ავტორი:

"შეცდომისგან არავინაა დაზღვეული... მისი მონათლული ვარ მეც" - რას ამბობს დეკანოზი არჩილ ხაჩიძე ე.წ. მეორედ მონათვლაზე: რა შემთხვევაში ხდება საჭირო ხელახალი რიტუალი

"შეცდომისგან არავინაა დაზღვეული... მისი მონათლული ვარ მეც" -  რას ამბობს დეკანოზი არჩილ ხაჩიძე ე.წ. მეორედ მონათვლაზე: რა შემთხვევაში ხდება საჭირო ხელახალი რიტუალი

ხაშურისა და სურამის ეპარქიის წარმომადგენელმა, დეკანოზმა დავით კაბერაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ მოსახლეობის ნაწილს "მეორედ მონათვლა ესაჭიროება". ამის მიზეზად მან ნაკლოვანებით შესრულებული წმინდა რიტუალი დაასახელა.

  • მღვდლის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება წარსულში პატრიარქმა ილია მეორემ გამოსცა. როგორც მამა დავითი ამბობს, აღმოაჩინეს ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ სურამის ეპარქიაში, წლების წინ მოღვაწე მამა ვახტანგი და მამა მიქაელი ნაკლოვანებით ასრულებდა მონათვლის რიტუალს.

გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა - რას ნიშნავს მეორედ მონათვლა, რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს რიტუალის ხელახლა ჩატარება საჭირო და რა მოხდა რეალურად ხაშურის საკათედრო ტაძარში წლების წინ?

აღნიშნულ საკითხებზე AMBEBI.GE თბილისის ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ არჩილ ხაჩიძეს ესაუბრა.

  • აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარმოშობით ხაშურიდანაა და თავადაც იმ მღვდლის მონათლულია, ვისაც ნათლობის რიტუალის არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებენ.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ხაშურის საკათედრო ტაძარში წლების წინ შესრულებულ ნათლობის რიტუალთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც მამა დავითმა ისაუბრა?

- ეს ეხება ძალიან კარგ სასულიერო პირს, იმ კაცის მონათლული ვარ მეც. მას ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები სიცოცხლის ბოლო წლებში და გარდაიცვალა სიმსივნით. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სიტყვებს ვერ გამოთქვამდა სრულყოფილად, ბუტბუტებდა, ასე რომ ვთქვათ, ამას ვერავინ უარყოფს, რომ შეცდომები შეიძლებოდა მოსვლოდა, მაგრამ რეალურად, ის, რომ უკანონო მღვდელი იყო, ან რამე მსგავსი, ეს იქნება ნამდვილად დამსახურებული ადამიანის სახელის შეურაცხყოფა.

ეს ამბავი მოხდა დაახლოებით 25 წლის წინ. ამ ადამიანმა ძალიან დიდხანს იმსახურა იმ ტაძარში და ეს საკითხი ეხება მისი მსახურების მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელს, როცა ის მძიმედ იყო. ვიდეოში დააფიქსირეს, რომ რომელიღაც რიტუალის დროს მღვდელი ნათლობის ფორმულას არ ამბობს სრულად.

ფორმულა არის ასეთი - სრულად უნდა ითქვას: " ნათელს იღებს ესა და ეს, სახელითა მამისათა, ამინ და ძისათა, ამინ და სულითა წმიდისათა, ამინ". ხაზგასმით ვამბობ - ეს ფორმულა უნდა ითქვას აუცილებლად გამართულად, უწყვეტად, თავიდან ბოლომდე, არანაირი სიტყვა არ უნდა თქვა შუაში.

ეს მღვდელი, მეტყველების პრობლემის გამო, ფორმულას ამბობდა ბუტბუტით და გაურკვევლად. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, მისმა მეგობრებმა მოაგროვეს ერთი მანქანა კასეტები, დიდი საბარგულით ჩამოიტანეს მაშინ საპატრიარქოში ყველა კასეტა და თქვეს, ჩვენი მეგობარი რომ ცოცხალი იყოს, თავად გაგცემდათ პასუხს და აი, ნახეთ, რომ მას უამრავ სხვა შემთხვევაში კარგად აქვს ჩატარებული ეს რიტუალიო.

  • ერთი იყო თუ ორი შემთხვევა, სადაც სრულყოფილად არ თქვა ეს ნათლობის ფორმულა, ამას ახლა სრულად ვერავინ დაადგენს, ამიტომ იყო სწორედ, რომ მაშინ პატრიარქმა ასე ხელაღებით ყველას ნათლობაზე კურთხევა არ მისცა და თქვა, რომ ცალკეული შემთხვევები იყოს სათითაოდ გამოკვლეულიო.

ის ტაძარი ხაშურში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის, იმ პერიოდში იყო ერთადერთი ტაძარი ლამის ნახევარ საქართველოში. თბილისიდან იქამდე ტაძარი არ იყო, იქიდან ქუთაისამდე ტაძარი არ იყო. ანუ ნახევარ საქართველოს ემსახურებოდა და ახლა ვის ახსოვს, რომელმა მღვდელმა მონათლა. იქ სხვა მღვდლებიც მსახურობდნენ. ასე რომ, ასე ხელაღებით თქმა, რომ ამ ტაძარში ვინც მოინათლეთ, ამა და ამ წლებში, თავიდან ხართ მოსანათლი, ამის თქმა არასწორი იქნება.

ვინც ეს ამბავი ატეხა, იმან უნდა იმართლოს თავი, რომ პატიოსან მღვდელს სახელ უტეხს. ადამიანს, უძლურების გამო, შემთხვევით შეცდომა თუ ვინმეს მოსვლია, ამისგან არც ბუღალტერია დაზღვეული, არც მძღოლი, არც მასწავლებელი, არც ექიმი და მათ შორის არც თქვენ - ჟურნალისტები.

- რაც შეეხება ე.წ. მეორედ მონათვლას, თუ არსებობს ამგვარი ცნება ქრისტიანობაში და რა შემთხვევაში ხდება რიტუალის ხელახლა ჩატარება საჭირო?

- მეორედ მონათვლა არ არსებობს. გვაქვს ასეთი უმკაცრესი საეკლესიო კანონი - თუ რომელიმე მღვდელმა იკადროს ვინმეს მეორედ მონათვლა, ამ მღვდელმა, როგორც ქრისტეს მეორედ ჯვარმცმელმა, მღვდლობა დატოვოს სიკვდილამდეო. ერისკაცი თუ ვინმე იყოს და ჩუმად, მოტყუებით სცადოს მეორედ მონათვლა და მოინათლოსო, ასეთი ერისკაცი სიკვდილამდე უზიარებელი იყოსო. ანუ ძალიან მკაცრად უდგება ამ საკითხს ეკლესია. ჩვენი გარდაცვლილი პატრიარქიც ამბობდა, რომ იმდენად დიდი საიდუმლოა ნათლობა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს მიზეზი, რომ ე.წ. მეორედ მონათვლის ნება გაიცესო.

ე.წ. მეორედ მონათვლას ჩვენ რასაც ვეძახით, ეს არის რა - როდესაც დაუზუსტებელია ჩატარდა თუ არა ნათლობა, როცა ვერ დგინდება ეს ფაქტი, მაშინ ტარდება ხელახლა რიტუალი. მაგალითად ვიღაცას ახსოვს, რომ მონათლეს მაგრამ ვერ დასტურდება, ან თუ არ მონათლა მართლმადიდებელმა.

ასეთ დროს თავიდან ბოლომდე ტარდება ნათლობა, თუ რამე ნაკლი ჰქონდა პირველ რიტუალს, არა პირველ, არამედ ერთადერთ ნათლობას, უნდა შეივსოს. ეს კეთდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოუნათლავი არ დარჩეს ადამიანი. და თუ სინამდვილეში ის იყო მონათლული, მაგრამ ჩვენ ეს ჩვენი ადამიანური ძალებით ვერ დავადგინეთ, მაშინ ის პირველი ნათლობა ჩაითვლება ნათლობად. შემთხვევით მეორედ მონათვლად რომ არ ჩაგვეთვალოს შესრულებული რიტუალი, უშუალოდ ნათლობის ფორმულის წინ ვამბობთ: თუ არ არის მონათლული, ღმერთო შენ გაარკვიე, შენ გადაწყვიტე.

აი, მაგალითად კომუნისტების დროს, იყო ასეთი მომენტი, მეზობელმა მეზობელი დაპატიჟა, შენ ხარ ჩემი ბავშვის ნათლიაო და ჩათვალეს რომ ეს იყო ნათლობა, ან სომეხმა მღვდელმა ჩაატარა ნათლობა და გაირკვა, რომ იმ დროს ტაძარში მართლმადიდებელი მღვდელი არ მსახურობდა.

ძალიან მკაცრი კანონებია მეორედ მონათვლასთან დაკავშირებით და ეს გამონაკლისი, ხაზგასმით ვამბობ, კეთდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მაქსიმალურად არის გამოძიებული, მოკვლეული ჩატარდა თუ არა ნათლობა და ეს ვერ დგინდება. ანდაც, არ ტარდება სრულყოფილად ნათლობის რიტუალი.

ასევე იხილეთ: