“საფრანგეთში მომხდარი არეულობა ქვეყნის სადაზღვევო სექტორისთვის პროტესტებით გამოწვეული ზარალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც მთავრობა ევროკავშირისგან ცდილობს მიიღოს თანხმობა, რომ ქონების დაზღვევა სავალდებულო გახადოს. კერძოდ საუბარია არეულობის დროს დაზიანებული უძრავი ქონების სავალდებულო დაზღვევაზე,“ - ამის შესახებ Financial Times-ი წერს და ანალიტიკური კომპანია Morningstar DBRS-ის მონაცემებს აზიარებს.
მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათ საღამოსთვის ქუჩები დამშვიდდა, ექსპერტების თქმით, თუ არეულობა გაგრძელდება, ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება.
Morningstar-ის ანალიტიკოსმა მარკოს ალვარესმა განაცხადა, რომ საფრანგეთში არეულობები თანდათან “სტიქიურ უბედურებებს ემსგავსება“ და ახლა უკვე მოსალოდნელია, რომ მსგავსი ინციდენტები, რომლებიც ასეულობით მილიონი ევროს ზარალს იწვევს, ყოველწლიურად განმეორდეს.
საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრის, სერჟ პაპენის წინასწარი შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 3 000-ზე მეტი ბიზნესი დაზიანდა. თავდასხმების სამიზნე ისეთი ლუქს ბრენდების მაღაზიებიც გახდნენ, როგორიცაა Louis Vuitton და Kenzo.
“ეს არ არის საფრანგეთის სახე! მედია მხოლოდ შაბათის პროტესტის ძალადობასა და ნგრევაზე ამახვილებს ყურადღებას. მაგრამ ეს არ არის უმრავლესობა, ეს არ ვართ 'ჩვენ'!“ - ავრცელებს BBC ადგილობრივი მცხოვრების, ელისაბედის შეფასებას. ელისაბედის მეგობარი კი მიიჩნევს, რომ საფრანგეთში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.
“ქვეყანაში ჩნდება კითხვები: ვინ დგას ამ არეულობის უკან? მიუხედავად იმისა, რომ ძარცვის დიდი ნაწილი ოპორტუნისტულ ხასიათს ატარებდა, ძალადობა მკაფიოდ ორგანიზებული და წინასწარ დაგეგმილი ჩანდა,“ - წერს გამოცემა.

ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა იაელ ბრაუნ-პივემ არეულობისა და მისი ორგანიზატორების დასადგენად საპარლამენტო გამოძიების დაწყების ინიციატივა წამოაყენა. ფრანგულმა დაზვერვამ მთავრობა ჯერ კიდევ თვის დასაწყისში გააფრთხილა, რომ სტუდენტურ საპროტესტო აქციებში მემარცხენე ანარქისტული ჯგუფები ჩაერივნენ; მათი სიმბოლო - შავ წრეში ჩასმული ასო A, შენობებზე იყო მიხატული.
ფრანგული მედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს შავებში ჩაცმული ახალგაზრდების ჯგუფები, რომლებიც პოლიციის ავტომობილებს ჩაქუჩებითა და მაჩეტეებით ესხმიან თავს. გაზეთ Le Figaro-ს მიერ გამოქვეყნებული სადაზვერვო ანგარიშის თანახმად, მემარცხენე რადიკალური მოძრაობა La France Insoumise (LFI) 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ძალადობას საარჩევნო სტრატეგიად იყენებს, რასაც LFI კატეგორიულად უარყოფს.
შაბათს ქვეყნის მასშტაბით 3,000-ზე მეტი მაღაზია და ბიზნესობიექტი გაიძარცვა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო მარსელში, სადაც 600-ზე მეტი ობიექტი დაზარალდა. ახალგაზრდები მოპარული ნივთების, მათ შორის ბრენდული სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვას ონლაინ პლატფორმებზე ცდილობდნენ. პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ყველა დამნაშავე მკაცრად დაისჯება.
ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კენეტენმა კი ყურადღება გამახვილა ძალადობის “ტიკტოკიზაციაზე“ - როდესაც არეულობის კადრები ვირუსულად ვრცელდება და ახალგაზრდებზე უარყოფითად მოქმედებს.
სტუდენტური კავშირის FSE-ს წარმომადგენელმა ლიზა კორდამ განაცხადა, რომ სტუდენტური პროტესტი ბუნებრივად დაიწყო და მიმდინარეობს. მისი თქმით, პოლიტიკოსების მხრიდან მანიპულირების შესახებ განცხადებები შეურაცხმყოფელია.
25 წლის ლინამ კი აღნიშნა: “პოლიტიკოსები მხოლოდ განტევების ვაცს ეძებენ და არ ინტერესდებიან პრობლემის სიღრმისეული მიზეზებით. ჩვენ თავს მიტოვებულად და შეშინებულად ვგრძნობთ“.
პოლიტიკური ანალიტიკოსების შეფასებით, შექმნილი ქაოსით ყველაზე დიდ პოლიტიკურ დივიდენდებს მემარჯვენე ლიდერი მარინ ლე პენი იღებს, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში უკვე დაწინაურდა. ლე პენმა ვიდეომიმართვაში მაკრონის მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი ძალადობასა და უძლურებას შორის არის გაჭედილი.
კვლევითი ცენტრ Pew-ს მონაცემებით, საფრანგეთში მოსახლეობის 69% უკმაყოფილოა დემოკრატიის ფუნქციონირებით. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროპაში მოზღვავებული პროტესტები - იტალიაში, პორტუგალიასა თუ ალბანეთში ცხოვრების გაძვირებით, საჯარო სერვისების გაუარესებითა და მომავლის შიშით არის გამოწვეული.
იხილეთ ასევე: