ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლი, გიზას დიდი სფინქსი, შესაძლოა მილიონობით წლის წინანდელ საიდუმლოს მალავდეს. მეცნიერებმა სფინქსის ასაშენებლად გამოყენებულ ქანებში ნიანგის აქამდე უცნობი სახეობის ნამარხი აღმოაჩინეს.

ნამარხი ჩრდილოეთ ეგვიპტეში, მოკატამის ფორმაციაში აღმოაჩინეს. ნამარხი დაახლოებით 54 მილიონი წლისაა. ახალ სახეობას Herugavialis cairensis უწოდეს. სახელი ძველი ეგვიპტური ღმერთის, ჰერუს, პატივსაცემად შეარჩიეს.
ნამარხი სინამდვილეში ახალი აღმოჩენა არ არის. მისი თავის ქალა მეცნიერებმა ჯერ კიდევ 1920-იან წლებში იპოვეს, თუმცა მაშინ შეცდომით მიიჩნიეს, რომ ის უკვე ცნობილი სახეობის ნიანგს ეკუთვნოდა.

წლების შემდეგ მკვლევრებმა თავის ქალა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ხელახლა შეისწავლეს. მათ კომპიუტერული ტომოგრაფიაც გამოიყენეს და აღმოაჩინეს, რომ აგებულება სხვა ნიანგებისგან განსხვავდებოდა. საბოლოოდ დადგინდა, რომ ნამარხი ნიანგის სრულიად ახალ სახეობას ეკუთვნოდა. კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.
Herugavialis cairensis გავიალების ოჯახის წარმომადგენელი იყო. ამ ჯგუფის ნიანგებს გრძელი და ვიწრო დინგი აქვთ. მეცნიერების ვარაუდით, ახალი სახეობა ძირითადად თევზით იკვებებოდა.

სწორედ ამიტომ მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ნამარხები სფინქსის ქვებშიც არის. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და ამის დასადასტურებლად ძეგლის დაზიანება, რა თქმა უნდა, არ იგეგმება.
დღეს გავიალების მხოლოდ ორი ცოცხალი სახეობაა ცნობილი და ისინი ძირითადად ინდოეთის სუბკონტინენტისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მტკნარ წყლებში გვხვდებიან. თუმცა მილიონობით წლის წინ მათი გავრცელების არეალი გაცილებით დიდი იყო.
მეცნიერების ინფორმაციით, ბოლო 50 მილიონი წლის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ნიანგების რამდენიმე სახეობა ცხოვრობდა. მათი რაოდენობა და გავრცელება დროთა განმავლობაში იცვლებოდა, რასაც კლიმატის, ტემპერატურისა და ზღვის დონის ცვლილებები განაპირობებდა.
იხილეთ ასევე: