ციმბირში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქების შედეგად გარდაცვლილი 28 წლის რუსი მეცნიერის, დარია შიპილოვას დედა კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, თითქოს მისი ქალიშვილი ლაბორატორიაში სინჯარის გატეხვის შედეგად დაინფიცირდა. გარდაცვლილის დედა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი სვეტლანა შიპილოვა აცხადებს, რომ სინჯარის გატეხვა შეუძლებელია და რუსეთის ხელისუფლებას შვილის სასიკვდილოდ გაწირვაში ადანაშაულებს.

28 წლის დარია შიპილოვა ირკუტსკის ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტად მუშაობდა, როდესაც იგი ცუდად გახდა და 2 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. იგი რუსეთში ფილტვის ჭირის შედეგად გარდაცვლილ პირველ პაციენტად ითვლება.
მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ მეცნიერს სახიფათო პათოგენის შემცველი სინჯარა ხელიდან გაუვარდა და გაუტყდა. თუმცა, გარდაცვლილის დედამ, სვეტლანა შიპილოვამ რუსულ გამოცემა Glubina-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ამ ვერსიის არ სჯერა, რადგან მსგავსი სინჯარის გატეხვა შეუძლებელია.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სინჯარები იმდენად არის დაცული, რომ მათგან შიგთავსის დაღვრა ან მათი გატეხვა ჰიპოთეტურადაც კი შეუძლებელია.
“მათ უბრალოდ ჩემი შვილი სასიკვდილოდ გაწირეს“, - დასძინა გარდაცვლილი მეცნიერის დედამ.

რუსეთის ოფიციალური პირები ინციდენტთან დაკავშირებით კვლავ დუმილს ინარჩუნებენ. გარდაცვლილ მეცნიერთან კონტაქტში მყოფი ასობით ადამიანი კარანტინში მოათავსეს, ხოლო მოსკოვმა ოფიციალურად მხოლოდ ის დაადასტურა, რომ შიპილოვა “დაუზუსტებელი წარმოშობის პნევმონიით“ გარდაიცვალა.
ექსპერტები უკვე მსჯელობენ იმაზე, ხომ არ იყო შავი ჭირის ის შტამი, რომლითაც ლაბორანტი დაინფიცირდა, მოდიფიცირებული როგორც პოტენციური ბიოლოგიური იარაღი.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ყოფილმა დირექტორმა რობერტ რედფილდმა NewsNation-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ მეცნიერი შავი ჭირის ლაბორატორიაში მუშაობდა და უბედური შემთხვევა მოხდა, არსებობდა მკაცრი პროტოკოლი მისი ანტიბიოტიკებით მკურნალობისთვის.
“თუ შავი ჭირის შტამი, რომელზეც იგი მუშაობდა, მანიპულირებული იყო იმგვარად, რომ ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობა არ ჰქონოდა... ეს ახსნიდა, თუ რატომ ვერ იმოქმედა მედიკამენტებმა“, - აღნიშნა რედფილდმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის განცხადებით, ის არ ფიქრობს რომ მეცნიერი “ბიოლოგიური იარაღით დაიღუპა“. თავის მხრივ, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა ინციდენტის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) შეატყობინა და საერთაშორისო პროტოკოლები დაიცვა, ხოლო მედია შემთხვევის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
იხილეთ ასევე: