“6 ოქტომბერს ადგილობრივმა მედიამ გავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ირკუტსკის ოლქში შავი ჭირისგან მეორე ადამიანი გარდაიცვალა,“ - ამის შესახებ dailymail-ი წერს და ირკუტსკის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსაც დეტალურად მიმოიხილავს.
გამოცემის ცნობით, პანიკა გასულ კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც ციმბირში მდებარე კვლევით ინსტიტუტში ფილტვის შავ ჭირის ბაქტერიასთან სავარაუდო კონტაქტის შემდეგ ლაბორატორიის თანამშრომელი ქალი გარდაიცვალა.

მას შემდეგ, რაც 28 წლის დარია შიპილოვამ სამედიცინო პერსონალს განუცხადა, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში ცოცხალი ბაქტერიის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა, ასობით ადამიანი, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, კარანტინში გადაიყვანეს. თავად ქალი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.

რუსეთი ამტკიცებს, რომ მკვლევარი “დაუზუსტებელი პნევმონიით“ (ფილტვების ანთებით) გარდაიცვალა, თუმცა არსებობს შიში, რომ შიპილოვა შავი ჭირის იმ სავარაუდო ბაქტერიით დაიღუპა, რომელმაც შუა საუკუნეების ევროპაში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.
ახლა, როდესაც რუსული მედიასაშუალებები ირკუტსკის რაიონულ საავადმყოფოში შავი ჭირის სავარაუდო ინფიცირებით მეორე ადამიანის გარდაცვალების შესახებ იუწყებიან, კრემლი დეტალების მიჩქმალვას ცდილობს.

გავრცელებული ინფორმაციით, შავ ჭირზე სტატიები რუსულ ეროვნულ მედიასაშუალებებში, მათ შორის მოსკოვის “მეხუთე არხისა“ და რუსეთის ყოველდღიური გაზეთის, “კომერსანტის“ პლატფორმებიდან უკვე გაუჩინარდა.
დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ, The Insider-მა, 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ ფედერალურმა ტელეარხმა REN TV-მ ასევე წაშალა ხუთივე სტატია, რომელიც ირკუტსკის ოლქში შავი ჭირის გავრცელებას ეხებოდა.
მონღოლეთის საზღვართან ახლოს, ირკუტსკის ოლქის ქალაქ ბაიკალსკის ადმინისტრაციამ 3 ოქტომბერს Telegram-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ქალაქ შელეხოვში ადამიანის შავი ჭირით ინფიცირების დადასტურების შესახებ არაფორმალური ინფორმაციის გამო მცხოვრებლებს მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ რაიონში მოგზაურობისგან.
დამოუკიდებელი ადგილობრივი გამოცემის, “ლუდი ბაიკალას“ (Lyudi Baikala) ცნობით, აღნიშნული პოსტი ორ საათში წაიშალა.

ამავდროულად რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საზოგადოება მხოლოდ ქვეყნის ოფიციალური ჯანდაცვის სააგენტოს, “როსპოტრებნადზორის“ განახლებულ ინფორმაციას უნდა ენდოს.
ინციდენტს გამოეხმაურა თეთრი სახლიც, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით , “ვაშინგტონი აკვირდება შავი ჭირით ინფიცირების შესახებ ცნობებს, თუმცა ეს განგაშის მიზეზი არ არის“.
გასულ ორშაბათს დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ რუსეთს დაავადების აფეთქებასთან გამკლავებაში “დაეხმარება“.
საპასუხოდ, რუსეთის ჯანდაცვის სააგენტომ 6 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, რომ მზადაა, დაეხმაროს აშშ-ს ინფექციური დაავადებების, მაგალითად, წითელას აფეთქებასთან ბრძოლაში.

ამავდროულად, “როსპოტრებნადზორი“ კატეგორიულად უარყოფს რეგიონში შავი ჭირის აფეთქების არსებობას.

შიპილოვა შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც კოლეგებთან ერთად საველე ექსპედიციაში ბურიატეთში, მონღოლეთთან რუსეთის აღმოსავლეთ საზღვართან იმყოფებოდა. იგი საავადმყოფოში 29 სექტემბერს გადაიყვანეს და ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე შეაერთეს, თუმცა სამი დღის შემდეგ იგი ირკუტსკის თანამგზავრ ქალაქ შელეხოვში გარდაიცვალა.
ქალს კონტაქტი დაახლოებით 200 ადამიანთან ჰქონდა, რომლებიც ახლა ეპიდემიის საფრთხის გამო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ასევე ცნობილი გახდა, რომ შიპილოვა თავის სამუშაო ადგილზე, ლაბორატორიაში პირადად მუშაობდა Yersinia pestis-თან, ბაქტერიასთან, რომელიც შავ ჭირსა და შუა საუკუნეების “შავ სიკვდილზე“ არის პასუხისმგებელი.
შიპილოვას გარდაცვალებისთანავე, რუსეთის მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმი ანა პოპოვა პირადად ჩაფრინდა ირკუტსკში “განსაკუთრებით საშიშ ინფექციაზე“ რეაგირების გასაკონტროლებლად, თუმცა მას საჯაროდ განცხადება არ გაუკეთებია.

ფილტვის შავი ჭირი ფილტვების მძიმე ინფექციას იწვევს, რომლის სიმპტომებია მაღალი სიცხე, ქოშინი და სისხლიანი ხველა. ეს სიმპტომები, როგორც წესი, კონტაქტიდან 3-დან 7 დღემდე პერიოდში იჩენს თავს.
ფილტვის შავი ჭირით სიკვდილიანობა დაახლოებით 17 პროცენტამდე მცირდება, თუ მკურნალობა ინფიცირებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ანტიბიოტიკებით დაიწყება. თუმცა, მკურნალობის გარეშე დაავადება თითქმის ყოველთვის ფატალურად სრულდება.
იხილეთ ასევე: