საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციები სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს - ქუჩებში სკოლის მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლები და მშობლებიც გამოვიდნენ. Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი რამდენიმე ქალაქში გამოიყენა, მათ შორის, პარიზში, სტრასბურგში, რენსა და ტულუზაში.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ათობით ქალაქში გამართულ აქციებში 250 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორების თქმით კი, მონაწილეთა რაოდენობამ 450 000-ს მიაღწია. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ კანონმდებლებს აცნობა, რომ შეტაკებების შედეგად სულ მცირე 215 მოზარდი და სკოლის პერსონალის 85 წარმომადგენელი დაშავდა. პრემიერის ოფისმა ასევე განაცხადა, რომ დაშავდა 700-ზე მეტი პოლიციელი.

BFM იუწყება, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამშაბათს საგანგებო შეხვედრაზე ლეკორნიუ და სხვა მაღალი რანგის მინისტრები მიიწვია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები საფრანგეთში მიგრაციის უკონტროლო პროცესის დასტურია.
ადგილობრივი მედიების ცნობით, მოსწავლეები სკოლებთან საპროტესტო აქციებს უკვე ერთ კვირაზე მეტია მართავენ. ისინი სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ. საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 85 პროცენტი არასრულწლოვანია.

მოსწავლეები აცხადებენ, რომ სკოლებში მასწავლებელთა სიმცირესთან ერთად პრობლემას ისიც წარმოადგენს, პედაგოგები ხშირად აცდენენ გაკვეთილებს და არავინ ცდილობს ეს პრობლემები მოაგვაროს.
"ზოგჯერ გვყავს მასწავლებლები, რომლებიც რამდენიმე კვირით არ ცხადდებიან სამსახურში და მათ არავინ ანაცვლებს, ან ზაფხულში შენობაში აუტანელი სიცხეა. თუმცა, გვესმის, რომ სხვებს ჩვენზე გაცილებით რთული მდგომარეობა აქვთ. ზოგიერთ სკოლაში არ არის ზედამხედველი, ექთანი ან ფსიქოლოგი. სხვებში კი არ მუშაობს საპირფარეშოები, ინგრევა ჭერი... ან საკლასო ოთახები იტბორება და ელექტროენერგია ითიშება“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ასევე იხილეთ: