ავტორი:

"მადლობა, რომ შვილად მიმიღე“ - რას წერენ გიორგი ნემსაძის ოჯახის წევრები? - ვეტერანმა ფეხბურთელმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაკარგა მამა

"მადლობა, რომ შვილად მიმიღე“ - რას წერენ გიორგი ნემსაძის ოჯახის წევრები? - ვეტერანმა ფეხბურთელმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაკარგა მამა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფეხბურთელს ოჯახის წევრები და ახლობლები ემოციური წერილებით ემშვიდობებიან. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში ისინი ნემსაძეს სიყვარულით იხსენებენ და მის გარდაცვალებას მძიმე დანაკარგად აფასებენ.

  • გიორგი ნემსაძის მეუღლის, რუსუდან ჩირგაძის ინფორმაციით, პანაშვიდები ხუთშაბათსა და პარასკევს გაიმართება, დაკრძალვა კი შაბათს შედგება.
გიორგი ნემსაძე მეუღლესთან ერთად

გამოსამშვიდობებელი ცერემონიის მისამართია: ვაკე, ატენის ქუჩა №18ბ, მეექვსე სართული.

"ჯერ ძალიან ადრე იყო გია შენი წასვლა! მადლობა, რომ შვილად მიმიღე, მადლობა ყველა სიკეთისთვის, მადლობა მხარში დგომისთვის, მადლობა მზრუნველობისთვის, მადლობა ყოველი წუთისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ. მიყვარხარ, მუდამ მეამაყები, ძალიან მენატრები და ძალიან მენანები…

გემშვიდობები“, - წერს გიორგი ნემსაძის რძალი, მისი შვილის მეუღლე მზიკა მხეიძე.

გიორგი ნემსაძე რძალთან ერთად

  • გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი ძილში გარდაიცვალა, გარდაცვლილი კი პირველად საკუთარმა შვილმა იპოვა. ცნობილია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, გიორგი ნემსაძის მამა გარდაიცვალა.
გიორგი ნემსაძის შვილი და მამა

შვილთან და რძალთან ერთად

გიორგი ნემსაძე ბოლო პერიოდში საქართველოს 18-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ის თბილისის "დინამოში“, ლანჩხუთის "გურიაში“, თბილისის "შევარდენში“, გერმანულ "ჰამბურგში“, თურქულ "ტრაბზონსფორში“, შვეიცარიულ "გრასჰოპერსში“, იტალიურ "რეჯანასა“ და თბილისის "ლოკომოტივში“ თამაშობდა. იყო შოტლანდიური "დანდის“ კაპიტანი. კარიერა კი თბილისის "დინამოში“ დაასრულა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გიორგი ნემსაძეს 1992-2004 წლებში 69 მატჩი აქვს ჩატარებული. ის ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო.