აშშ-ში, ტენესის შტატის ციხეში, 50 წლის სიკვდილმისჯილი კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯის პროცესი შოკისმომგვრელი სცენარით განვითარდა. მოწმეთა ცნობით, სასიკვდილო ინიექციის შეყვანის შემდეგ პატიმარი იცინოდა, ბუდისტურ სიმღერას მღეროდა, ხოლო მოგვიანებით ღრმად ჩაეძინა და ხვრინვა დაიწყო.

1995 წელს თანაკურსელის სასტიკი მკვლელობისთვის სიკვდილმისჯილ კრისტა პაიკს სასიკვდილო ინიექცია ოთხშაბათს, საღამოს 19:27 საათზე შეუყვანეს. ჟურნალისტ უილიამ პაკეტის თქმით, რომელიც პროცესს სპეციალური სათვალთვალო ოთახიდან ადევნებდა თვალს, ინიექციის შეყვანის შემდეგ პატიმარი გონზე იყო და მოულოდნელად ხანგრძლივი, სიხარულით სავსე სიცილი დაიწყო.
მანამდე კი პაიკმა ბუდისტური მედიტაციის ტექსტის მღერა დაიწყო: “იყავი კეთილი და ნაზი საკუთარი თავის მიმართ და იყოს მშვიდობა შენთან“.

დაახლოებით 19:41 საათზე ტენესის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პერსონალმა სათვალთვალო ფანჯარასთან ქვა დადო, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მედიკამენტი სრულად იყო შეყვანილი. 19:44 საათზე პატიმარი თავის სულიერ მოძღვარს ესაუბრა, ხოლო 19:46 საათზე ფარდა დაეშვა, რაც, როგორც წესი, პროცედურის დასრულებას ნიშნავს.
თუმცა, პროცესი ამით არ დასრულებულა. ფარდის დაშვების შემდეგ სათვალთვალო ოთახში მყოფთათვის მკაფიოდ გაისმა ღრმა ხვრინვის ხმა.
“ეს იყო ღრმა, ხანგრძლივი ხვრინვა, თითქოს მოხუც კაცს ეძინა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მას თავის ცხოვრებაში საუკეთესოდ ეძინა“, - იხსენებს მოწმე უილიამ პაკეტი.

სამი წუთის შემდეგ ფარდა კვლავ აიწია და ჯალათებმა მას მედიკამენტის მეორე დოზა შეიყვანეს. ოთხი წუთის შემდეგ პაიკის სხეული მკვეთრად შეირხა და მან ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. 20:01 საათზე ქვა კვლავ განათავსეს ფანჯარასთან, ხოლო 20:05 საათზე ფარდა მეორედ დაეშვა.
მიუხედავად მეორე დოზისა, პატიმარი ხვრინვას კიდევ 50 წუთის განმავლობაში განაგრძობდა. ფარდის მიღმა გაურკვევლობა სუფევდა - ექიმები და ადვოკატები საკანსა და დერეფანს შორის მოძრაობდნენ. 20:53 საათზე მედიის წარმომადგენლები დარბაზიდან გაიყვანეს, თუმცა პაიკი კვლავ ცოცხალი იყო და სუნთქავდა.
საბოლოოდ, კრისტა პაიკი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარეს. ადვოკატების თქმით, შეყვანილი მედიკამენტების გამო პატიმარმა სავარაუდოდ ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო.
იხილეთ ასევე: