რატომ არ აკარებენ შვილიშვილს ალეკო თეთრაშვილს

რატომ არ აკარებენ შვილიშვილს ალეკო თეთრაშვილს

ინჟინრების ოჯახში გაიზარდა. მამამისი იმ დროისთვის ყველასთვის საყვარელ ხელოვანებთან მეგობრობდა და მათი სტუმრობა ოჯახში ჩვეული ამბავი იყო. ცნობილზე ცნობილი თამადის შვილმა თამადობის ნიჭი მემკვიდრეობით მიიღო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა მისი ცხოვრების მთავარი ნიჭი. რომანტიკული ბუნების გამო გეოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. რომანტიკულობამ მის სხეულზე კვალი ნამდვილად დატოვა. საბავშვო ბაღში შეყვარებულს კოცნა გაუბედა და მან ხელზე ისე უკბინა, ნაიარევი დღემდე ეტყობა მაჯაზე. მერე ნამდვილი და მთავარი სიყვარული იპოვა. ამბობს, რომ დღეს უფრო უყვარს, ვიდრე შეყვარებულობის პერიოდში. ჩვენი მკითხველი მას "პა-სეანსიდან" იცნობს. ალეკო თეთრაშვილის ცხოვრების გზას გავუყევით და გზადაგზა შეძენილ გამოცდილებებზე ვესაუბრეთ.

- დედაჩემი, მარინა ოტიაშვილი, ოთარაანთ ქვრივივით ქალი იყო, ხმალამოღებული ქომაგი როგორც თავისი, ისე მამაჩემის ნათესაობის. პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოსი გახლდათ. მთელი ცხოვ­რება თავისი პროფესიით მუშაობდა. მამა, სპარტაკ თეთრაშვილი, მსუბუ­ქი მრეწველობის ინჟინერი იყო და სა­ვაჭრო სფეროშიც მუშაობდა, მსუბუქ მრეწველობაშიც. ძალიან განათლებული და ნაკითხი კაცი გახლდათ, ცნობილზე ცნობილი თამადა. იმიტომ არ ვამბობ, რომ მამაჩემი იყო, ასეთ ქართველს იშვიათად შეხვდებით, ტრადიციული და თავისი ქვეყნის მოყვარული გახლდათ.

- თქვენ რომელი მშობლის სამსახურში გიხაროდათ წასვლა?

- მამის. იქ მოქეიფე, ყარაჩოხელი ხალხი მხვდებოდა. თამადობა მამისგან მემკვიდრეობით მერგო (იღიმის).

- რომელი უფრო მკაცრი იყო მშობლებიდან?

- მამა. სადმე წასვლა ან რაიმე განსაკუთრებული სურვილი თუ მქონდა, დედას ვეუბნებოდი. დედა შუამავალი იყო ჩემსა და მამას შორის.

- როგორ გსჯიდნენ, როცა რამეს აშავებდით?

- სანამ პატარა ვიყავი, კუთხეში მაყენებდნენ, რომ წამოვიზარდე, ისეთს არაფერს ვაშავებდი. თან კუთხეში აღარ ვეტეოდი და (იცინის)?!

- მასწავლებლებზეც მინდა ვი­საუბროთ, ყველაზე მეტად რო­მელი პედაგოგი დაგამახსოვრდ­ათ, ვისგანაც ბევრი რამ ისწავლეთ?

- მართლაც საოცარი პედაგოგები მყავდა, მაგრამ მინდა გამოვყო ჯუანშერ ჯურხაძე. პროფესიონალი ისტორიკოსი იყო და საქართველოს ისტორიას მასწავლიდა. ეს ად­ამიანი ზვიად სპასალარს თამაშობს ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმში "დიდოსტატის მარჯვენა". ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი იყო, დიდი ძალის პატრონი, შეყვარებული თავის ქვეყანაზე. ზუსტად იმ პერიოდში მიმდინარეობდა ამ ფილმის გადაღება, როცა ის საქართველოს ისტორიას გვასწავლიდა. პირდაღებულები ვუსმენდით ჯუანშერს, როცა იმ პერიოდის საქართველოზე გვიამბობდა და პარალელურად გადაღებების პერიპეტიებს გვაცნობდა. სირცხვილი იყო, კლასში ვინმეს ოთხიანი მიეღო ამ საგანში, ან არ დასწრებოდა ჯუანშერ მასწავლებლის გაკვეთილს. ნებისმიერი თარიღი, ისტორიული მოვლენა რომ არ გვცოდნოდა, ამის გამო ერთმანეთს დავცინოდით. მამა მეგობრობდა ბატონ ჯუანშერთან, თენგიზ არჩვაძესთან, რომელიც უტას თამაშობს ამ ფილმში. მოკლედ, იმ დროისთვის თუკი ვინმე ცნობილი და საყვარელი მსახიობი, კომპოზიტორი, დრამატურგი, პოეტი იყო, ყველა მამაჩემთან მეგობრობდა. ხელოვანთა გარემოში გაზრდაც თავისებური გამოცდილება იყო ჩემთვის. მათგან კულტურას ვსწავლობდი, პატივისცემას, ზრდილობას.

- თქვენი უსაქციელობის გამო მშობლები დაუბარებიათ სკოლაში?

- (იცინის) მეამბოხე სული მქონდა, ვერ ვიტანდი უსამართლობას ზოგიერთი ვაიმასწავლებლის მხრიდან და ამას ვაპროტესტებდი, ბავშვები ერთმანეთს ვექომაგებოდით. ეს, რა თქმა უნდა, არ მოსწონდათ ამ ვაიმასწავლებლებს, კლასიდან გვაძევებდნენ და მეორე დღეს მშობელთან ერთად გვიბარებდნენ. მერე შინ დაბრუნებული მშობლები გვკიცხავდნენ, თუმცა არა უსამართლოდ.

- ქუჩის აკადემიაზე რას გვეტყვით?

- ყველამ უნდა იცოდეს, რა ხდება ქუჩაში, თუმცა ახალგაზრდა უსაქმურობას არ უნდა მიეძალოს, არ უნდა გაიხედოს ნარკოტიკისკენ, წამლისკენ, დანისკენ, ხულიგნობისკენ. მთავარია, რაინდული სულით გაიზარდოს ქართველი, იცოდეს ავი და კარგი, იყოს მიმტევებელი, ეკლესიური. პატივისცემით მოეპყრას უცნობს. დღეს ახალგაზრდები ძალიან დაუნდობლად ექცევიან ერთმანეთს.

- თქვენ რა გასწავლათ ქუჩამ?

- ავისა და კარგის, სიკეთისა და ბოროტების გარჩევა, ქალის პატივისცემა. გოგონას გამო ვჩხუბობდით კიდეც, მაგრამ იარაღს არ ვიყენებდით. დღეს რომ მაშინვე დანას წამოავლებენ ხელს, ასე არ იყო ჩვენს დროს. მაშინ იარაღის ხმარება ჩხუბის დროს სირცხვილიც კი იყო. რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ მიჩხუბია, მაგრამ მერე შევრიგებულვარ მოქიშპესთან და დავმეგობრებულვართ კიდეც, ზოგიერთთან დღესაც ვმეგობრობ.

- განსაკუთრებული დარიგება რა გახსენდებათ მშობლებისგან?

- მამა სულ მარიგებდა, რომ სიმართლით მეცხოვრა, მეგობრის პატივისცემა მქონოდა, მოწიწებული ვყოფილიყავი მანდილოსნის მიმართ, თავაზიანი - მოზარდთან, ზრდილობიანი - უფროსთან. კაცი ოჯახის სარკეაო, მეუბნებოდა, ნუ იქნები დაუნდობელი, გებრალებოდეს გაჭირვებული, რაც უნდა უარყოფითი იყოს ადამიანი, ერთი-ორი თვისება მაინც ექნება დადებითი, თუ არა და ნუ განსჯი, ღმერთი თავისას ყველას მიუზღავსო. ვაჟამ თქვა: "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო". მამას ბევრი მტერი ჰყავდა და არ მახსოვს, რომელიმეზე ცუდი ეთქვას, გაელანძღოს. ამაში მაინცდამაინც ვერ დავემსგავსე მას. ვიღაც რომ გამაბრაზებს, უდიერად მომეპყრობა, მიმტევებელი ვარ, მივუტევებ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ბოლოს... მოღალატე და შურიან ადამიანებს რამდენჯერ უნდა აპატიო?!

- სიგარეტს თუ ეწეოდით სკოლის პერიოდში?

- ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ მეექვსე კლასში დავიწყე მოწევა. უფრო სწორად, მაშინ გავსინჯე სიგარეტი. ლოკომოტივის სტადიონზე გავიპარებოდით ბიჭები, მაშინ დინამოს სტადიონი ჯერ კიდევ დაუმთავრებელი იყო და აქოთებულები ვბრუნდებოდით უკან. ერთხელაც გამომიჭირეს მშობლებმა და ისეთი საყვედური მითხრეს, ისე გამაწითლეს, სანამ სკოლა არ დავამთავრე და "გეპეიში" არ ჩავაბარე, სიგარეტი აღარ ჩამიდია პირში. 17-18 წლის ვიყავი, ღვინის სმა და სიგარეტის მოწევა რომ დავიწყე. მამაჩემმა მკითხა, შვილო, ეწევიო? კი-მეთქი, ვუპასუხე. რომელს ეწევიო, მკითხა. ვუთხარი, რომელსაც ვეწეოდი. მომიტანა თვითონ, - ჰოდა, დაჯექი, ერთად მოვწიოთო. პირველად მამასთან ერთად რომ დავარტყი ნაფაზი, ოფლმა დამასხა. მერე უკვე აღარ მიჭირდა. ახლა ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცა მამაჩემი. ამ ასაკში აკრძალვა უკუჩვენებას იძლევა.

- რა პროფესია აირჩიეთ?

- ბუნებით რომანტიკოსი ვარ და გეოლოგიურზე ჩავაბარე პოლიტექნიკურში. ათი წელი პროფესიით ვიმუშავე გეოლოგიურ პარტიაში.

- რა საინტერესოა, რას აკეთებდა ეს პარტია?

- ახლა გეოლოგია თითქმის გა­ნა­დგურებულია საქართველოში. მაშინ გეოლოგიური კვლევა-ძიება მიმდინარეობდა ქვეყანაში. მე ოქროს საძიებო პარტიაში ვმუშაობდი უბნის უფროსად, ბოლნისის რაიონში - კაზრეთში. ხუთი წელი გეოლოგიაში ვიმუშავე, ხუთი წელი - ნავთობში. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ჩემი პირველი ხელფასიც. დაახლოებით 500-600 მანეთი მქონდა ანაზღაურება. პირველი ხელფასი, რა თქმა უნდა, ძმაბიჭებში დავხარჯე. მერე მოვიდა 1989 წელი, ზვიად გამსახურდია, დაიშალა ძველი წყობა და დავბრუნდი "გეპეის" თეატრში, სადაც სტუდენტობის დროს აქტიურ თეატრალურ ცხოვრებას ვეწეოდი.

- იმ პერიოდს უკავშირდება "პა-სეანსის" დაბადებაც, არა?

- "პა-სეანსი" 1992 წელს შეიქმნა. ძალიან ლამაზად მახსენდება ეს წლები. პირველი გადაცემა 13 აპრილს გავიდა ეთერში. გაისად ოცი წელი შესრულდება "პა-სეანსის" დაბადებიდან. ბევრი გასტროლი, კონცერტი გვქონდა. არაერთი გმირი განმისახიერებია. სულ დებილების როლებს კი ვთამაშობდი (იცინის).

- სასიყვარულო გამოცდილებაზეც ვისაუბროთ.

- ოთხი წლის ვიყავი, პირველად რომ შემიყვარდა საბავშვო ბაღში. ჩემი მეზობელი იყო ის გოგონა. ოქროსფერი თმა ჰქონდა, მუქი ლურჯი თვალები და დიდი წითელი ტუჩები. ბიჭებმა ვთქვით, აბა, ვინ აკოცებს პირველიო. ვინ მომასწრებდა, გავვარდი და ვეტაკე. ისე მიკბინა მაჯაზე, ახლაც იარად მაქვს. მას მერე დავივიწყე თამუნა, ეტყობა, ძალიან მეტკინა ხელი (იცინის). იქიდან მოყოლებული ბევრი კარგი გოგო მომწონდა, ცუდი ქალი არასდროს მომწონებია. "თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო". მერე თბილისის სხვა უბანში გადავედი საცხოვრებლად და სხვა უბნელი გოგონები მომწონდა. იყო სიყვარული სკოლაშიც, ინსტიტუტშიც. ბოლოს შევხვდი ნამდვილ სიყვარულს. 18 წლის ვიყავი, ჩემი მომავალი მეუღლე ნანა გიორგაძე რომ გავიცანი. მთელი სტუდენტობის პერიოდი გვიყვარდა ერთმანეთი. დავამთავრე ინსტიტუტი, ავიღე დიპლომი და შევუღლდით.

- ამ წლების გამოცდილებით, როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს მამაკაცი, ქალი რომ მოხიბლოს?

- ეს ჩემი კითხვაა, მე უნდა მეკითხა თქვენთვის (იღიმის).

- მაშინ შეგიბრუნებთ კითხვას, როგორი ქალი არ მოგეწონებათ არასდროს?

- ქალურობა რომ არ აქვს, ისეთი. ქალურობაში ფიზიკურ მხარეს არ ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ქალს ლამაზი ქალური ფორმები აქვს, თვალი ჭამს და თვალი სვამსო, ნათქვამია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. შინაგანი კულტურა, ინტელექტი დიდ როლს თამაშობს. ქალი ის არის, თავს მამაკაცად რომ გაგრძნობინებს, გულს აგიჩქარებს, იმის უფლებას არ მოგცემს, მოუწესრიგებელი იყო. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია ქალურობა, ვიდრე სილამაზე. ლამაზი ქალის ერთადერთი იარაღი მისი სილამაზეა და მეტი არაფერი, ის ადვილად დამარცხდება კონკურენტთან. კეთილგონიერება, გულისხმიერება, კდემამოსილება ნაკლებად არის ლამაზ ქალში.

- სკანდალურ განცხადებას აკე­თებთ.

- რატომ? სულაც არა. ლამაზი ქალის ეტალონები იყვნენ მერილინ მონრო, ვივიენ ლი, არის მონიკა ბელუჩი, მაგრამ მე უფრო ნაზი, ქალური ქალები მომწონდნენ, როგორებიც იყვნენ ფრანგი მსახიობი ანუკ ემე ("ქალი და მამაკაცში" თამაშობს), ჟაკლინ ბისე, მედლინ სტოუნი, ანუ გემრიელი ქალები.

- სიყვარულს როგორ კვებავთ?

- ჩემი და ჩემი მეუღლის თანაცხოვრება ოცდაათ წელზე მეტს ითვლის. სანამ შევუღლდებოდით, სამი წელი შეყვარებულები ვიყავით. ახლა ვფიქრობ, რომ დღეს უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე შეყვარებულობის პერიოდში. ჭკვიანი ხალხი ამბობს, რომ სიყვარულს ყოველთვის მშვენიერი დასაწყისი აქვს და ამიტომ ის ყოველდღე უნდა დაიწყოო. ესაა მთავარი. უხეშად არ უნდა მოეპყრათ ერთმანეთს, არ უნდა შეაჩვიოთ ცუდი სიტყვები, ხმამაღალი ტონი. პატივისცემით უნდა მოექცე საყვარელ ადამიანს, არ უნდა გაახუნო, არ უნდა გააუბრალოო ურთიერთობა. სიყვარულს მოფრთხილება სჭირდება. ვაჟამ თქვა: "ვინა სთქვა ტრფობა ბერდება ან სატრფიალო საგანი".

- თავად რა გამოცდილება გაუზიარეთ შვილებს?

- ისევე გავზარდე ჩემი ორი ვაჟი, როგორც მამა მზრდიდა. ვასწავლე სიკეთისა და ბოროტების, ავისა და კარგის გარჩევა ერთმანეთისგან. ვფიქრობ, რომ წესიერი ბიჭები გავზარდე. იციან მეგობრობაც, სიყვარულიც. უფროსი დაოჯახებულია, პატარა შვილიშვილიც მყავს, ერთი წლის ანა. რომ ვუყურებ, მინდა, ხორცები მოვაჭამო (იცინის). მარტო არ მტოვებენ შვილიშვილთან, თვითონაც რომ დამინახავს, კივის, მოაშორეთ აქედანო.

- ცხოვრებისეულ შეცდომებზე რას მეტყვით? განსაკუთრებით დარდობთ რომელიმეს?

- შეუცდომელი არავინ არის ამ ქვეყანაზე. შეცდომებს გენიოსებიც უშვებენ. ნათქვამია, ჭკვიანები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ბრძენი ადამიანები კი - სხვისაზეო. მე არც ვუნდერკინდი ვარ და არც ბრძენი, მაგრამ არც სულელი გახლავართ. შემიცოდავს კიდეც, მინანია კიდეც. ცხოვრება სწავლაა, ბრძოლაა. ბევრჯერ უკითხავთ, რას შეცვლიდი ცხოვრებაშიო. ალბათ არაფერს არ შევცვლიდი. უბრალოდ, ვიქნებოდი უფრო მიმტევებელი, დამთმობი და ნაკლებად მიმნდობი, რადგან ბევრმა ისარგებლა ჩემი კეთილგანწყობით და გული მატკინა.

- დღეს რას საქმიანობთ?

- "პირველ სტერეოზე" პირდაპირ ეთერში ვუძღვები გადაცემას, სახელწ­ოდებით "თბილისური პაროდიები". შაბათ-კვირის გარდა ყოველ საღამოს შვიდ საათზე გადაცემაში ვიწვევ ცნობილ, საყვარელ ხელოვანებს და მათთან სხვადასხვა საინტერესო თემაზე ვსაუბრობ, ვიხსენებთ კურიოზებს...

- ჩვენთან რომ არ გაიხსენეთ კურიოზი?

- (იცინის) იმდენჯერ გავიხსენე თქვენთან კურიოზი, მრცხვენია კიდეც ერთი და იმავე ამბის მოყოლა. ახალი ამბავი ჯერ არ მაქვს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"