ავტორი:

“ამჟამად, სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემა აღენიშნება მურა დათვის ბელს“ - რას აცხადებს ბათუმის ზოოპარკის ადმინისტრაცია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ცხოველები რთულ პირობებში არიან?

“ამჟამად, სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემა აღენიშნება მურა დათვის ბელს“ - რას აცხადებს ბათუმის ზოოპარკის ადმინისტრაცია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ცხოველები რთულ პირობებში არიან?

სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო და პოსტი, სადაც ბათუმის ზოოპარკში (ზოოკუთხე) არსებული სიტუაცია იყო აღწერილი. პოსტის ავტორი წერდა, რომ ცხოველები ზოოპარკში მძიმე პირობებში არიან.

"შემოვიდა შეტყობინება,რომ ბათუმის ზოოპარკში, ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებიან ცხოველები. თვითმხილველები ამბობენ, რომ იქაურ ბინადართა უმრავლესობა ავადაა და მკურნალობა ესაჭიროება. ასევე, საუბარია ვოლიერებში არსებულ ანტისანიტარიაზე", - წერდა პოსტის ავტორი ლანა შაშიაშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეებმა არაერთი კომენტარი დაწერეს სოციალურ ქსელში და შეშფოთება გამოთქვეს. ბათუმის ზოოპარკში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით Ambebi.GE ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას დაუკავშირდა.

  • როგორც ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ განმარტებებშია აღნიშნული, ვოლიერების დასუფთავება და ცხოველთა მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება, ხოლო ვოლიერების მოდერნიზაციისა და ახალი ზოოპარკის განვითარების სტრატეგიაზე შესაბამის სპეციალისტებთან მუშაობა უკვე დაწყებულია.

- რა სიხშირით უტარდებათ ზოოლოგიური განყოფილების ბინადარ ცხოველებს გეგმური ვეტერინარული შემოწმება? ამჟამად რა სახის დაავადებები ფიქსირდება და რა მკურნალობა უტარდებათ ცხოველებს?

- ზოოლოგიური განყოფილების ბინადარი ცხოველები ყოველდღიურად მოწმდებიან, საჭიროების შემთხვევაში უტარდებათ ვეტერინარული გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა. ამჟამად, სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემა აღენიშნება მურა დათვის ერთ ბელს, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა დაენიშნა. სხვა ცხოველებში დაავადებები არ გამოვლენილა.

- როგორ და რა პერიოდულობით ხორციელდება ვოლიერებისა და გალიების დასუფთავება და დეზინფექცია?

- ვოლიერები და გალიები ყოველდღიურად სუფთავდება, ხოლო ყოველ ორშაბათს გეგმური დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია ტარდება. აღნიშნული ღონისძიებები სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვასა და ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკის შემცირებას ემსახურება.

- რატომ არ არის უზრუნველყოფილი დათვებისთვის ადეკვატური წყლის აუზები? იგეგმება თუ არა ვოლიერების მოდერნიზაცია ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით?

- ბათუმის ბოტანიკურ ბაღს 2026 წლის 21 აპრილს დროებითი მოვლა-პატრონობის მიზნით ორი მურა დათვის ბელი გადაეცა. შესაბამისი ვოლიერისა და მათი გადაყვანისთვის თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო, ბაღმა ბელების დროებით მოვლა-პატრონობა უზრუნველყო. მათთვის მოეწყო დროებითი ვოლიერი წყლის აუზითა და საჭირო ინფრასტრუქტურით, ასევე განისაზღვრა ასაკის შესაბამისი კვების რაციონი. ბაღის ადმინისტრაცია მზად არის, ბელების გადაყვანის შეფერხების შემთხვევაში, ვოლიერის რეკონსტრუქციისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შესაძლებლობა განიხილოს.

- მერიის მიერ ადრე გაჟღერებული გეგმის თანახმად, იგეგმება თუ არა ზოოლოგიური განყოფილების ტერიტორიის რეაბილიტაცია ან ცხოველების უფრო შესაფერის გარემოში გადაყვანა?

- ზოოპარკის გადატანისა და განვითარების საკითხებზე ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 25 სექტემბერს თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ახალი ზოოპარკის განვითარების სტრატეგია, საერთაშორისო სტანდარტები და ცხოველთა კეთილდღეობის თანამედროვე მოთხოვნები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკითხის შემდგომი დამუშავებისთვის შესაბამის სპეციალისტებთან ერთად ტექნიკურ, პროცედურულ და ორგანიზაციულ საკითხებს ადგილზე განიხილავენ.

იხილეთ ასევე: