ავტორი:

“არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა“ - ქართული მოდის ახალი ხმა ამერიკაში: SMAK-ი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე წარდგა

“არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა“ - ქართული მოდის ახალი ხმა ამერიკაში: SMAK-ი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე წარდგა

მისი ბრენდის ისტორიაში მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა. დიზაინერმა ნიუ-იორკის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული B2B საგამოფენო სივრციდან მიწვევა მიიღო.

ეს არის მასშტაბური სავაჭრო-საგამოფენო პლატფორმა, სადაც იკრიბებიან კონცეპტუალური დიზაინერები, ბაიერები, სტილისტები და საერთაშორისო პრესა. დიზაინერ მაია სირაძე, იგივე SMAK-ი ამერიკაში თავისი ახალი კოლექციით ჩავიდა და სამშობლოში დიდი შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდა.

ამერიკაში წასვლამდე ambebi.ge-მ მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. დიზაინერი აღნიშნავდა, რომ “განვლილ ცხოვრებას შემოქმედებით ჭრილში თუ გადავხედავთ, ჩემი ნამუშევრები ძირითადად ემოციებზეა დაყრდნობილი. არიან ადამიანები, რომლებიც ინსპირაციას სხვადასხვა გარეგანი წყაროდან იღებენ, მე კი ინსპირაციას საკუთარი თავისგან, საკუთარი შეგრძნებებიდან და ემოციებიდან ვიღებ“.

მოკლედ, მაია სირაძე, რომლის ნამუშევრები სცდება ტრადიციული მოდის საზღვრებს: არც მხოლოდ მაღალი მოდაა და არც ჩვეულებრივი ქეჟუალი და სრულიად განსხვავებული, რაღაც სტანდარტებს მიღმა - მომავლის ხელოვნებაა ამჯერად ამერიკულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. მას წინა ჯერზე, როდესაც ის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე თავისი კოლექციით იყო ჩასული, მეტსახელად "გოგონა მომავლიდან“ შეარქვეს. ახლა კი “ქართული მოდის ახალი ხმა“.

- SMAK-ი, როდესაც ამერიკაში წასვლას და საინტერესო პროექტში ჩართვას გეგმავდით, ალბათ, სხვადასხვანაირი მოლოდინი გქონდათ. როგორ განვითარდა მოვლენები, რა შედეგი მოიტანა ამ ვიზიტმა და რა გაქვთ დღეს სახეზე?

- დიახ, ახლახან ვიყავი წასული - გაიმართა შოურუმები და ასევე იყო ჩვენება პროექტის ფარგლებში, რომლის სახელიც არის “ბლექსი ჯეოინსტაილი“ (Black Sea Geo In Style). ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ-იორკში. “ჯეოინსტაილის“ ორგანიზებით მოხდა ეს ყველაფერი. ორგანიზატორები არიან ქართველ-ამერიკელი გოგოები: ნიანა ეილსტონი და ნინო ვოლტონი. ძალიან კარგი გოგოები არიან და ძალიან გვეხმარებიან ქართველებს. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ზურგს გიმაგრებს საზოგადოება. მათი მადლიერი ვარ. ასევე მადლობა ინვესტიციების სააგენტოს ზუსტად მათი მხარდაჭერით მოვხვდი შოურუმში.

მოკლედ, იქ წარვდექი და წარვადგინე ჩემი საქართველო! მქონდა შოურუმებისთვის განკუთვნილი ცალკე კოლექცია და ცალკე - ჩვენებისთვის.

კარგი უკუკავშირი მივიღე ისეთი, რომ უბრალოდ სიტყვებით ვერ აღვწერ! აი, საზოგადოებამ ხელში ამიტაცა და ისეთ სიმაღლეზე ამიყვანა, ვერც ვიფიქრებდი... ამერიკაში როგორც კი ჩავდივარ - მიუხედავად იმისა, რომ სულ ორჯერ ვარ ნამყოფი - იმდენად თანხვედრაშია ჩემი შემოქმედებითი ენერგია იქაურ გარემოსთან, რომ თითქოს “სმაკის სახლია“ ნიუ-იორკში ჩემთვის, როგორც ოჯახი, ისე ვგრძნობ თავს.

  • კომუნიკაცია უცხოურ ბაზართან

- შევიძინე კარგი კონტაქტები. იმის გამო რომ ცოტა ხნით ვიყავი ჩასული, ადგილზე ყველაფრის მოგვარება ვერ მოხერხდა, მაგრამ შოურუმების მერე ინტერესმა იმატა და ახლა უკვე ონლაინ რეჟიმში, რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ყველაზე სასიამოვნო კი ის იყო, რომ უცხოურმა მედიამ დაწერა ჩემ შესახებ! როცა ამ სტატიებს ვკითხულობდი, სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. კარგი ის არის, რომ თებერვალში უკვე იგეგმება ჩემი ისევ წასვლა, ჩვენება და ასევე მონაწილეობა უზარმაზარ სავაჭრო გამოფენაში (Trade Show).

  • შემოქმედება, როგორც რეალობის სარკე

- კოლექცია, მაგალითად, “შავი ხვრელი“, ერთი შეხედვით, ძალიან მძიმე და სევდიან ემოციას ატარებს, არადა, თვითონ სავსე ხარ პოზიტივით და სიცოცხლის სიყვარულით.

- მართალია. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ სულ ბედნიერებას ვეძებ და ყველა მოცემულობით ვცდილობ სითბოს გამოსხივებას, ახალი ნამუშევრები უზარმაზარ სიმძიმეს გადმოსცემს. ვერც ვხვდები რატომაა ასე...

- ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ბევრი პრობლემა და გამოწვევაა. ასეთ დროს ხელოვანი ნებით თუ უნებლიედ, ამ ყველაფერს იწოვს, რაც შემოქმედებაშიც აისახება. გინდა თუ არა, ასეა.

- შესაძლებელია. მაგალითად, ერთ-ერთ ლუქს აწერია “სტრეინი“ (Strain) - შეზღუდვა, შებოჭვა. გოგო ჯაჭვებით არის გაკოჭილი. ეს არის ადამიანების ხელოვნურად გაკოჭილი ბუნება, როცა ძალით ვზღუდავთ საკუთარ თავს და საზოგადოებას...

ან კიდევ ავიღოთ მეორე ლუქი: ვარდისფერ კოსტიუმში გამოწყობილ გოგოს ქვის ჩანთა უჭირავს. გარედან ძალიან ლამაზად და მყარად დგას მიწაზე, მაგრამ ეს მძიმე ლოდი ნიშნავს იმას, რომ უამრავი გზა გამოიარა, სანამ აქამდე მოვიდოდა. ან იმის თქმა, რატომ იწვის ჯვარი - იმიტომ, რომ რწმენა იწვის და ქრება საზოგადოებაში ბევრი რამ...

- ესაა შემოქმედება და შესაბამისად მოდაც იზიარებს ამას... მერე ავტორიც თუ ზედაპირული არ არის და ფიქრი უყვარს, ამ ყველაფერს ნამუშევრებში გადმოსცემს...

- სხვათა შორის, ზუსტად ამას მეუბნებოდნენ ამერიკელებიც: “ძალიან თანამედროვე ხარ, სხვა სამყარო ხარ, აქ უნდა ცხოვრობდეო“.

- და არ გიფიქრიათ იქ დარჩენაზე?

- ძალიან მინდა, მაგრამ საქართველოდან მოწყვეტაც არ მინდა - აქაურობა მიყვარს, მიუხედავად ყველაფრისა, აქ სახლია. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, წავიდე, ჩემს საქმეში, პროექტებში მივიღო მონაწილეობა და მერე ისევ დავბრუნდე.

ალბათ, ქვეცნობიერად იმის შიშიც მაქვს, რომ შეიძლება იმდენად გამიტაცოს საქმემ და მასშტაბებმა, რომ ვეღარ წამოვიდე. ბაზარი კი იქ უზარმაზარია, რესურსიც არის და თუ შრომობ, წარმატებასაც მალე მიაღწევ. ერთი პატარა ჩასვლით ამხელა “ფიდბექი“ - უკუკავშირი წამოვიღე. სამწუხაროდ, ყველგან ფიზიკურად ვერ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ეს დასაწყისია... ჰო, “შავი ხვრელის“ კოლექციის გაგრძელებად ვიტყვი იმას, რომ მაგაში ერთ-ერთი “ლუქი“ იყო ჩემი და არისტ რომანოზის კოლაბორაციის ნიმუში. განსაკუთრებული აღმოჩნდა.

  • უახლოესი მიზანი და გეგმები

- მთავარი მიზანი თებერვლის ვიზიტია. მიუხედავად იმისა, რომ სიცივე არ მიყვარს, აუცილებლად უნდა მივიღო მონაწილეობა დიდ თრეიდ-შოუებსა და ჩვენებებში. ყოველი ასეთი გასვლა ძალიან ბევრს ნიშნავს - გროვდება სანაცნობო წრე, იზრდება კონტაქტები, ინტერესი. იქ მქონდა საოცარი ფოტოშუტიც ჩვენს ქართველ ფოტოგრაფთან, ზაქარია ჭელიძესთან, ზედ ჰოლსოლზე. გარდა ამისა, უცხოელებმაც გადაიღეს ჩემი კოლექციები.

არ ვიცი, ძალიან სავსე ვარ! მაგრძნობინეს, რომ ვარსებობ. კონკურენცია იქ უზარმაზარია, მართლაც რთულია ვინმე გააკვირვო, მაგრამ როცა შენი ხედვა გაქვს, ყველაფერი გამოდის. უზომოდ მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, ვინც გვერდში დამიდგა და ამ პროექტის განხორციელებაში წვლილი შეიტანა.

  • თებერვლისთვის მზადება დაწყებულია

- კი. ახლა ვმუშაობ იმ კოლექციაზე, რომელიც სავაჭრო სივრცისთვის და ბაიერებისთვის არის განკუთვნილი. თუ ჩემი ბოლო ჩვენება შინაგანი მდგომარეობის და წარმოსახვის გამოხატულება იყო, ახლა უკვე სავაჭრო მიმართულებით მივდივართ, რომ მაღაზიების მფლობელებმა და დაინტერესებულმა პირებმა რეალური ნამუშევრები ნახონ. ყველაფერ კარგს კოსმოსში ვუშვებ და აუცილებლად დამიბრუნდება!

იხილეთ ასევე: