ავტორი:

პატიმარი კრისტა პაიკი ორი სასიკვდილო ინიექციის შემდეგ, გონს მოვიდა და ლაპარაკობს - ადვოკატები უპრეცედენტო საქმის ახალ დეტალებს ასაჯაროებენ

პატიმარი კრისტა პაიკი ორი სასიკვდილო ინიექციის შემდეგ, გონს მოვიდა და ლაპარაკობს - ადვოკატები უპრეცედენტო საქმის ახალ დეტალებს ასაჯაროებენ

აშშ-ში, ტენესის შტატში, სიკვდილმისჯილი 50 წლის კრისტა პაიკი, რომელსაც გასულ კვირას სასიკვდილო ორი ინიექცია გაუკეთეს, თუმცა გადარჩა, ამჯერად გონს მოვიდა და ლაპარაკობს. ექსპერტები და იურისტები აცხადებენ, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი მედიცინის ისტორიაში სრულიად უპრეცედენტოა.

მედიის ინფორმაციით კრისტა პაიკი საავადმყოფოს კრიტიკულ განყოფილებაში ამ დრომდე რჩება, სადაც მას სამედიცინო დახმარება უტარდება. ადვოკატების განცხადებით, პაიკი გასულ კვირას განხორციელებული სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ცნობიერია და საუბრობს.

სანამ მედიკოსები მის ორგანიზმს შეყვანილი ქიმიური ნივთიერებისგან წმენდნენ. იურისტების თქმით, მისი მდგომარეობის პროგნოზი ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა მას ხანგრძლივი გამოჯანმრთელების პროცესი ელის.

ფორდჰემის სამართლის სკოლის კრიმინოლოგისა და პროფესორის, დებორა დენოს განცხადებით, ის შოკირებულია იმ ფაქტით, რომ პაიკი გონზე მოვიდა და საუბარი შეუძლია. მისი განმარტებით, აშშ-ის ისტორიაში ყოფილა 7 შემთხვევა, როდესაც პატიმარი სიკვდილით დასჯას გადაურჩა, თუმცა ყველა იმ შემთხვევაში ჯალათებმა ვენაში ტოქსინის შეყვანა საერთოდ ვერ შეძლეს.

პაიკი ერთადერთი ადამიანია, რომლის ორგანიზმშიც შხამიანი ნივთიერება შევიდა და მაინც გადარჩა.

  • რატომ ვერ მოკლა პატიმარი პენტობარბიტალმა?

ადვოკატების კონსულტანტმა, ანესთეზიოლოგმა ჯოელ ზივოტმა აღნიშნა, რომ სასიკვდილო ინიექციის შემდეგ გადარჩენის შანსი უკიდურესად დაბალია. მისი თქმით, ორგანიზმში შეყვანილი პენტობარბიტალის ორი დოზა სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ მას სიკვდილი გამოეწვია.

ექიმის განმარტებით, სავარაუდო ახსნა ის არის, რომ პენტობარბიტალი სისხლძარღვში პირდაპირ შესვლის ნაცვლად, კანქვეშა ქსოვილებში გავრცელდა. გარდა ამისა, არსებობს ტვინის დაზიანების სერიოზული რისკი რეანიმაციის დაგვიანების გამო. იურისტები ადრეც აფრთხილებდნენ სასამართლოს, რომ პაიკის სამედიცინო ისტორია, მათ შორის თრომბოციტოზი და ვიწრო ვენები, ინიექციისას გაუსაძლის ტკივილს გამოიწვევდა. ამჟამად პატიმარს მკლავების მძიმე დაზიანება აღენიშნება.

მომხდარი სკანდალის ფონზე, ტენესის შტატის გუბერნატორმა ბილ ლიმ წლის ბოლომდე ყველა სიკვდილით დასჯა შეაჩერა, ხოლო შტატის ციხეების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გადადგომის შესახებ განაცხადა.

ცნობისთვის, კრისტა პაიკი 18 წლის იყო, როდესაც თავის მაშინდელ შეყვარებულთან, თადარილ შიპთან ერთად, 19 წლის კოლინ სლემერს ფიზიკურად გაუსწორდა, აწამა და მოკლა.

წყარო

იხილეთ ასევე: