"ქართული ოცნების“ დეპუტატ სალომე ჯინჯოლავას ოჯახის ქონებრივი დეკლარაცია არაერთ უძრავ და მოძრავ ქონებას, საბანკო დანაზოგს, ფასიან ქაღალდებსა და სხვადასხვა წყაროდან მიღებულ შემოსავლებს მოიცავს. ჯამში, თავად სალომე ჯინჯოლავასა და მისი მეუღლის, გოგა გელაშვილის, 2025 წლის შემოსავლები 318 ათას ლარს აჭარბებს. წყვილს 2 შვილი ჰყავს.

სალომე ჯინჯოლავას პარლამენტის წევრის პოზიციაზე გასულ წელს 114 097 ლარის შემოსავალი ჰქონდა. მისი მეუღლის შემოსავალმა კი სხვადასხვა სამსახურსა და საქმიანობაზე ჯამურად 128 990 ლარი შეადგინა. ამასთან, გოგა გელაშვილმა ერთჯერადი იურიდიული მომსახურებიდან დამატებით 75 011 ლარი მიიღო.

სალომე ჯინჯოლავასა და გოგა გელაშვილი წლებია დაოჯახებულები არიან, ჰყავთ ორი ზრდასრული შვილი - ანი და ნიკა გელაშვილები. ისინი ასაკის გამო დეკლარაციაში ვერ მოხვდნენ.
ანი გელაშვილს სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილად საქართველოს პარლამენტია მითითებული. ის დაახლოებით ერთი წლის წინ დაოჯახდა. მისი მეუღლე ავთანდილ კუნჭულიაა.
კუნჭულიას კარიერაში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. იგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 8 ოქტომბერს მოაწერა.
მანამდე ავთანდილ კუნჭულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
სალომე ჯინჯოლავა საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის წევრია და "ქართული ოცნების“ პარტიული სიით არის არჩეული. პარლამენტში მისი უფლებამოსილება 2024 წლის დეკემბერში ცნო.
დეკლარაციის მიხედვით, სალომე ჯინჯოლავას საკუთრებაშია ბათუმში მდებარე 50.8 კვ. მეტრი ფართობის ბინა, რომელიც 2022 წელს 42 500 აშშ დოლარად შეიძინა, ასევე 2023 წელს 12 000 აშშ დოლარად შეძენილი Toyota Camry.
კერძოდ, როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, დეპუტატის მეუღლეს სახელზეა რეგისტრირებული 63 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელშიც 2016 წელს 155 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი; ასევე, თბილისში აქვს სამი კომერციული ფართი, რომლებშიც 2016 და 2024 წლებში ჯამში, 106 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.
გარდა ამისა, პარლამენტის წევრის მეუღლე ფლობს 73,87 კვ.მ. ფართობის არასაცხოვრებელი ფართიც თბილისში, რომელიც 2010 წელს 80 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი; ასევე მის საკუთრებაშია ბაკურიანში მდებარე 5640 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 25%-იანი წილი, რომელიც ადგილმონაცვლეობის შედეგად აქვს მიღებული 2025 წელს.
ამასთან, სალომე ჯინჯოლავას მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული სამი მსუბუქი ავტომობილიც. ესენია: 2014 წელს 4 500 აშშ დოლარად შეძენილი Honda Civic; 2023 წელს 9000 აშშ დოლარად ნაყიდი Jeep Grand Cherokee და 2024 წელს 22 000 აშშ დოლარად შეძენილი Hyunday Santafe.
ზემოთ ჩამოთვლილი ქონების გარდა, პარლამენტის წევრის მეუღლე ფასიან ქაღალდებსაც ფლობს. კერძოდ, 2024-2025 წლებში აქვს შეძენილი NVIDIA Corporation-ის - 21 აქცია, TSLA-ს - 2 აქცია, Taiwan Semiconductor Manufacturing Co.-ის - 1 აქცია, Boeing Company-ის - 1 აქცია, BHP BILLITON LIMITED-ის - 1 აქცია, Technology Sector SPDR-ის - 1 აქცია, S&P 500 ETF-ის - 1 აქცია, Palantir Technologies Inc-ის- 3 აქცია. გააგრძელეთ კითხვა
იხილეთ ასევე: