენს ტვინს ჩუმად ანადგურებს - ნეიროქირურგის გაფრთხილება და რჩევები

ადამიანები ხშირად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ახალგაზრდული იერსახის შენარჩუნებას, თუმცა ავიწყდებათ გონების სიმახვილეზე ზრუნვა. ნეიროქირურგ რენდი დ'ამიკოს თქმით, ტვინის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც პრობლემები უკვე იჩენს თავს, თუმცა ყოველდღიური არჩევანი პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენს მომავალ კოგნიტურ შესაძლებლობებს.

ნიუ-იორკის Northwell Lenox Hill-ის საავადმყოფოს ტვინისა და ხერხემლის მეტასტაზების ნეიროქირურგიული პროგრამის დირექტორმა, დოქტორმა რენდი დ'ამიკომ New York Post-თან ინტერვიუში 7 ყოველდღიური ჩვევა დაასახელა, რომლებიც ტვინის ჯანმრთელობას ჩუმად აზიანებს.

  • 1. მეტისმეტად დიდ ხნით მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნა და უძრავი ცხოვრების წესი

ფიზიკური უმოქმედობა უარყოფითად მოქმედებს სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე, რაც თავის მხრივ პირდაპირ აისახება ტვინის ფუნქციონირებაზე.

“ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დიდი სპორტსმენი უნდა იყოთ, თუმცა უბრალოდ მოძრაობა გესაჭიროებათ“, - აღნიშნავს დ'ამიკო. ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) რეკომენდაციით, ზრდასრულმა ადამიანმა კვირაში სულ მცირე 150 წუთი საშუალო ინტენსივობის ან 75 წუთი მაღალი ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობას უნდა დაუთმოს. ნეიროქირურგის თქმით, ტვინი ელოდება, რომ სხეული იმოძრავებს.

  • 2. ძილის ნაკლებობა

ძილის ნაკლებობა მხოლოდ დილის დაღლილობით არ გამოიხატება. ძილის უკმარისობა ან ცუდი ხარისხის ძილი უარყოფითად მოქმედებს ყურადღებაზე, მეხსიერებაზე, გუნება-განწყობაზე, ასევე მეტაბოლურ და სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, ზრდასრულმა ადამიანმა ღამეში სულ მცირე 7 საათი უნდა დაიძინოს. დ'ამიკოს განმარტებით, ძილის დროს ტვინი არ ითიშება - იგი დაკავებულია მნიშვნელოვანი “ტექნიკური მომსახურებით“, რა დროსაც ხდება მიღებული განათლების, სწავლისა და მოგონებების კონსოლიდაცია.

  • 3. ულტრაგადამუშავებული საკვები

რაფინირებული და ულტრაგადამუშავებული საკვებით მდიდარი რაციონი, სადაც ცოტაა ბოსტნეული, ხილი, პარკოსნები, მთლიანი მარცვლეული, ჯანსაღი ცხიმები და ხარისხიანი ცილა, უარყოფითად მოქმედებს წონაზე, ქოლესტერინზე, გლუკოზის დონესა და არტერიულ წნევაზე.

“ის, რაც კარგია თქვენი არტერიებისთვის, კარგია თქვენი ტვინისთვისაც, ამიტომ გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობა ტვინის ჯანმრთელობაა“, - აცხადებს. ნეიროქირურგი

  • 4. არტერიული წნევის, ქოლესტერინისა და შაქრის დონის იგნორირება

მაღალმა არტერიულმა წნევამ, მაღალმა ქოლესტერინმა და დიაბეტმა შესაძლოა დააზიანოს სისხლძარღვები, რომლებიც ტვინს ჟანგბადითა და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით ამარაგებს.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ნიშნები ხშირად უსიპტომოდ მიმდინარეობს.

“ადამიანი თავს კარგად გრძნობს და ამ მაჩვენებლებს ყურადღებას არ აქცევს, თუმცა პროცესები შესაძლოა წლების განმავლობაში ფარულად ვითარდებოდეს და შორეულ პერსპექტივაში მძიმე შედეგები გამოიწვიოს“, - განმარტავს ნეიროქირურგი.

  • 5. მუდმივად გაფანტული ყურადღება

სმარტფონები, უწყვეტი შეტყობინებები, სოციალური მედია და კონტენტის უსასრულო ნაკადი თანამედროვე ადამიანის ყურადღებას ფრაგმენტულს ხდის. მუდმივი სტიმულაცია ხელს უშლის ძილს და ავიწროებს ისეთ აქტივობებს, რომლებიც გონებას ავარჯიშებს და ამაგრებს.

დ'ამიკოს გადაწყვეტა ამ პრობლემისთვის ცხოვრებაში “მოწყენილობის დაბრუნებაა“. იგი აღნიშნავს, რომ ყოველ საღამოს თიშავს ყველა მოწყობილობას და მშვიდად კითხულობს წიგნს.

“ადამიანმა უნდა ისწავლოს მოწყენილობის ატანა და ყოველი ცარიელი მომენტის სტიმულაციით ავსება არ არის საჭირო“, - დასძენს იგი.

  • 6. სოციალური კონტაქტების შემცირება და იზოლაცია

სოციალური იზოლაცია აღიარებულია კოგნიტური დაქვეითებისა და დემენციის განვითარების ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად. შინაარსიანი სოციალური ურთიერთქმედება ტვინს აიძულებს იმუშაოს: რთავს ყურადღებას, ენას, მეხსიერებასა და ემოციურ დამუშავებას.

“ეს არ არის იგივე, რაც სოციალურ ქსელში 20 000 გამომწერის ყოლა. ეს არ არის სოციალური ჩართულობა. თქვენი ტვინი განვითარდა რეალურ ადამიანებთან და სხვა ტვინებთან ურთიერთობისთვის“, - განმარტავს ექიმი.

  • 7. გუნება-განწყობისა და ემოციების რეგულირებისთვის ნივთიერებების გამოყენება

თუ კონცენტრაციისთვის ნიკოტინი, ხოლო მოდუნების ან დაძინებისთვის ალკოჰოლი გჭირდებათ, ეს სერიოზულ დაფიქრებას საჭიროებს. თამბაქოს მოხმარება აზიანებს სისხლძარღვებსა და ტვინს, ხოლო ალკოჰოლი ნევროლოგიურ და კოგნიტურ ზიანს იწვევს.

როდესაც ნივთიერება ხდება თქვენი ავტომატური პასუხი სტრესზე, დაღლილობასა თუ მოწყენილობაზე, თქვენ ყოველდღიურ რუტინაში დამოკიდებულებას აყალიბებთ. ნეიროქირურგის თქმით, მიზანი უნდა იყოს ამ მდგომარეობების მართვის ისეთი ჯანსაღი გზების განვითარება, რომლებიც მავნე ნივთიერებებს არ საჭიროებს.

წყარო

იხილეთ ასევე: