საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს“ ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გუშინ, 24 ოქტომბერს, დაკრძალეს. ვეტერან ფეხბურთელს სამების საკათედრო ტაძარში გამოემშვიდობნენ. ტაძრიდან მისი ცხედარი ტაშის ფონზე გამოასვენეს.
"არ ვიცი, როგორ უნდა დავიწყო… როგორ უნდა ვილაპარაკო წარსულში ადამიანზე, რომელიც ჩემთვის მთელი სამყარო იყო…მამა, ყველაზე დიდი მადლობა, რაც მინდა გითხრა, ის არის, რომ სწორედ შენ იყავი ჩემი მამა. მადლობა იმ უსაზღვრო სიყვარულისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება მაჩუქე. მადლობა შენი დიდი გულისთვის, შენი სიკეთისთვის, შენი თავმდაბლობისთვის და იმ საოცარი ადამიანობისთვის, რომლითაც ყველას ასე ძალიან უყვარდი. მთელი ცხოვრება ვამაყობდი, რომ გიორგი ნემსაძის შვილი ვიყავი, მაგრამ ამ დღეებში კიდევ უფრო მეტად მივხვდი, რამხელა ადამიანი ყოფილხარ…
თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის იმის დანახვა, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენთვის მთელი სამყარო იყო, ამდენი ადამიანის გულშიც ასეთ დიდ ადგილს იკავებდა. მადლობა, ჩემო საქართველო, რომ მამაჩემი ასე ძალიან გიყვარდათ. თქვენ კიდევ ერთხელ დამანახეთ, როგორი დიდი ადამიანი იყო ჩემი მამა. მამა, შენ მთელი საქართველოს სიყვარული დაიმსახურე, მე კი ყველაზე დიდი ბედნიერება მერგო - შენი შვილი ვყოფილიყავი.შენგან ყველაზე ძვირფასი რამ დამრჩა შენი კეთილი სახელი და რაც მთავარია ჩემი დედიკო და ჩემი ძმები!
გპირდები ამ ყველაფერს მთელი ცხოვრება გავუფრთხილდები. მინდა, დათიმაც იცოდეს, როგორი საოცარი ბაბუა ჰყავდა და როგორი სიყვარულით ახსოვს ის ამდენ ადამიანს. მთელი საქართველო გემშვიდობება, მამა… მე კი ვერასდროს დაგემშვიდობები. მადლობა, რომ ჩემი მამა იყავი. მიყვარხარ უსასრულოდ და მთელი ცხოვრება ვიამაყებ, რომ გიორგი ნემსაძის შვილი ვარ" - წერს გიორგი ნემსაძის შვილი სოციალურ ქსელში.
ასევე იხილეთ: