ავტორი:

"ბიოლოგიური დედა და ნათესავები კვიპროსში წავიყვანე, 6 უბედნიერესი დღე ყველამ ერთად გავატარეთ" - რას გვიყვება ბიჭი საქართველოში ნაპოვნ მშობლებზე და როგორ მიიღეს ისინი მისმა აღმზრდელმა დედ-მამამ?

"ბიოლოგიური დედა და ნათესავები კვიპროსში წავიყვანე, 6 უბედნიერესი დღე ყველამ ერთად გავატარეთ" - რას გვიყვება ბიჭი საქართველოში ნაპოვნ მშობლებზე და როგორ მიიღეს ისინი მისმა აღმზრდელმა დედ-მამამ?

Ambebi.ge უკვე კარგაგ ხანია ადევნებს თვალს და აშუქებს კვიპროსზე, გაზრდილი 22 წლის პანაგიოტის სოროკლესის (ბაძაღუა) საოცარ ისტორიას. ეს ამბავი ქართული სამშობიაროების სკანდალური წარსულის კიდევ ერთი ცოცხალი და უტყუარი ამბავია.

ხუთწლიანი რთული, იმედგაცრუებებითა და კითხვებით სავსე ძიება, რომელიც პანაგიოტისმა გაიარა, საბოლოოდ უდიდესი ბედნიერებით დასრულდა: ბიჭმა, რომლის დაბადების მოწმობაც გაყალბებული იყო, ბიოლოგიური მშობლები იპოვა. წელს პანავგიოტმა ბიოლოგიური დედა, ნათესავები კვიპროსში წაიყვანა და ექვსი უბედნიერესი დღე ყველამ ერთად გაატარეს...

"წელს ჩემი ბიოლოგიური დედა ვიპოვე. გალთან ახლოს მდებარე რეგიონიდან არის და დღეს დევნილია. მისი სახელია აზა ბაძაღუა. ძალიან მაინტერესებს მისი ახალგაზრდობის დროინდელი ფოტოების ნახვა. მან მითხრა, რომ ომის შემდეგ მათი სახლი დაიწვა და ამის გამო ოჯახს ძველი ფოტოები აღარ შემორჩა. ვიფიქრე, რომ შესაძლოა, იმ სკოლაში, სადაც ის სწავლობდა, ვინმეს ჰქონდეს მისი ძველი ფოტოები. ის წარმოშობით მარტხაპონიდან არის და იქვე დადიოდა სკოლაში. მოგვიანებით სწავლა ნაბაკევშიც გააგრძელა. 1966 წელს დაიბადა და მარტხაპონის მესამე სკოლაში სწავლობდა. ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ ვინმე დამეხმარება მისი ახალგაზრდობის დროინდელი ფოტოების მოძიებაში. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსურს, უკეთ გავიცნო დედაჩემის წარსული და მისი ცხოვრების ის წლები, რომელთა შესახებაც ბევრი არაფერი ვიცი..." - წერდა სურუკლი სოციალურ ქაელში.

  • პანავგიოტს სურუკლი კვიპროსიდან გვესაუბრა:

- დავიბადე სენაკში, გავიზარდე კვიპროსის ლარნაკის რაიონის ერთ-ერთ სოფელში. დღეს, განვითარების შედეგად, ჩემი სოფელი ქალაქს შეერწყა. პროფესიად სამართალი ავირჩიე. წესით, სწავლა და დიპლომის მიღება გასულ წელს უნდა დამესრულებინა, მაგრამ ავარია შემემთხვა და ამის გამო ერთი წელი შინ გავატარე, რათა გამოვჯანმრთელებულიყავი. ახლა კი სწავლას ვაგრძელებ.

- გვიამბეთ თქვენს აღმზრდელ მშობლებზე...

- არ ვიცი, არსებობს თუ არა სიტყვები, ჩემი აღმზრდელი მშობლები რომ აღვწერო. ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ ბიოლოგიურ მშობლებთან ისეთი კარგი ურთიერთობა არ აქვთ, როგორიც მე მაქვს ჩემს აღმზრდელ მშობლებთან. ამ სახლში არასდროს მიგრძნია თავი უცხოდ და არც არასდროს მიფიქრია, რომ ისინი ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ არიან. როცა ვუყურებ დღევანდელ საზოგადოებას, ვხვდები, რამდენად სწორად აღმზარდეს. როცა თავად გავხდები მშობელი, მინდა, მათ ვგავდე.

- როდის და როგორ გაიგეთ, მათი ბიოლოგიური შვილი რომ არ იყავით?

- ეს ყოველთვის ვიცოდი. ზღაპარივით მიყვებოდნენ. მეუბნებოდნენ, რომ მე სხვამ გამაჩინა, მაგრამ საქართველო ძალიან ღარიბი ქვეყანა იყო და იმ ქალს სურდა, რომ ჩემთვის კარგი მომავალი უზრუნველეყო. ყოველთვის მამხნევებდნენ და უნდოდათ, რომ ჩემი ბიოლოგიური მშობლების მიმართ დადებითი გრძნობები მქონოდა.

- როდის დაიწყეთ ბიოლოგიური მშობლების ძებნა?

- ბიოლოგიური მშობლების ძებნა დაახლოებით 2020-2021 წლებში დავიწყე. თავიდან მამის მხრიდან ნათესავების პოვნასთან საკმაოდ ახლოს ვიყავი. თითქმის სამი წელი დავხარჯე ამ მიმართულებით ძიებაში, ვიდრე არ მივხვდი, რომ მამაჩემი სიჭინავების გვარიდან მოდის, მაგრამ რატომღაც სხვა გვარი აქვს. არ ვიცი, ეს შვილად აყვანას უკავშირდება, თუ ჩემი დიდი ბებიის ღალატს... შემდეგ გადავწყვიტე, რამდენიმე დნმ-ტესტი მეყიდა და გამეკეთებინა ჩემი იმ ნათესავებისთვის, რომლებიც დედაჩემის მხრიდან იყვნენ დაკავშირებულები ჩემთან. ერთმა ქალმა, რომელიც გალიდან არის წარმოშობით და ავსტრიაში ცხოვრობს, დნმ-ტესტი გაიკეთა. ტესტის მიხედვით, ის ჩემი მეორე ბიძაშვილი აღმოჩნდა. დავუკავშირდი ამ ქალს, რომელმაც თავის დასთან დამაკავშირა, იგი საქართველოში ცხოვრობს. რამდენიმე დღის მიმოწერის შემდეგ გადავწყვიტეთ, მისი ნათესავებისთვისაც გაგვეკეთებინა დნმ-ტესტები. პრობლემა ის იყო, რომ მისი ორივე მშობელი აფხაზეთში ცხოვრობს. მანვე მირჩია, დნმ-ტესტი დედამისისთვის და დედამისის ბიძაშვილისთვის გამეკეთებინა. მითხრა, რომ ჩემი ნათესავების გვარების მიხედვით ფიქრობდა, რომ ჩვენ მისი დედის მხრიდან ვიყავით ნათესავები. მართალი აღმოჩნდა! მისი დედა დედაჩემის პირველი ბიძაშვილი იყო, ხოლო დედამისის ბიძაშვილი, ფაქტობრივად, ჩემი ბიძა გამოდიოდა.

- როგორი იყო ბიოლოგიურ დედასთან პირველი შეხვედრა?

- დედაჩემს 12 და-ძმა ჰყავს. არ ვიცოდი, ამდენი და-ძმიდან რომელი იყო ჩემი ბიოლოგიური დედა. გარდა ამისა, ომის შემდეგ ისინი ყველანი სხვადასხვა ადგილას ცხოვრობენ და ერთმანეთისგან დაშორებულები არიან. თავდაპირველად ერთ ქალს, სალომეს დავუკავშირდი. ჩემი ისტორიით ძალიან დაინტერესდა და აღფრთოვანდა. ის თითქოს ერთ-ერთი დის ქალიშვილი იყო. ჩემი ისტორია დაწვრილებით ავუხსენი და დამარწმუნა, რომ ყველაფერს მოიკვლევდა და შემდეგ შემატყობინებდა. ამ დროს დედაჩემის ნათლია დედაჩემის ისტორიის შესახებ მომიყვა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ სალომე, რომელიც ჩემს ძებნაში მეხმარებოდა, უბრალოდ ნათესავი კი არ იყო, არამედ ჩემი და აღმოჩნდა.

თავიდან დედასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, რადგან ის აფხაზეთში იმყოფებოდა, ჩვენი ძმის საფლავზე. თუ სწორად მახსოვს, მაშინ მიცვალებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი რელიგიური დღე იყო.

მოუთმენლად ველოდი, როდის გაიგებდა დედაჩემი ჩემს არსებობას! მახსოვს, თავიდან ტიროდა და ვერ იჯერებდა, რომ ცოცხალი ვიყავი. მას გარდაცვლილი ვეგონე.

შემატყობინეს, რომ საქართველოში გამგზავრება არ შემეძლო, რადგან ჩემი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელახლა გაიხსნა. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ საქართველოში გამგზავრება ჩემთვის არც ისე უსაფრთხო იქნებოდა. ჩემს საქმეში ჩართული ადამიანები მთავრობაში არიან. მე უკვე ვიპოვე დედაჩემი, ამიტომ არანაირი მიზეზი არ მქონდა, რომ თავი საფრთხეში ჩამეგდო და მათთვის დაკითხვაზე მისვლით საქმე გამეადვილებინა. ვფიქრობ, უბრალოდ უფრო სახიფათოდ ჩანდა იქ გამგზავრება. ამიტომ შევთანხმდით, რომ ისინი ჩამოვიდოდნენ აქ...

პირველ რიგში, დედაჩემს ტელეფონი ვუყიდე, რათა ერთმანეთთან დაკავშირება შეგვძლებოდა.

ამის შემდეგ მან "ფეისბუქის" ანგარიში შექმნა და ასე ყოველდღიურად ვსაუბრობთ. მამაჩემმა დედაჩემისა და ჩემი დისთვის პასპორტების აღების ყველა ხარჯი გადაიხადა, რათა მათ მოგზაურობა შესძლებოდათ. მან ასევე გადაიხადა ავიაბილეთები დედაჩემისთვის, ჩემი დისთვის, დედაჩემის ნათლიისთვის და კიდევ ერთი ქალისთვის, რომელიც თარგმანში გვეხმარებოდა. ისინი ჩემს სახლში დაახლოებით ექვსი დღე დარჩნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დედაჩემი და ჩემი და საქართველოდან წამოვიდნენ. მახსოვს, ძალიან მაინტერესებდა, რამდენი საერთო გვექნებოდა მე და დედაჩემს და რა ისტორიებს მომიყვებოდა ის. მახსოვს, როდესაც პირველად შევხვდით, დედაჩემი ძალიან ტიროდა. თითქმის საერთოდ არ საუბრობდა და იატაკს უყურებდა. თუმცა, ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, ეს შეიცვალა.

ჩემი დაც მახსოვს, როდესაც ჩამოვიდა, წყლის ეშინოდა და ზღვაში შესვლა არ უნდოდა. ამიტომ საცურაო კოსტიუმი ვუყიდეთ და ნელ-ნელა შევიყვანეთ ზღვაში. ახლა კი ზღვა ძალიან უყვარს და სულ იქ უნდა ყოფნა.

- როგორი იყო ერთად გატარებული დღეები?

- აქ ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში დედაჩემმა თავისი ცხოვრების შესახებ ყველაფერი მომიყვა. სწორედ აქ აღვნიშნეთ ჩემი პირველი ნამდვილი დაბადების დღეც. ერთხელ სანაპიროზე გავისეირნეთ და მაშინ გამახსენდა, რომ დედაჩემი ისეთ სახლში ცხოვრობს, სადაც მხოლოდ ერთი ოთახი ეკუთვნის, ხოლო სახლის დანარჩენი ნაწილები საერთო სარგებლობისაა. ვუთხარი, რომ ისეთი ბინა ეპოვა, სადაც მარტო იცხოვრებდა, და მე ყოველთვიურად საჭირო თანხის სხვაობას დავუფარავდი, რათა ღირსეულად ეცხოვრა. მინდა, რამდენადაც შემიძლია, მივცე მას ის ცხოვრება, რომელიც არასდროს ჰქონია.

- როგორ შეხვდნენ თქვენს ბიოლოგიურ ნათესავებს თქვენი აღმზრდელი მშობლები?

- რა თქმა უნდა, კარგად. ისინი ჩვენს სახლში ცხოვრობდნენ. მახსოვს, თავიდანვე დედაჩემმა მითხრა: "ვინც არ უნდა იყოს შენი ბიოლოგიური დედა, მას პატივი ეცი... მადლიერია ჩემი ბიოლოგიური დედის, რადგან სწორედ მისი წყალობით ვყავარ...

ბიოლოგიურ და აღმზრდელ დედებთან ერთად

ასევე მითხრა:

"შენ არ იცი, რა სირთულეები გამოიარა მან, ამიტომ მოუსმინე შენს ბიოლოგიურ დედას და ყველა დანარჩენს ყურადღება არ მიაქციო. მაშინაც კი, თუ მასთან ურთიერთობის გაგრძელება არ მოგინდება, მაინც ლამაზად და პატივისცემით მოექეცი“. მახსოვს ის დღეც, როდესაც ჩემი ბიოლოგიური დედა უკან უნდა დაბრუნებულიყო, აეროპორტში ძალიან ტიროდა. დედაჩემმა ჩაეხუტა და თვითონაც ატირდა, რადგან ძალიან ეცოდებოდა.ჩემმა აღმზრდელმა დედამ ჩემი ბიოლოგიური დედა და დანარჩენებიც წაიყვანა და სურდა, მათთვის ტანსაცმელი ეჩუქებინა სამახსოვროდ.

- რომ გაგვანდოთ, რა გიამბოთ დედამ..

- ბევრი ამბობს, რომ მე და დედა ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ამ მსგავსებას მეც ვხედავ. ჩემი ნათესავები თვლიან, რომ ჩემს ძმას ვგავარ, რომელიც 13 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზოგადად, აზა ძალიან ჩაკეტილი ადამიანია. ისეთია, რომელიც საკუთარ თავს და თავის უფლებებს დაიცავს. ერთადერთი, ვისთანაც საკმაოდ ბევრს საუბრობს, მე და ჩემი და ვართ. როგორც მითხრა, საავადმყოფოში წასასვლელი ფული არ ჰქონდა. ქალმა, რომელიც მშობიარობაში დაეხმარა, უთხრა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ იყო და სენაკიდან თბილისში გადავეყვანე. შემდეგ კი შეატყობინა, - ბავშვი გარდაიცვალაო...

იხილეთ ასევე: