ადამიანის აქტივობის მკვეთრმა ზრდამ ჰიმალაის რეგიონში მობინადრე ულამაზესი ფრინველისთვის - ჰიმალაური მონალისთვის კომუნიკაციის წესები შეცვალა. ინდოელი მკვლევრების მიერ ჩატარებულმა ორმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ტურიზმი და ინფრასტრუქტურის გაფართოება ფრინველის ბუნებრივ ჰაბიტატს ამცირებს, ხოლო ტრაფიკის ხმაური მას იძულებულს ხდის, ხმის სიხშირესა და ძახილის ხანგრძლივობაში ცვლილებები შეიტანოს.
მამალ მონალს აქვს თვალისმომჭრელი მწვანე, ლურჯი და სპილენძისფერი ბუმბული. ის ინდოეთის უტარაკჰანდის შტატის ოფიციალური ფრინველი და ნეპალის ეროვნული სიმბოლოა.
უტარაკჰანდელმა მკვლევრებმა ხუთწლიანი დაკვირვების შედეგად გამოავლინეს ის ძირითადი საფრთხეები, რომლებიც ამ ფრინველს ემუქრება. პირველმა კვლევამ აჩვენა, რომ ინფრასტრუქტურის გაფართოება და ტურიზმი ავიწროებს მონალის ბუნებრივ არეალს.
კვლევის ხელმძღვანელის, დოქტორი რაჯივ ლოჩანის თქმით, მონალი სეზონურად დაბალ მთიან ზონასა და მაღალალპურ ზონებს შორის გადაადგილდება , რაც მას ჩრდილო-დასავლეთ ჰიმალაის ეკოსისტემის ჯანმრთელობის მთავარ ინდიკატორად აქცევს. თუ ეს სახეობა პრობლემებს აწყდება, დიდია ალბათობა, რომ ეკოლოგიური დარღვევები სხვა ფრინველებზეც უარყოფითად მოქმედებდეს.
სწრაფმა ურბანიზაციამ კი რეგიონი კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა. მეცნიერთა პროგნოზით, კლიმატის ცვლილებასთან ერთად, 2100 წლისთვის მონალის ჰაბიტატი კიდევ უფრო შემცირდება და შესაძლოა გაქრობა დაემუქროს.
მეორე კვლევა, რომელიც რაჯივ ლოჩანმა, დინეშ კუმარ შარმამ და ანანდ კუმარმა ჩაატარეს, ფრინველის ქცევით ცვლილებებზე ამახვილებს ყურადღებას. მკვლევრები კედარნატის ნაკრძალის ორ განსხვავებულ ხეობას დააკვირდნენ.
2023 წლის აპრილიდან ერთი წლის განმავლობაში ჩაწერილი 700-ზე მეტი ძახილის ანალიზმა აჩვენა რომ ხმაურიან გარემოში მყოფი მონალები სტაბილურად გამოსცემდნენ უფრო მაღალი სიხშირის ხმებს, ვიდრე მშვიდ ჰაბიტატში მცხოვრები ფრინველები.
ფრინველები შედარებით მოკლე ხანგრძლივობის ხმოვან სიგნალებს გამოსცემდნენ, რათა ტრანსპორტისა და ტურისტების დაბალსიხშირიანი ხმაური გადაეფარათ.
დოქტორ ლოჩანის განმარტებით, ეს არ არის ევოლუციური ცვლილება, არამედ ქცევითი მოქნილობა თავის გადასარჩენად. აღსანიშნავია, რომ ხმოვანი სიგნალების შეცვლამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს მათ დაწყვილებასა და გამრავლებაზე.
იხილეთ ასევე: