ავტორი:

სასიკვდილო თავდასხმამდე, კაცმა, რომელიც ვეფხვის ვოლიერში გადახტა, ვიდეო გადაიღო - რა ჩანს კადრებში: ახალი დეტალები

სასიკვდილო თავდასხმამდე, კაცმა, რომელიც ვეფხვის ვოლიერში გადახტა, ვიდეო გადაიღო - რა ჩანს კადრებში: ახალი დეტალები

დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ იორკშირის ოლქში მდებარე ველური ბუნების პარკში საზარელი ტრაგედია დატრიალდა. 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ციმბირული ვეფხვის ვოლიერში გადახტა და საკუთარი ტელეფონით გადაიღო, თუ როგორ უახლოვდებოდა 190-კილოგრამიან მტაცებელს. მტაცებლის თავდასხმის შედეგად მიყენებული მძიმე დაზიანებებით იგი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ და მედიამ გაასაჯაროვეს დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა - ის 20 წლის უილიამ ჩეპმენია, რომელიც დონკასტერში ცხოვრობდა და პოლიციის მიერ მოწყვლად პირად იყო დახასიათებული. ინციდენტი შაბათს, იორკშირის ველური ბუნების პარკში (Yorkshire Wildlife Park) მოხდა.

მოწმეთა ცნობით, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ჩეპმენი პარკში “უცნაურად ცეკვავდა“. მოგვიანებით მან ფოტოც კი გადაიღო, სადაც ფონზე ვეფხვი ჩანდა.

ვოლიერში გადახტომამდე ერთ-ერთი დამსწრე ქალი, რომელსაც შვილები ახლდა, თავგანწირულად ცდილობდა ახალგაზრდის შეჩერებას და უკან ქაჩავდა, თუმცა ჩეპმენმა მას ხელი ჰკრა და პირდაპირ მტაცებლის გალიაში გადახტა.

  • ახალგაზრდამ ვოლიერში შეღწევის შემდეგ საკუთარი ტელეფონით ვიდეოს გადაღება დაიწყო. კადრებში ჩანს, თუ როგორ უახლოვდება იგი 5 წლის ციმბირულ ვეფხვს, სახელად “ალთაის“, რომელიც ხის პლატფორმაზე იჯდა.

ვიდეოში ისმის, როგორ სუნთქავს მძიმედ ჩეპმენი, ხოლო დამფრთხალი დამსწრე საზოგადოება მას უკან დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ერთ-ერთი ვიზიტორი ყვიროდა: “სერიოზულად?!“.

მოგვიანებით მამაკაცი ბალახზე დაჯდა, პირისპირ აღმოჩნდა მტაცებელთან, თითს უშორებდა, ფეხებს იქნევდა და ვეფხვს ეუბნებოდა: “შეწყვიტე სიცელქე“. როდესაც 190-კილოგრამიანი ცხოველი მას თავს დაესხა, ახალგაზრდა ყვიროდა: “არა, არა, არა!“ და “გაჩერდი, გაჩერდი, გაჩერდი!“.

ერთ-ერთი ვიზიტორი ორჯერ შეეცადა ყვირილით მტაცებლის ყურადღების გადატანას, თუმცა ვეფხვმა ახალგაზრდას კისერში ჩაავლო კბილები და წაათრია. მოწმეების თქმით, ადგილზე ბევრი სისხლი ჩანდა.

ადგილზე მყოფმა რეინჯერებმა გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს, რის შემდეგაც ვეფხვი თავის საკანში შევიდა და იგი ჩაკეტეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადები ადგილზე 13:30 საათისთვის მივიდნენ, თუმცა ჩეპმენი მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.

ზოოპარკიდან ვიზიტორების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ტრაგედიის ადგილას შავი დამცავი ეკრანები აღიმართა. Yorkshire Wildlife Park-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ვეფხვი “ალთაი“ უსაფრთხოდ არის და მის დაძინებას (ევთანაზიას) არ გეგმავენ.

წყარო

იხილეთ ასევე: