საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ყოფილმა რძალმა სოფო ჩიკვილაძემ საზოგადოებას თავი "სიმართლის დროში" სტუმრობით დაამახსოვრა. მას შემდეგ სოფო პრესაში აღარ გამოჩენილა. ჟურნალისტებს ძირითადად უარით ისტუმრებდა. ერთი კვირის წინ ერთ-ერთ საიტზე შემთხვევით საბავშვო კონკურსი აღმოვაჩინე, რომელშიც ცოტნესა და სოფოს უფროსი შვილი თამარ გამსახურდიაც მონაწილეობდა. ფოტოს ეწერა "თამარ გამსახურდია - ამ კონკურსს გიძღვნი, მამიკო". სწორედ მაშინ გადავწყვიტე, სოფოს შევხმიანებოდი და გამერკვია, როგორ ცხოვრობს გამსახურდიების ყოფილი რძალი. სოფო ჩიკვილაძეს ცოტნესგან ორი შვილი, თამარ და ცოტნე გამსახურდიები ჰყავს.
-სოფო, როგორ ხარ, რას საქმიანობ?
-მადლობა, კარგად ვარ. რაც შეეხება საქმიანობას, "ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ფრთის აქტიური წევრი ვარ. დანარჩენი სერიოზული არაფერი ხდება.
-პოლიტიკაში წასვლა როდის გადაწყვიტე?
-სერიოზულ პოლიტიკაში ჩემი წასვლა სისულელე იქნებოდა. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც უნდა, რაღაც შეცვალოს. ჩვენ ხალხს გარკვეული პრობლემების გადაწყვეტაში ვეხმარებით. თუმცა თავს უფლებას ვერ მივცემ, ამ ყველაფერზე ბევრი ვილაპარაკო. ჩვენ გვყავს თავმჯდომარე, რომელსაც ამ თემაზე უფრო ბევრის თქმა შეუძლია.
-რამდენი ხანია პარტიაში გაწევრიანდი?
-დაახლოებით ორი თვეა. ამ პერიოდში აქციები ჩავატარეთ. ბოლო კობა სუბელიანის გადაყენებას ეხებოდა და აქცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გავმართეთ. მეც ვმონაწილეობდი და ამის ფოტომასალაც არსებობს, შეგიძლიათ, საიტზე ნახოთ. ასევე გვიტარებენ სემინარებს. მოდიან პოლიტიკური ექსპერტები და სხვადასხვა საკითხზე დებატები ეწყობა.
-ეს პარტია რატომ შეარჩიე?
-ჩემი აზრით, ყველაზე ნეიტრალური ოპოზიციური პარტიაა და მათ პოზიციას მეტ-ნაკლებად ვეთანხმები, ისე ხომ არ გავწევრიანდებოდი.
-შენს გადაწყვეტილებას ოჯახი როგორ შეხვდა?
-დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და რაც მინდა, იმას ვაკეთებ. ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემენ, ისევე როგორც მე მათსას. ამიტომ არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ.
-ყოფილი წარმატებული მოდელი ხარ...
-რაღა დროს ჩემი მოდელობაა (იცინის). შეძლებისდაგვარად წარმატებულიც ვარ, რაც შეიძლება, ორი შვილის დედაზე ითქვას. თან საქართველოში მოდელობაზე ცოტა სხვანაირი რეაქცია აქვთ, რასაც ვერ ვხვდები. მოდელების ამოჩემება, მერე მათი გაქილიკება იციან. პოდიუმზე ვერასოდეს გამოვალ, ყელში ამოვიდა. საქართველოში ვერ მეტყვის ვერც ერთი მოდელი, რომ თვეების განმავლობაში ვარჯიშობს და დიეტას იცავს. წელიწადში ორი ჩვენების გამო კი თავს ვერ მოვიკლავ. ანაზღაურებაც არ არის კარგი. გამოხვალ და 50 დოლარს გადაგიხდიან, ანუ სისულელეა.
-პროფესიით ჟურნალისტს, მაგრამ მოდელს "ახალი მემარჯვენეები" როგორ შეგხვდნენ?
-სხვათა შორის, პირველივე დღეს ძალიან კარგად შემხვდა ფიქრია ჩიხრაძე. არ ვიცი, მიცნო თუ არა. თავიდან არ მეგონა, თუ ასეთი გუნდი იქნებოდა. ახალგაზრდებიც ძალიან კარგად მექცევიან.
-შვილებზე მოგვიყევი...
-ბავშვებიც კარგად არიან. თამარი უკვე ბაღში დადის. ცოტნეც უკვე დიდია, ერთი წლის გახდა და სიარულსაც ცდილობს.
-მამამ თუ ნახა პატარა?
-როგორც ვიცი, ფოტოები ნახა. მე ვაპირებ ცოტნეს სანახავად შესვლას, თუ იქიდან ცოცხალი გამოვედი (იცინის). უაზრო ადამიანების ჩარევა ჩემს ცხოვრებაში, რომლებსაც არაფერი ეკითხებათ, უკვე ყელში ამომივიდა და ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვა ყველაფერს.
-ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ადამიანს, რომლისგანაც ორი შვილი გყავს, დღემდე ვერ ივიწყებ...
-სიყვარული უკვე დავიწყებული მაქვს, მაგრამ როგორც ადამიანს, ცოტნეს მართლაც ვერ დავივიწყებ. თქვენც აღნიშნეთ, რომ მისგან ორი შვილი მყავს. ბავშვებს ხომ ვხედავ, მათ ხომ არ გავაქრობ... როცა ბავშვი მამაზე მელაპარაკება, რა თქმა უნდა, მახსენდება.
-არის შანსი, რომ მომავალში ისევ ერთად იყოთ?
-არა მგონია... საერთოდ, წარმოუდგენელი არაფერია, მაგრამ მაინც არა მგონია. თან მე ვიცი, რომ ცოტნეს ცოლი ჰყავს, თუმცა, როცა ცოტნე ციხეშია, მისი ცოლი მოსკოვში ბრძანდება თურმე. ბიზნესს აკეთებს და ყურადღებასაც არ აქცევს. მე რომ ისევ ცოტნეს ცოლი მერქვას, ციხეში მაინც შევიდოდი და მოვინახულებდი. ის ქალი ცოტნეს სახელით დიდ ბიზნესს აკეთებს, ვიღაცასთან დადის, ფულს სთხოვს. მაქსიმალურად ცდილობს, ქმრის გვარი გამოიყენოს, რაც მე არასოდეს გამიკეთებია.
-ცოტნემ იცის, ციხეში მის მონახულებას რომ აპირებ?
-ძალიან ძნელია ადამიანთან ციხეში შესვლა, როცა მასთან ხელი არ გაქვს მოწერილი. როგორც მითხრეს, ეს პროკურატურის გადასაწყვეტია. ვცდილობ, ჯერ წერილი გავუგზავნო და იქიდან თუ ნებართვა მოვიდა და ბატონი ცოტნე დამთანხმდა, საბუთების შეგროვებას დავიწყებ ან წერილობით მივმართავ სასამართლოს. უფლება მაქვს, როგორც მისი შვილების დედა, შევიდე და ვნახო. მოკლედ, ალბათ რაღაცნაირად შევაღწევ.
-ამბობდი, შეიძლება, ცოცხალი ვერ გადავურჩეო...
-(იცინის) ამას ცხელ გულზე ვამბობდი, მაგრამ ვინც ორივეს გვიცნობს, მიხვდება, რომ ნამდვილად არ მომკლავს. შეიძლება მეჩხუბოს, მაგრამ სიკვდილი არ მემუქრება.
-ხომ არ ნანობ "სიმართლის დროში" გაკეთებულ განცხადებებს?
-არ ვნანობ, მაგრამ არის რაღაც-რაღაცები, რაც შეიძლებოდა არ მეთქვა, რადგან ხალხმა ცუდად გაიგო. თუმცა იმ პერიოდში ისეთი მოტივაცია მქონდა, ალბათ მაინც უნდა მეთქვა.
-ქალბატონ მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთან თუ გაქვს ურთიერთობა?
-არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. მეორე ბავშვს მხოლოდ სურათებით იცნობს, მაგრამ ყურადღებას არც პირველ შვილიშვილს აქცევს. მე კარგი, დავაშავე, მაგრამ შვილიშვილებს ხომ მისთვის არაფერი დაუშავებიათ. თამარი კარგად იცნობს ბებიას და ხშირად მეუბნება, მენატრებაო. ერთხელ დედაჩემმა ტელეფონზე დაარეკვინა და ძალიან სასაცილო პასუხი გასცა. ამას შეიძლება, მანანა ცუდად გამოეხმაუროს, მაგრამ მაინც გეტყვით. ტელეფონის მიკროფონი ჩართული იყო და მეც ვუსმენდი, უპასუხა, ძალიან კარგი, თუ გენატრებიო და ტელეფონი გაუთიშა. ოთხი წლის ბავშვს რომ ბებია მაგას ეტყვის, მგონი, სრულ ჭკუაზე არ უნდა იყოს.
-ცოტნესა და დედამისს შორის ბოლო დროს ურთიერთობა ისედაც დაიძაბა...
-ბავშვი არაფერ შუაშია. ცოტნიკო თუ არ ჰყავს ნანახი, თამარს ხომ მაინც იცნობს, კონტაქტი ხომ ჰქონდა... მე არაფერს ვთხოვ, მაგრამ სანამ დრო არის, მაგ საკითხს უნდა მიხედოს. მეტს არაფერს ვიტყვი...
-სოფო, როგორ მიდის შენი პირადი ცხოვრება...
-რაღა დროს ჩემი პირადი ცხოვრებაა. არ მცალია და არც მაქვს სურვილი. ალბათ თავგადასავლებისთვის გავიზარდე კიდეც. ჯერ ერთი, ვერავის ვენდობი და, მეორეც, ჩემს ცხოვრებაში ისეთი არავინ გამოჩენილა, რომ ჭკუა გადამეკეტოს.
-ცოტნეზე ძლიერი არავინ გაგიცვნია?
-სხვათა შორის, კარგად აღნიშნეთ, პიროვნულად მართლა ძლიერია. ჰქონდა თავისი გადახრები, მაგრამ...
-ალბათ ყოფილი მეუღლე ამ ინტერვიუს წაიკითხავს, რას ეტყოდი ჟურნალის ფურცლებიდან?
-ვიცი, რომ ჩემს ყველა ინტერვიუს კითხულობს (იცინის). არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა. ალბათ წერილს რომ მივწერ, ყველაფერს დავწერ. საჯაროდ ვერ ვილაპარაკებ. ისეთი პიკანტური დეტალებია, რომ მარტო მე და მან უნდა ვიცოდეთ და არა მთელმა საზოგადოებამ. რომ წაიკითხავს, მიხვდება... ნამდვილად ვიცი, რომ წერილი მასთან შევა.
-და თვითონ ცოტნეს ნახვაც გინდა...
-მინდა ვნახო და დაველაპარაკო. ამას აუცილებლად გავაკეთებ.
-არ გეშინია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ მასზე გული ისევ მოგიბრუნდეს?
-არა, რაც დრო გადის, გრძნობები უფრო ცივდება. უბრალოდ, მინდა, როგორც ჩემი შვილების მამას, დაველაპარაკო და რაღაც დეტალები გავარკვიო. ამის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ გეტყვით, რომ საზღვარგარეთ ვაპირებ წასვლას და ბავშვების პასპორტებისთვის მამის თანხმობა მჭირდება, უნდა გავაკეთო.
-აბა, პოლიტიკური გეგმები?
-საზღვარგარეთ დარჩენას არ ვაპირებ, ალბათ მაქსიმუმ სამი თვით წავალ. ეს პოლიტიკას ხელს არ შეუშლის.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ყოფილმა რძალმა სოფო ჩიკვილაძემ საზოგადოებას თავი "სიმართლის დროში" სტუმრობით დაამახსოვრა