ავტორი:

"მაინტერესებს რა დავუშავე ამ ხალხს?! იქნებ ჩემი განათლება არ მოსწონთ.. რატომ წარმომაჩინეთ მედიდურ და ქედმაღალ ადამიანად?!" - გიორგი გველესიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს

"მაინტერესებს რა დავუშავე ამ ხალხს?! იქნებ ჩემი განათლება არ მოსწონთ.. რატომ წარმომაჩინეთ მედიდურ და ქედმაღალ ადამიანად?!" - გიორგი გველესიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს. სპორტსმენის თქმით, სურს, გამოეხმაუროს მის ირგვლივ ბოლო დროს "შექმნილ აჟიოტაჟს" და შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

"ამ დღეების განმავლობაში ჩემი მისამართით განხორციელდა უამრავი შეურაცხმყოფელი განცხადება, სიძულვილის ენის მთელი ბუკეტი თავისი ლანძღვა-გინებით, ქილიკით, ღლიცინით, იარალიყების მიკვრით. ამაში ახალი არაფერია ჩემთვის. მე დიდი ხანია თვალ-ყურს ვადევნებ ჩვენს სოციალურ ქსელებს და მედია სივრცეს, რომელიც თავიდან ბოლომდე მოწამლულია და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერის ერთმანეთში გადაკიდებას, ღვარძლის და განხეთქილების კულტივაციას.

არსებობენ ე.წ. აზრის ლიდერები, რომლებიც შენს საკუთარ აზრს დაგიმახინჯებენ, დაგიჩეხავენ ვიდეოს და საზოგადოებას ისე წარუდგენენ და ისეთ იარლიყს მოგაკრავენ, რომელიც შენთან ახლოსაც არ არის. მე მესმის, რომ ისინი ამაში ფულს იღებენ, ეს მათი საქმეა, მაგრამ არა მგონია, ეს კარგი საქმე იყოს. ამ ხალხს აჰყვა ჩვეულებრივი ხალხიც, რომლებიც ზოგი ნახვების გამო, ზოგი უბრალოდ ტრენდს და მოდას აჰყვა. მე მინდა დავუსვა შეკითხვა აი, ამ ხალხს, რომლებიც აი, ამ ყველაფერში ფულს არ იღებენ.

  • მაინტერესებს, რა დავუშავე მათ? იქნებ ვაგინე, იქნებ ვლანძღე სადმე, ჩემი გამოხატვის ფორმები არ მოეწონათ, იქნებ შინაარსში მედავება ვინმე, იქნებ ჩემი, ან განათლება არ მოსწონთ, ან სახე არ მოსწონთ, ან ნებისმიერი მიზეზი შეიძლება მოგიგონ, რის გამოც შეგიძულონ.

მე მესმის, ეს ჩვეულებრივი რამეა, მაგრამ კონკრეტულად მაინტერესებს, პრობლემა რაშია. მე თქვენთვის არც "აკაცუკი" დამიძახებია, არც უსამშობლოს გეძახით და მეტსაც გეტყვით, ამ ყველაფრის გამო, მე არც ჩივილს ვაპირებ და არც არავის დაჯარიმება მსურს, იმიტომ რომ მგონია, დაჯარიმებით ადამიანი არ გამოიცვლება. უბრალოდ, მიზეზი მინდა გავიგო, რამ გამოიწვია თქვენში ასეთი სიძულვილი. იქნებ იმ ფრაზამ გაგაღიზიანათ, რომელიც წამყვანს ვუთხარი, რომ ეს შენთვის ჩინურია-მეთქი. შეიძლება ეს თქვენთვის მართლაც ცუდი მოსასმენი იყო, მაგრამ რატომ არ უშვებთ იმ ვარიანტს, რომ მე და საბას გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ მე შეიძლება მქონდეს იმის უფლება, რომ მას ასე ვუთხრა. იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყო, რომ ეს ამას არც წყენად მიიღებს და არც ქედმაღლურად. ბოლო-ბოლო, ასე რომც მიიღო, ვიდეო მის ხელში იყო და შეეძლო ეს ყველაფერი ამოეჭრა, მაგრამ რადგან არ ამოჭრა, მე მივიჩნევ, რომ ეს მას წყენად არ მიუღია. ყოველი შემთხვევისთვის, ეს ჩვენი გასარკვევია და არა თქვენი.

და რატომ წარმოვაჩინეთ მედიდურ და ქედმაღალ ადამიანად? პრაქტიკულად ყველა ინტერვიუში მე თვითონვე ვამბობ და მე თვითონვე ვაღიარებ, რომ რაც უფრო მეტს ვკითხულობ, მით უფრო ზედაპირულია ჩემი განათლება?

თუ იქნებ წიგნების კითხვა მარტო თქვენი ექსკლუზიური უფლებაა? მე მაინტერესებს, პრობლემა რაშია. უბრალოდ, ამ დროს ამიტომ ვლაპარაკობ, რომ მართლა ვერ გავიგე, რა იყო აქ ან სასაცილო, ან დასაცინი, ან საგინებელი, ან საღლიცინო. რაც შეეხება მედია სივრცეს, მედია სივრცეში ახლა აზრის ლიდერები ავრცელებენ: ამან ფეხბურთელები მოღალატეებად გამოაცხადაო. ხალხო, მანახეთ, სად გამოვაცხადე. თუ არა და, თუ შეიძლება, ბოდიში მოიხადეთ. ამან გაუძლო წნეხს და სხვებმა ვერ გაუძლესო. მე სად ვთქვი, რომ მე გავუძელი წნეხს, ან წნეხი ჩემზე არ იყო და სხვამ ვერ გაუძლო? იყვნენ ადამიანები, რომლებსაც, ფეხბურთელებს ვგულისხმობ, ისედაც სურდათ თავისი პოზიციის დაფიქსირება, მაგრამ იყვნენ ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებსაც ამ ყველაფრიდან აბსტრადირება სურდათ.

  • გველესიანის თქმით, რთულია სპორტსმენმა პოლიტიკურად ნეიტრალური განცხადებების გაკეთება შეძლოს.

"თქვენ ერთი წამი ჩააყენეთ თქვენი თავი ფეხბურთელის მდგომარეობაში, რომელიც შეკრებაზეა ჩამოსული და თამაშისთვის ემზადება, რომელსაც არ სურს, რომ რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ მისი ნებისმიერი განცხადება სათავისოდ გამოიყენოს. ძალიან რთულია ასეთ დროს შეარჩიოს ისეთი სიტყვები, რომლებიც სრულიად ნეიტრალურია. დაწერ, მაგალითად, რომ ჩვენი გზა ევროპაშია. სამთავრობო მედია გეტყვის, რომ კი, ჩვენი გზა ევროპაშია, ღირსებით ევროპაშიაო. ამაზე დაგესხმება თავს ოპოზიციური სოცმედია და გეტყვის, რომ არა, ეს საკმარისი არ არის, უნდა თქვა, რომ "არა რუსულ კანონს", რომ ჩვენ შეიძლება გავიღვიძებთ, რომ ჩვენ ვართ, გავხდებით რუსი ღორები და ასე შემდეგ.

ჰოდა, შესაძლოა, არ გსურდეს ამ ყველაფერში მონაწილეობა და გინდოდეს, რომ იყო განყენებული. მოწმენდილ ცაზე და მზიან დღეს არავინ არ ითხოვს არავისგან არაფერს. მას შემდეგ ორი წელი გავიდა და არავის არც არაფერი მოგითხოვიათ და არც არავის არაფერი დაუწერია. მე მაინც ვერ ვხვდები, თქვენ რაზე აღშფოთდით და რა იყო ტყუილი ჩემს ნათქვამში. მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ ხალხს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განზრახ, მიზანმიმართულად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არაერთგზის შემჩნეული არიან ძირგამომთხრელ საქმიანობაში. იქნებ ენა უნდა მომეჩლიქა და თქვენთვის კუთვნილი სახელი არ დამერქვა, იქნებ დეფინიციურად უნდა განმემარტა, რა არის ქვეყნის ღალატი. თქვენ ღალატობთ ჩვენ ქვეყანას, თქვენ ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ ღალატობთ თქვენს თანაპარტიელებსაც, თქვენ ღალატობთ ყველაფერ წმინდას და თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებიც არც ერთ და არც მეორე პარტიასთან არ ასოცირებენ თავს." - აცხადებს გიორგი გველესიანი საკუთარ ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გველესიანის ინტერვიუმ, რომელიც მან საბა საპანაძეს მისცა, საზოგადოებაში მართლაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ეს იყო მრავალწლიანი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გველესიანის პირველი ვრცელი ინტერვიუ. სპორტსმენმა მაშინ თქვა, რომ "ხალხი რომელიც ფიქრობს, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან, ინფანტილურები არიან."

მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის აპრილში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს სხვადასხვა ძალებისგან გარკვეული წნეხი ჰქონდათ, რომ მხარდამჭერი პოსტები და განცხადებები დაედოთ სოციალურ ქსელში.

კომენტარი სრულად იხილეთ ვიდეოში:

ასევე იხილეთ: